შოთა იათაშვილი

კაშპიროვსკი და ჩერიომუხა
 
თქვენ ახლა უნდა მოძებნოთ  მოსახერხებელი, უხიფათო პოზა… უნდა იპოვოთ საყრდენი წერტილი და იყოთ შორს ბასრი საგნებისგან, მდუღარე ქვაბებისგან და ჩაიდნებისგან… ბევრი თქვენგანი ახლა დახუჭავს თვალებს… უფრო სწორად, თვალები თითქოსდა თავისით დაიხუჭება, მაგრამ თქვენ არ დაკარგავთ კონტაქტს ჩემთან… თქვენ ამ კონტაქტს ვერც აირიდებთ, იმიტომ რომ მე ახლა შთაგაგონებთ სიტყვებით, მზერით და დუმილითაც კი… ჩვენი სეანსი მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგისკენაა მიმართული, და მე ამაზე აწი უკვე აღარასდროს ვილაპარაკებ… ჩემს დღევანდელ ნალაპარაკევში არ იქნება ზემოქმედების მცდელობა, უბრალოდ ჩემი სიტყვები თქვენ ბუნებრივად მიგმართავთ საკუთარი თავისაკენ ამ სიტუაციაში… იცოდეთ, თქვენ არ ჰგავხართ ერთიმეორეს, და თითოეულ თქვენგანს ახლა ან აქვს რეაქცია, ანდა არა აქვს. და მე არ ვცდილობ, რომ თქვენში გამოვიწვიო რაღაც ფსიქოლოგიური ცვლილება – გამოჯანმრთელების განწყობის შექმნა არ ითხოვს ამას. თუმცა კი, მე არ მსურს შევაჩერო ისინი, ვის მეექვსე გრძნობასაც მოძრაობაში მოჰყავს ორგანოები, ვინც ახლა ნარნარად ამოძრავებს ხელებს, ვისაც ცოტათი უქანავებს ან უტრიალებს თავი, და ვინც ასრულებს რაღაც უწყინარ მოძრაობებს, რომლებიც შეწყდება ჩვენი სეანსის დამთავრებისთანავე… თქვენს შორის იქნება ადამიანთა კატეგორია ძალიან გამძაფრებული წარმოსახვით. ეს ადამიანები დაინახავენ სასიამოვნო სურათებს, და ეს სურათები ძირითადად იქნება პეიზაჟები… იქნება ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ვერაფერს აღიქვამენ და სხედან მკაცრი კრიტიკოსებივით, და იქნებიან ისინი, რომელთაც გაუჩნდებათ გარკვეული ემოციები, ვინც ოდნავ წაისლუკუნებს, ოდნავ, და არა ძალიან… და ვიღაცისთვის ეს ყველაფერი ოდნავ სასაცილო გახდება, მაგრამ ასევე ოდნავ, და არა ძალიან… და საერთოდაც, ყველაფერი, რაც მოხდება, მოხდება ოდნავ და არა ძალიან… 
მამაკაცი კუშტი სახით და დაძაბული მზერით პატარა წითელი ტელევიზორიდან შეჰყურებდა ნიკოლოზს და ასეთ რაღაცებს ეუბნებოდა. დილით, დედამ საჭმელი რომ ამოუტანა, დიდი ხანი ელაპარაკა მასზე და ეხვეწა, რომ საღამოს შვიდი საათისთვის მოსკოვის ცენტრალური არხი ჩაერთო. იქნებ გიშველოს შვილო, იქნებ გიშველოს, შენგან რა მიდის, ჩართე და უყურეო – ეხვეწებოდა დედა. კარგი დედი, ჩავრთავ და ვუყურებო – შეპირდა ნიკოლოზი. ის უკვე მეათე დღე იყო, რაც საავადმყოფოში იწვა. მანამდე რამდენიმეჯერ გაიკეთა ანალიზები და უთხრეს, რომ ჩერიომუხას მსუბუქი მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდა. უთხრეს, რომ ეს არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო, მაგრამ მკურნალობის კურსის გავლა აუცილებელი იყო. მასთან ერთად პალატაში ერთი შუახნის მამაკაცი, დათო იწვა, შედარებით მძიმე დიაგნოზით, ასევე მოწამლული ცხრა აპრილის აქციაზე. ის ახლა, თავის ლოგინზე წამოწოლილი, ნიკოლოზთან ერთად უყურებდა კაშპიროვსკის სეანსს.
თქვენში ახლა უნებურად გაჩნდა სურვილი: თვალი მიადევნოთ, თუ რაში მდგომარეობს ზემოქმედების აქტი, გააანალიზოთ იგი, მოიხელთოთ, დაინახოთ, შეეხოთ… ნუ ეცდებით ამას… მე არ მსურს დავდგე რაღაც პოზაში, თუმცა კი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ახლა ხდება, და რა დონეზეც, ჯერჯერობით გაგებისთვის მიუღწევადია. და თავად, გაგების ფაქტიც არ აჩქარებს და არც ანელებს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას… ჩვენი სეანსის დროს თქვენ გაგიჩნდებათ სხვადასხვა შეგრძნებები, და ნუ შეეწინააღმდეგებით ამ გრძნობებს და აზრებს, მიეცით მათ საშუალება, იდინონ ისე, როგორც მიედინებიან… მიეცით საშუალება, ილივლივონ, მიჰყევით მათ, მოიშორეთ ის წინასწარი განწყობა, რომ ჩვენი სეანსისას შეიძლება გაითიშოთ, დაკარგოთ გონება… მოიშორეთ ეს ფიქრები, ისინი არაა საჭირო ჩვენი მკურნალობისათვის… ჩვენი მკურნალობისათვის სრულიად საკმარისია ის, რომ თქვენ ახლა ზიხართ და მიყურებთ, და წვდებით ან ვერ წვდებით ნათქვამის, თქვენამდე მოტანილის არსს, იმიტომ რომ შეიძლება არც კი თქვა და ისე მოიტანო… ბევრი თქვენგანი უკვე მიეჩვია ჩვენს შეხვედრებს, და უკვე გრძნობს იმას, რასაც ვერ გრძნობდა წინა ჯერზე, გრძნობს ახალი ხარისხით და ნიუანსებით, ან სულაც ამ ახალი ნიუანსების გარეშე… მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, თქვენ სწორად აღიქვამთ ჩვენს შეხვედრებს, და არავითარი ზედმეტი ნიუანსები არ გაჩნდება, თქვენი რეაქცია იქნება წყნარი და თანაბარი, და ძირითადად ის დასრულდება ხოლმე მაშინ, როცა ყველაფერი დასრულდება… 
– რა უნდა ამ ჩემისას? – იკითხა დათომ.
ნიკოლოზმა, რომელიც, როგორც კაშპიროვსკიმ ურჩია, მოხერხებულ პოზაში, ანუ სკამზე იჯდა და ისე უყურებდა ტელევიზორს, მხრები აიჩეჩა. რამდენიმე წამის მერე კი თქვა:
– უნდა გვიშველოს.
– აჰა! – ამოთქვა დათო და ყვერები მოიფხანა.
არაა აუცილებელი, ჩამოვთვალოთ ის უთვალავი ავადმყოფობა, რომელთა შესახებაც თქვენ გაგიგიათ ან შესაძლოა, არც არაფერი გაგიგიათ… ამ ჩამონათვალის მეშვეობით არ ხდება გაჯანსაღება. გაჯანსაღებას სულ სხვა რამ იწვევს… არაა საჭირო, გამოეკიდოთ, ჩაეძიოთ ჩემს ტექსტს – ის ექსპრომტულია… ნუ ეცდებით, იპოვოთ მასში პასუხი იმაზე, თუ რაში მდგომარეობს ზემოქმედება… მე დავითვლი, და როცა დავითვლი, თქვენი მდგომარეობა უფრო ინტენსიური გახდება: ის, ვინც მოდუნებული იქნება, ცოტათი კიდევ უფრო მოდუნდება, ვინც მოძრაობდა, მისი მოძრაობა მიიღებს რაღაცნაირ მუსიკალურ, ჰარმონიულ ხასიათს, ხოლო ის, ვინც უბრალოდ არ ერთვება ყოველივე ამაში და სკეპტიკურია, დარჩეს ასეთი, მე მოხარული ვარ ასეთი დამოკიდებულებისაც, შეგრძნების არქონა შეგრძნებაა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არა აქვს ახლა რაღაც შეგრძნება მაინც… შესაძლოა იყოს სიცილის რეაქციაც, და ის, ვინც ძალიან ხმამაღლა იცინოდა და ასე რეაგირებდა, სადღაც შორს, შესაძლოა კამჩატკაზე, მალევე გაჩუმდება… ყველაფერი კარგია ზომიერად: სიცილი კი არა – გაღიმება, ქვითინი კი არა – მსუბუქი ცრემლი…
– დიდი ხანი უნდა იბაზროს? – იკითხა დათომ.
– აზრზე არა ვარ – უპასუხა ნიკოლოზმა.
– ანუ რა პონტია, ეგ როჟა მოსკოვში ზის და აქ, ჩვენ, 9 აპრილს მოწამლულებს გვმკურნალობს? – გააგრძელა შეკითხვების დასმა დათომ.
– ჰო, დაახლოებით – დაეთანხმა ნიკოლოზი.
– ვა, რა კეთილი ძია ყოფილა – გაიღრიჭა დათო.
ნიკოლოზი დაძაბული იყო. დედამისის ამდენი თხოვნის შემდეგ გარკვეული მოწადინებით მიუჯდა თავის წითელ ტელევიზორს. ამ კაცის მზერამ, მეტყველების მანერამ და ფონად მჟღერმა მუსიკამაც მალევე მონუსხა, დათო კი განწყობილებიდან აგდებდა, ხელს უშლიდა, ბოლომდე შეეგრძნო ეკრანიდან წამოსული სიტყვების არსი. არა მხოლოდ განწყობილებას უფანტავდა, არამედ ამ ადამიანის რწმენასაც ეჭვქვეშ უყენებდა, არადა მაშინვე გაუჩნდა ნდობა, რომ მას მართლა შეეძლო დახმარებოდა, შეეძლო ცოტათი მაინც განედევნა ის შხამი, რომელიც მის ორგანიზმს მოდებოდა.
მილიონობით ადამიანი ახლა, სწორედ ამ წამს საერთო გრძნობებს განვიცდით… ეს ისაა, რაც ძალიან დიდი ხანია გვესაჭიროებოდა… ესაა ერთმანეთისადმი კარგი დამოკიდებულების იდეა. დაე ამ დღეს, როდესაც ჩატარდება ჩვენი სეანსი, არავინ არავის გული არ მოუკლას, არ დაჩაგროს, დაე თუნდაც ერთი დღით გვეყოს მოთმინება და უხეშად არ შევეხოთ ერთიმეორეს, არ დავაბიჯოთ სულზე, არ ვაწყინოთ პატარას, სუსტს, ქალს, ცხოველს…
ნიკოლოზს უცებ შარდის ბუშტი დაებერა, ძალიან მოუნდა მოფსმა. შეიძლება ეს იმ დაძაბულობის გამო მოხდა, რაც დათოს რეპლიკების გამო კიდევ უფრო გაუმძაფრდა. მას ძალიან არ უნდოდა სეანსს მოწყვეტოდა, მაგრამ ფიზიოლოგია თავის კლანჭებს აჩენდა.
შეუძლებელია გონებით მოიცვა ფიქრების, გრძნობების და ემოციების მთელი ის სპექტრი, რომელსაც ახლა ბევრნი განიცდით… თქვენ ახლა საკუთარ თავში აღვივებთ ნიჭს – ვიღაც აღვიძებს პოეტს, ვიღაც ხსნის საკუთარი ცხოვრების რომელიღაც ძალიან დახლართულ კვანძს, ხოლო ვიღაც ახლა იმ დონეზე უტკივარი გახდა, რომ ძალუძს აიტანოს ყველაზე მძაფრი ფიზიკური გაღიზიანებაც კი… ჩვენი სეანსის მიმდინარეობისას მოიხსნება ის მრავალი სიმპტომი, რომლის შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ და არც ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ მათი გადალახვა…
ნიკოლოზი მეტს ვეღარ ითმენდა. წამოდგა და ტუალეტისკენ დაიძრა. საით? – მიაყოლა დათომ, მაგრამ ნიკოლოზმა აღარ უპასუხა. დერეფანში გავიდა და ბოლოსკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით. სწრაფად მიიკეტა კარი, სწრაფადვე მოშარდა და უკან გამოვიდა. პალატაში რომ ბრუნდებოდა, კაშპიროვსკის ხმა გვერდიდან მოესმა. შეყოვნდა, მარცხნივ მიიხედა. მთავარი ექიმის კაბინეტის კარი ოდნავ იყო შეღებული და ხმა იქიდან გამოდიოდა. ნიკოლოზი ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეიჭყიტა. კაბინეტში ათამდე ექიმი იჯდა. ზოგი დივანზე, ზოგი სკამზე. ორს ხალიჩაზეც მოერთხა ფეხი. მთავარი ექიმი თავის სავარძელში მოკალათებულიყო. და ყველანი ტელევიზორს მისჩერებოდნენ.
მე ვხედავ და ვგრძნობ ათასობით გატანჯულ თვალს, რომლებიც ახლა ვედრებით და იმედით უმზერენ ჩემს, ვინ იცის, იქნებ ასევე გატანჯულ თვალებს… მოიშორეთ ყველანაირი ეჭვი და ლოგიკა, თქვენ წინ სასწაული გელით… ის უნდა მოხდეს თქვენს დაავადმყოფებულ, ნაიარევ ორგანიზმში… იცოდეთ, ორგანიზმი ის საგანძურია, რომელსაც ფსკერი არ გააჩნია, ეს ისეთი უძირობა და პოტენციალია, რომ მე ველი თქვენგან სასწაულს… მე შთაგაგონებთ, რომ შეწყდეს ის, რაც ხელს გიშლით ისუნთქოთ, იცხოვროთ, იძინოთ… უნდა გაქრეს ტანჯვა და ტკივილი… უნდა გაქრნენ ის სიმპტომები, რომლებმაც თავი მოგაბეზრეს და ხელს გიშლიან, მაგრამ რომელ წამს დაიწყება ეს პროცესი, ამის მოხელთება შეუძლებელია… თქვენ უბრალოდ მიჰყევით დინებას, დაკმაყოფილდით იმით, რომ ჩვენ ახლა ერთმანეთს თვალებში ვუმზერთ… თუკი ვუმზერთ… მაგრამ თუ თქვენი თვალები დაიხუჭა, და თქვენ დინებას გაჰყვებით, თუ თქვენ უკვე რაღაცას ხართ შერწყმული, და მიუხედავად ამისა მაინც გიჭირავთ ჩვენი კონტაქტის ძაფი, ესეც, ცხადია, მისაღებია… მისაღებია თქვენი ნებისმიერი ვარიანტი, ანდა მისი არარსებობა… ერთი… ორი… სამი… ყველაზე მთავარი აზრია ის, რომ ჩვენს ორგანიზმს ძალუძს ჩაიდინოს სასწაული…
უცებ ტელეფონმა დარეკა. ექიმები შეკრთნენ, ნახევრადგათიშული მდგომარეობიდან გამოვიდნენ, მაგრამ კაშპიროვსკის მოსმენას აგრძელებდნენ, ტელეფონი კი გაუჩერებლად რეკავდა.
– რა დროს ეგ იყო! – თქვა ერთ-ერთმა.
– აიღეთ! – ბრძანა მთავარმა ექიმმა.
შუახნის წითელთმიანმა ქალი, რომელიც ტელეფონთან ყველაზე ახლოს იყო, ყურმილს დასწვდა.
– გისმენთ!.. ბატონო ვალერიან, თქვენ გთხოვენ!
– რა უნდათ, ჰკითხე! – უბრძანა მთავარმა ექიმმა.
– რასთან დაკავშირებით რეკავთ?.. აჰა, გასაგებია… ერთი წუთით, მოითმინეთ… – წითელთმიანმა ქალმა ყურმილს ხელისგული დააფარა და ბატონ ვალერიანს უთხრა: ჟურნალისტია. ისევ ცხრა აპრილის თემაზე. ავადმყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ.
– არაა საშველი… უთხარი, ნახევარ საათში დარეკონ!
– კეთილი, ბატონო…
და არაა მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც სადღაც კურილიის კუნძულებზეა, ან რომელიღაც სხვა მოშორებულ ადგილას, ან შესაძლოა სულაც ჩვენს გვერდით, ერთი კვარტლის მიღმა, ნაცნობი თუ უცნობი, ახლობელი თუ  უცხო ადამიანი… – განაგრძობდა კაშპიროვსკი.
ნიკოლოზი მოშორდა შეღებულ კარს და თავისი პალატისკენ დაიძრა. სანამ კარს შეაღებდა, დერეფნის მეორე ბოლოში, იქ, სადაც ფოიე იყო, თვალი მოჰკრა, რომ პაციენტები მოგროვილიყვნენ. ტელემკურნალის მოგუდული ხმა იქიდანაც ისმოდა ჩუმად. ეტყობა ვიღაცამ ფოიეში გამოიტანა ტელევიზორიო – დაასკვნა ნიკოლოზმა და კარი შეაღო.
– სად დაიკარგე? – ატაკა მაშინვე დათომ – არ გინდა გამოჯანმრთელდე?
ნიკოლოზმა არაფერი უპასუხა, ისე ჩამოჯდა კვლავ თავის სკამზე.
– აბა ამ ექიმების იმედზე გინდა იყო, ხომ? – არ ეშვებოდა დათო.
– კაი, ჰო! – აუქნია ხელი ნიკოლოზმა და ეკრანს მიაჩერდა.
ბევრ თქვენგანს ახლა გაუქრება კუჭ-ნაწლავის ჩხვლეტები, იმათ, ვინც ცოტა ხნის წინ გორავდა იატაკზე, გათეთრებული სახით და კბილების კრაჭუნით, შეუწყდებათ ეს ტკივილი და აი, ამ წამს, ათასობით ქალი, რომლებიც ახლა, საკაცით საოპერაციოში მიჰყავთ, სადაც მათ უნდა დაეწყოთ მშობიარობები, ყვირილის გარეშე, დაკვნეტილი ტუჩების გარეშე ამ სამყაროში გააჩენენ ახალ ადამიანებს, და მე ვერ გავიგონებ მადლიერების სიტყვებს, მაგრამ მე ვიცი, რომ ახლა, მოცემულ წამს, ეს უკვე ხდება… მე შთაგაგონებთ – ერთი! – განაგრძეთ თვლა! – ორი… და თქვენ სულ უფრო და უფრო დაიმუხტებით, რათა თქვენმა თვითრეგულაციამ მიაღწიოს გენიალურობის უმაღლეს ხარისხს, და იმუშაოს ძალიან მაღალ დონეზე… სამი… ოთხი… ხუთი… ექვსი… შვიდი… რვა… და ვერაფერ ცუდის პოვნას თქვენ ვერ შეძლებთ ვერც ჩემს სიტყვებში, ვერც ჩემი სახის გამომეტყველებაში, რომელიც არანაირად არაა მოცინარი, იმიტომ რომ შესაძლოა, ჭრილობები ჯერ კიდევ დაგვცინიან ჩვენ, ყველას, მაგრამ ჩვენ დავიწყებთ სიცილს მაშინ, როცა ვეღარ დავინახავთ ხეიბრებს, ვეღარ დავინახავთ განაწყენებულ პატარა, სუსტ, ავადმყოფ, მომაკვდავ ადამიანებს… მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი სიცილი… ხუთი… ექვსი… როცა მოხერხდება თქვენი ყველაზე  მტკივნეული სულიერი წერტილების რამენაირად დაამება… მძიმე მოგონებებისგან და შიშებისგან თქვენი გათავისუფლება… მე უნდა გასწავლოთ, როგორ რეაგირებდეთ მაშინ, როცა ცხოვრება იქნება მძიმე, როცა იქნება სასტიკი გამოცდები, როცა ნაცვლად გამარჯვებისა იქნება მარცხი… თქვენ უნდა გაძლოთ ასეთ სიტუაციებში, თქვენ არ უნდა მოიდრიკოთ… შვიდი… რვა… ცხრა… ათი… მე ვიცი, რომ ახლა შევუქმენი განწყობა მილიონობით ადამიანს, განწყობა, რომ გამოჯანსაღდეს, რომ მოიშოროს ის, რაც უვარგისია მისი ორგანიზმისთვის, მოიშოროს ავადმყოფობის ტვირთი, ყველანაირი ფსიქოლოგიური უკუღმართობები, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს ჭეშმარიტებას, სიმართლეს… ათი… თერთმეტი… თორმეტი… არ დაიძაბოთ იმისათვის, რათა შეაღწიოთ ჩემი სიტყვების არსში, დაე ასცდნენ ეს სიტყვები თქვენს ყურებს… ტყუილად არ ვითვლი მე ახლა – ვითვლი იმიტომ, რომ ციფრებში არ ძევს აზრი… თოთხმეტი… თხუთმეტი… თექვსმეტი…
დათო წამოჯდა, ტუმბოდან მოზრდილი კიტრი გამოიღო, ზედ ბარაქიანად მოაყარა მარილი და ჩაკბიჩა.
ჩვიდმეტი… თვრამეტი…
დათო ხრაშუნით ჭამდა. თითქოს ჯიბრზე, რაც შეიძლება ხმამაღლა.
ცხრამეტი… ხრაშ… ოცი… ხრუშ… ჩვენი სეანსის ხანგრძლივობაზე… ხრაშ… არაა დამოკიდებული ჩვენი წინასწარი განწყობა… ხრუშ… ვიმეორებ, წინასწარი განწყობა იქმნება… ხრაშ… რაღაც მომენტში… ხრუშ… ბევრს ის უკვე ძალიან მყარად აქვს შექმნილი… ხრაშ… დადებითი, კეთილი წინასწარი განწყობა… ხრუშ…
– გეყო, რა! – ვეღარ მოითმინა ნიკოლოზმა.
– რა იყო? – ჰკითხა დათომ.
– ცოტა ჩუმად ჭამე!
– ახლა კიდე! – აიმრიზა დათო. – მაგ შენი შიგნაკრავის გამო კიტრი ვეღარ მიჭამია!
რათა თქვენი შედეგი არ იყოს ნაჩქარევი… ხრაშ… არ იყოს ორ ან სამდღიანი, გათვლილი მხოლოდ მოკლე ვადაზე… ხრუშ… რომ ის იყოს მყარი და მუდმივი… ხრაშ… ერთი… ხრუშ… ორი… ხრაშ… სამი… ხრუშ… დადუმდით, მოეშვით, და არაფერს ეცადოთ… ეს ახლა მხოლოდ ცუდის მომტანი იქნება… არ ეცადოთ დამეხმაროთ არც მე და არც საკუთარ თავს… – როგორც ჩანს, დათომ კიტრის ჭამა დაამთავრა. ნიკოლოზი ზურგით იჯდა და მას ვერ ხედავდა. – ვიმეორებ: დაკმაყოფილდით იმით, რომ ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და რომ ჩვენ ახლა თითქოსდა ერთნი ვართ… რომ თითქოსდა პერსონალურად მხოლოდ თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი… პერსონალურად მხოლოდ თქვენთვის იფრქვევა ეს ენერგია, რათა გაფართოვდეს თქვენი რწმენა, აღიგზნონ არაჩვეულებრივი, ჯადოსნური ნივთიერებები, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, და მათ იმოქმედონ… ოთხი… ხუთი…
– ნიკოლოზ! – დაუძახა დათომ.
ექვსი… ათი…
– ნიკოლოზ! – დაუძახა მეორეჯერ.
თერთმეტი…
– ჰო…
– რომელიმე არხზე რამე კაი ფილმი არ გადის?
დღეს მე ვახდენ ზემოქმედებას, დაცლილს უხვსიტყვობისგან, და პრაქტიკულად არ ვახსენებ არცერთ ავადმყოფობას… რადგან ვიცი, რომ ასე ეფექტი იქნება უფრო ძლიერი… დაე ამ ავადმყოფობების გაქრობა იყოს თქვენთვის სიურპრიზი, მოულოდნელი და ხანგრძლივი ლოდინის შედეგი… თექვსმეტი… ჩვიდმეტი…
– ბიჭო, არ გესმის? – დაუყვირა დათომ. და ნიკოლოზმა უცებ იგრძნო, რომ ერთ წამში ყველაფერი ჩამოეშალა. მიხვდა, რომ აღარ უნდოდა ეს კაშპიროვსკი, ყველანაირი ნდობა მისდამი გაუქრა. დათოს რეპლიკებმა თავისი გაიტანა… ის ადგა, ტელევიზორთან მივიდა და გადამრთავს ხელი მოკიდა. ქართულ პირველ არხზე რუსული საინფორმაციო გამოშვება „ვესტნიკი“ მიდიოდა. მეორე არხზე – ისევ და ისევ „გიორგი სააკაძე“, რუსულ მეორე არხზე კი რაღაც თოჯინური მულტფილმი. ნიკოლოზმა ერთხელაც გადაატრიალა გადამრთავი ისევ კაშპიროვსკისთან მოხვდა.
მე არ გადამაქვს თქვენი ყურადღება მნიშვნელოვანი საქმეებიდან სადღაც სხვაგან, პირიქით, ვცდილობ, მივცე თქვენს ნერვებს დაწყნარების საშუალება, რათა შეისვენოთ რამდენიმე წუთით, რათა მერე თქვენს საქმეებს შეუდგეთ გაცილებით ნათელი და საზრიანი გონებით… და უფრო ჯანმრთელი გულით… და უფრო კეთილშობილი სულით… ეს მხოლოდ პატარა, ერთი ბეწო ტაიმ-აუტია, მაგრამ თქვენ ის დაგმუხტავთ, და თქვენ დიდი ხნის განმავლობაში თავს შესანიშნავად იგრძნობთ…
ნიკოლოზი მიუბრუნდა დათოს და ჰკითხა:
– რა ვქნა?
დათო რამდენიმე წამით დაფიქრდა, მერე ჩაიქნია ხელი და უთხრა:
– კაი, იყოს ეგ…
და თქვენ, რომლებიც ძალიან ნიჭიერები ხართ ფსიქოლოგიური აღქმის თვალსაზრისით, არ უსმინოთ თქვენი ახლობლების ოხვრა-კვნესას, ისინი შორს არიან თქვენი გაგებისგან, არ უსმინოთ… ჩვენი სეანსი მთავრდება და მთავრდება ყველაფერი… ოცდახუთი… ოცდაექვსი… ოცდაშვიდი… ოცდარვა…
ნიკოლოზმა ჩამრთველს ხელი გაუშვა, სკამი გაწია, თავისი საწოლისკენ წავიდა და დათოს მსგავსად წამოწვა.
გარდა სხეულის გაჯანსაღებისა მე შთაგაგონებთ სულისა და მორალური ღირებულებების გაჯანსაღებას… მე შთაგაგონებთ კეთილ, მსუბუქ, სასიამოვნო ურთიერთდამოკიდებულებებს… ოცდათერთმეტი…ოცდათორმეტი… ოცდაცამეტი… არა აქვს მნიშვნელობა, თუ მე არ ვთქვი რაღაც ისეთი, რისი სურვილიც გქონდათ თქვენ, ანდა ვთქვი ის, რისი მოსმენაც არ გინდოდათ… ასეთ რაღაცებს ახლა არა აქვს მნიშვნელობა… თვითრეგულაცია მიიღწევა არა რომელიღაც ცალკეული სიტყვის, ფრაზის მეშვეობით, არამედ ჩვენი საერთო ურთიერთქმედებით… ოცდაცამეტი… ახლა კი გავყუჩდეთ… ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოჯანმრთელებულების რიცხვს მიემატება ახალი ადამიანების უზარმაზარი არმია, იმათი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ თვლიდა, რომ ეს შეუძლებელია… მრავალი თქვენგანი ხვალ უკვე იოლად დაექვემდებარება სამკურნალო პროცედურებს, დაექვემდებარება ისე, რომ ვერც კი იგრძნობს მათ… ახლა რთული პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ის დროებითია, და მალე ყველაფერი გამოსწორდება… მთავარია მოთმინება, და ვინც იქნება მომთმენი, ის გადარჩება… ათის დათვლაზე თვალი გაეხილება იმას, ვისაც დახუჭული ჰქონდა თვალები, თავბრუსხვევა გაუქრება იმას, ვისაც იგი გაუჩნდა, ერთი სიტყვით, თქვენ კვლავ ჩადგებით ნორმაში, მაგრამ ეს სხვა ნორმა იქნება, ეს იქნება ნორმა, მომართული თქვენს სრულყოფილებაზე, ვინაიდან ადამიანი იბადება სრულყოფილი… ელოდეთ დადებით ცვლილებებს თქვენს მდგომარეობაში… ოთხი… ხუთი… მსუბუქად, ლაღად… გონება დასვენებულია, ცინცხალია, ნათელია, განწყობილება ნორმალურია… ექვსი… შვიდი… რვა… ცხრა… ათი… ჩვენი სეანსი მთავრდება, ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით…
მუსიკის ხმამ მოიმატა, კაშპიროვსკის სახე თანდათან გაქრა, ეკრანზე ტიტრები წავიდა.
დათომ ნიკოლოზს გადახედა და თვალი ჩაუკრა. ნიკოლოზმა გაიღიმა.
– გადავრჩებით? – ჰკითხა დათომ.
ნიკოლოზმა თავი დაუქნია.
დათომ კიდევ ერთხელ ჩაუკრა თვალი.
ნიკოლოზმა ისევ გაუღიმა.