ნინო ბექიშვილი

ზამთარი
 
გარეთ

მგონია, რომ იმ წლებში, 90-იანების დასაწყისში, სულ ზამთარი იყო და სულ ციოდა. რაღაცნაირად უმწეო დრო იყო – ჩვენც უმწეოები ვიყავით და ქვეყანაც. 
საქართველოს ახალი, წინა წელს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ხელისუფლება ჰყავდა, რომელიც ძირითადად თავდაცვის რეჟიმში იყო და არ იცოდა, ერთდროულად როგორ გამკლავებოდა ვეებერთელა იმპერიის დაშლისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კოლაფსს, ეთნიკურ კონფლიქტებსა და ოპოზიციას, რომელიც მუდმივად ესხმოდა თავს – ახლა რომ ვიხსენებ – უმეტესწილად, სამართლიანად. ფაქტობრივად დაკარგული იყო სამხრეთ ოსეთი, 25 თასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. ხან ირეოდა, ხან ისევ მშვიდდებოდა ვითარება აფხაზეთში. პრეზიდენტად ის კაცი ავირჩიეთ, ვინც თქვა, აფხაზი ერი არ არსებობსო, მაგრამ მიუხედავად ამისა, აფხაზების ლიდერი, ვლადისლავ არძინბა ჯერ კიდევ აძლევდა ინტერვიუებს ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მერე ქვეყნდებოდა ქართულ გაზეთებში,  მაგალითად, ასეთი სათაურით – „აფხაზი და ქართველი ერი დაიღალა კონფლიქტებისგან, მათ მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენა სურთ!“
ხელისუფლებამ 2 სექტემბერს გამოუსწორებელი  შეცდომას დაუშვა – დაარბია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  მშვიდობიანი საინფორმაციო მიტინგი. „ომონი“ (მაშინდელი სპეცდანიშნულების რაზმი) მომიტინგეებში შეიჭრა, დიდი ცემა-ტყეპა გაიმართა,  ორი ადამიანი დაიჭრა კიდეც. ეს ამბავი კიდევ უფრო აბსურდული ჩანდა იმიტომ, რომ მაშინ, როცა სპეცრაზმელები კინოს სახლის წინ მიტინგს არბევდნენ, ზვიად გამსახურდია მთავრობის სასახლეში ამერიკელ სენატორებს ხვდებოდა და მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. 
მაშინდელი ხელისუფლება ჯიუტად იმეორებდა მთავარ გზავნილს – ჯერ დამოუკიდებლობა, შემდეგ – დემოკრატია! ხალხის ნაწილს ეს ლოზუნგი არ მოსწონდა – დემოკრატიაც უნდოდათ და დამოუკიდებლობაც და ეგონათ, რომ ეს შესაძლებელი იყო. მაშინ მეც ასე მეგონა. ახლა? ახლა აღარ ვიცი, რა იყო მაშინ შესაძლებელი და რა – არა. 
ჰო, ეს არაა დასავიწყებელი ამბავი – ასე იყო თუ ისე, დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ. რუკაზე გაჩნდა ქვეყანა – საქართველო. 

შინ

ახლა ჩემი უმწეობის ამბავი – პირველი შვილი 21 წლისამ,  წლის დასაწყისში, 30 იანვარს გავაჩინე, დედობისთვის სრულიად მოუმზადებელმა – არც საჭირო ინფორმაცია მქონდა და ზოგადად, ნაკლებად წარმომედგინა, რა უნდა მომხდარიყო, რა პასუხიმგებლობას ვეჭიდებოდი და საერთოდ, რაში ვყოფდი თავს. სწორედ ისე, სახარებაში რომაა – სამოსელზე რაღას  ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.  მგონი, მთელი ქვეყანა ასე იყო. 
ახლა რომ ვიხსენებ, კი მრცხვენია, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მაშინ მარტო მე კი არა, ქალების უმეტესობა ასე აჩენდა შვილებს – დაგეგმვისა და წინასწარი მომზადების გარეშე. მერე ამ შვილებს ბებიები ზრდიდნენ  – თავადაც ეს გზა ჰქონდათ გამოვლილი და რაც იცოდნენ ბავშვის გაზრდის შესახებ – მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით. ძიძების ინსტიტუტი ჯერ არ არსებობდა. ჟურნალ „ზდოროვიეს“ ნომრები კი გამოვართვი მეზობელს და ყველაფერი წავიკითხე, რაც მშობიარობასა და ბავშვის მოვლაზე ეწერა, მაგრამ იქაც ძალიან ზოგადი და მწირი ინფორმაცია იყო – ამ სტატიების კითხვით საჭირო ცოდნა ნამდვილად ვერ მივიღე.
მშობიარობა არ გამჭირვებია, არც ტკივილი მქონია აუტანელი და არც თვითონ პროცესი ყოფილა დამტანჯველი. საავადმყოფოში  წინასწარ დამაწვინეს, ახლა კი ვიცი, რომ სულ ტყუილად, მაგრამ მაშინ ვერ ვუწევდი ექიმებს წინააღმდეგობას, მეგონა, რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერი  უნდა დამეჯერებინა. დილის ოთხ საათზე დამეწყო მშობიარობა – წყლები დავღვარე, ოღონდ, ჯერ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მერე ორი საათი მტკიოდა, დაახლოებით ისე, როგორც მენსტრუაციის დროს, არაფერი განსაკუთრებული და ძალიან მალე დაიბადა ბავშვი. ექიმები ამბობდნენ, ჯანმრთელი და კარგი ბიჭიაო და მეც მიხაროდა. 
მაშინდელი, საბჭოთა სამშობიარო ნამდვილი ციხე  იყო, სადაც გარედან ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა და სადაც გამოკეტილი ვიყავი მუდმივად მოუცლელი ექიმების, უხეში და უყურადღებო ექთნებისა და ავი სანიტრების ამარა. გარე სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი შესაძლებლობა წერილები იყო, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე ვღებულობდი და მეც ვწერდი. წერილები სანიტარს ამოჰქონდა. თითო ამოტანა ერთი მანეთი ღირდა, თუ არ გადაიხდიდი, უბრალოდ, ვერ მიიღებდი. მაშინ მეგონა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, საბჭოთა კავშირში გავიზარდე და ვიქცეოდი, როგორც საბჭოთა მოქალაქეს შეეფერებოდა – სანიტარებსა და ექთნებს ყოველ გაფაჩუნებაზე ვაძლევდი ფულს და ვიღებდი იმ მინიმალურს, რაც მჭიდებოდა – მაგალითად, ბავშვის ნახვის უფლებას,  აუცილებელ სამედიცინო პროცედურებს, ან იმას, რომ ესწავლებინათ, სწორად როგორ უნდა მეჭმია ძუძუ ჩვილისთვის. როგორც აღმოჩნდა, მაინც არ მასწავლეს და სამშობიაროდან გაწერის მერე ნამდვილ ჯოჯოხეთი დაიწყო, რომელსაც მასტიტი ერქვა. ორივე ძუძუ გამიმაგრდა, გამიწითლდა, ძუძუს თავები დასკდა და ჩვილმა ერთხელ, შუაღამისას სისხლი აღებინა – რძესთან ერთად წოვდა. სიცხე დღეში რამდენჯერმე მიწევდა 40-41-მდე და მკერდი ისე მტკიოდა, სიკვდილს ვნატრობდი. ბავშვს დედაჩემი და ჩემი ქმარი უვლიდნენ. დედაჩემი ქოთქოთებდა – სად გაგონილა, მამა ასე არ შორდებოდეს ჩვილსო! მე კი ტკივილისა და ტანჯვის მეტი იმ დღეებიდან არაფერი მახსოვს. ახლა კედელთან რომ მიმაყენო, ვერ გავიხსენებ, როგორი იყო ერთი თვისა ჩემი პირველი შვილი. მერე ვიღაცამ მიგვასწავლა და ჩემთან სიარული დაიწყო როზა დეიდამ, უბნის პოლიკლინიკის მასაჟისტმა   – დღეში რამდენჯერმე მოდიოდა, მასაჟს მიკეთებდა, რძეს მიწველიდა, ქვადქცეულ ძუძუებზე რაღაც მალამოებს მადებდა. ხანდახან, სიცხე რომ 41-ზე ადიოდა, შუაღამეზეც მოუყვანია მამაჩემს მანქანით. ერთ თვეზე მეტ ხანს გასტანა ჩემმა წამებამ. ერთი თვის შემდეგ მასტიტმა ნელ-ნელა უკან დაიხია. გადავრჩი! როზა დეიდამ გადამარჩინა. 
1991 წლის გაზაფხულზე, ჩემი შვილი სამი თვისა რომ გახდა, ახლა ბავშვისთვის მასაჟის გასაკეთებლად დაიწყო სიარული როზა დეიდამ. რად უნდოდა სრულიად ჯანმრთელ ბავშვს მასაჟი,  ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ უბნის ექიმმა დაუნიშნა და თან, როზა დეიდამ ძალიან შეგვაყვარა თავი ყველას – ვენდობოდით. ჩვილს ძალიანაც მოსწონდა მასაჟის პროცესი – ხითხითებდა და ღუღუნებდა. 
ერთ დღეს როზა დეიდა ატირებული მოვიდა სამსახურიდან – მთავარ ექიმს დაუბარებია და უთქვამს – სამსახურიდან უნდა წახვიდე, ახლა სხვა დროა, ახლა ქართველებმა უნდა ვიმუშაოთ, შენ, სომეხი, რომელიღაც ქართველს ართმევ სამუშაო ადგილსო! როზა დეიდას განცხადება დაუწერია. ამბობდა, კი წავალ ემიგრაციაში, მაგრამ სად წავიდე, ჩემი სამშობლო აქააო. მახსოვს, ვუსმენდით და სირცხვილისა და უხერხულობისგან ხმას ვერ ვიღებით. ან კი რა უნდა გვეთქვა? 
ცხადია, ვიცოდით, ოსები, რუსები, სომხები რომ მასობრივად ტოვებდნენ საქართველოს, ესეც ყურმოკვრით, თორემ მედია ამ საკითხებს დიდად არ წყალობდა, აი, როზა დეიდას ამბავი  კი სხვა იყო – იქამდე ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა, რომ ის ლოზუნგი, რომელიც 1988-1990 წლებში მიტინგებზე ისმოდა – „საქართველო ქართველებისთვის“ – ასეთ პირდაპირ, კონკრეტული ადამიანების, და მათ შორის, ჩვენი ახლობელების ბედზე აისახებოდა. 
როზა დეიდა ორ დღეში აღადგინეს სამსახურში. მამაჩემს ხელისუფლებაში გადაბარგებულ ყოფილ კოლეგებთან უჩხუბია. რატომღაც გაჭრა მისმა ჩხუბმა – არ ვიცი, რატომ.  
სწორედ მაშინ თქვა ნაღვლიანმა  მამაჩემმა – მთელი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდი და ახლა ისეთი ამბები ხდება, ქუჩაში გასვლის მრცხვენიაო. 
ჰო, სირცხვილი ყველაზე სწორი გრძნობა იყო, რაც კი შეიძლებოდა იმ წლებში განგეცადა. 

და ისევ, გარეთ 
საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 9 აპრილს გამოაცხადა. ეს ამბავი მაშინაც არ მომწონდა და არც ახლა მომწონს –  9 აპრილი ამდენი წლის შემდეგაც რჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში და ვერაფრით უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვების ზეიმსა და სიხარულს. იმ ტრაგიკული დღის დამოუკიდებლობით გადაფარვა მაინც ვერ მოხერხდა. 
დეკემბერში საბჭოთა კავშირი მართლა გაქრა რუკიდან. საქართველოში ეს ამბავი არც გაგვიგია და არც გვიზეიმია. უჩუმრად ჩაიარა. 1991 წლის 26 დეკემბერს, მაშინ, როცა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანა დაშლილად გამოცხადდა, თბილისში, რუსთაველზე სამოქალაქო ომი მიდიოდა. ნამდვილი ომი – ტანკებით, ჭურვებით, გადამწვარი შენობებით, დახოცილებით, დაჭრილებით, ტყვეებით.  ამბები ცუდად აღწევდა ჩვენამდე. ტელევიზია კი აჩვენებდა რაღაცას, მაგრამ სად ტელევიზორში ნანახი და სად საკუთარი თვალით? დურბინდებით შეიარაღებულები ავდიოდით იმელის სახურავზე ან მთაწმინდაზე და ვუყურებდით ომს. ნამდვილ ომს და არ გვჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თავს ხდებოდა. ახლა ხომ წარმოუდგენელია ომის სანახავად წასვლა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. 
მანამდე, ოთხმოცდათერთმეტის აგვისტოში გადავურჩით პუტჩს – ხელახალ მონობას და რეპრესიებს – მოსკოვის ცენტრში გამოსულმა ადამიანებმა გადაგვარჩინეს. ГКЧП-ს წევრებმა ვერ გაბედეს პირდაპირ გაეხსნათ ცეცხლი ათასობით მოსკოველისათვის. პუტჩის მღელვარე დღეებიდან ყველაზე ცხადად ჩამრჩა დაუჯერებელი და აბსურდული კადრები – მსოფლიო მნიშვნელობის მქონე მუსიკოსი, მსტისლავ როსტროპოვიჩი ავტომატით ხელში მოსკოვის თეთრი სახლის კიბეებზე. ნეტავ ვინ მიაჩეჩა ავტომატი?  რად უნდოდა როსტროპოვიჩს ავტომატი? იმ ფოტოზე როსტროპოვიჩს აგვისტოსთვის  თბილად აცვია. 
მოსკოვში აგვისტოშიც ცივა. 
და მაინც – რატომ მგონია, რომ იმ წელს მხოლოდ ზამთარი იყო? 

იქვე, არლეკინთან

ნინო ლომაძე

მთელი მზიური ტრუპებითაა სავსე. სადაც ეხა კორპუსები დგას.
მზიური და კუს ტბა იყო ეგეთი წიომნი ადგილები. დაბრიდავდნენ და ეგრევე მარხავდნენ.
პირველი მე მაინც ის ბაზარი მახსოვს, ღია კინოსთან. კაი ბიჭი იყო ის, ვინც აჩეხეს. მაშინ ჯერ არ ქონდათ იარაღის პონტი. დანებით იყვნენ. სამოცჯერ ქონდა დანა დარტყმული. ათზე მეტი ურტყამდა. იმენა სადისტურად აკუწეს.
აი, ომიდან ჩამოვიდნენ უკვე გასხმულები. გაბერილი ქონდა სასტავს, ტორმუზი აღარ იყო. ყლეზე ეკიდათ, ეგრევე, მოუტყან, შევარდა, დაბრიდა და ვსიო. მილიციაპოლიცია, პროკურატურა, ქურდები – ვინ ვინ იყო, ხუივომამუზნაეტ, ერთმანეთში გადაზელილი ყველა. განგრეულ კაიფში. იარაღით და წამლით ისეთ დუხზე მოყავდათ როჟები, იყაჩაღებდა და შევარდებოდა კი არა, მოუტყნავდა გამზდელს, ვინც დაუდგებოდა წინ.
ვაფშე მაგის მერე რო დაიწყო, ეგეთი ბეზპაშადნი ბაზრები მანამდე ნაღდად არ ყოფილა.
ქუჩებიდან ქრებოდნენ ტიპები.
მთელ ქალაქს ჩაჯმული ქონდა. ერთხელ, მგონი პანაშვიდი იყო, თუ რაღაცის რიგი, არ მახსოვს, ხალხი ქუჩაში იდგა კაროჩე, ტიპი რო დაბრიდეს იქვე. მერე მიადგნენ და სათითაოდ დაუშვეს, უკვე დაბრედილზე. ხტუნაობდა ტრუპი ქუჩაზე. მაგას რო ნახავ, ეხა მაგათ პროწივ წახვალ? ხო ჩაყლევდები ვაფშე, შეჩემა.
კინოებიდან ქონდათ ეგენი გადმოღებული. მაგარი მოქაჩულები ყავდათ როჟები. წაიყვანდნენ საქმეზე ერთ ოც კაცს, დააყენებდნენ დასაბრედად ტიპს და ოცივეს ერთად ასროლინებდენ. მიდი და არკვიე, ვისი ტრუპი იყო. ზოგმა გარეკა მერე, ერთმა ბრატმა თავი დაიბრიდა.
არადა, არც ისე ბევრნი იყვნენ, მარა ვიდი იყო ეგეთი. ჩერეზჩურ ბევრნი ჩანდნენ. ოთხი, ან ხუთი მანქანით მოძრაობდენ. რო გადმოლაგდებოდნენ ამ რკინებით. მიდი და ეომე.
პატარა საქმეებს თითონაც ჩალიჩობდნენ, აი, დიდ საქმეებს აკეთებდნენ მენტების ხელით. ყველგან ეგენი, ყველასთან შეკრულები, ტო. დაადგა კი არა, სპეცოპერაცია ეგრევე. ბეტეერები და რამე. მთელი ოჯახი ამოხოცეს, ძმები რო მტრობდნენ ამათ. სამი ძმა და დედ-მამა დაბრიდეს ერთ დღეს. თვეების მერე უფროსი ძმა მოხსნეს სატკაზე. გამოათრიეს სახლიდან და მორჩა. არავის აღარ უნახავს მერე. ბოლოს სუ პატარა ძმაზე უთვლიდნენ ბიჭებს. ორი წელი მალავდნენ იმას. ცამეტი, თუ თხუთმეტი წლის იყო.
ამ მეხუთეს, მგონი მეტრასტროიში მალავდნენ ახლობლები. იცოდნენ სტაპრაცენტი, შემოთვლებით, რო ბავშვსაც ეძებდნენ. უსატკავებდნენ და ბოლოს მიაგნეს. რა უნდოდა მაგის გაგებას. ნასედკები ყველგან იყო.
ავლაბრის ხიდთან კრუტოი პავაროტი როა, იქ გადააყენეს. წინ და უკან მანქანები. ერთი ათი ტიპი მასკებში გადმოხტა. აქეთ, მანქანაში ბიჭებს თავში კონდახები გლიჯეს, ბავშვი გადმოათრიეს, ჩააგდეს იქით და დაითესნენ. ვსიო. წამების ბაზარია. ეგ ბოლო ძმა იყო. მოლ გაიზრდება, დიდია და აბაროტს აიღებსო.
რამდენი ეგეთი.
ბევრი ნიპრიჩომ ბაზარიც იყო.
საქმეზე რა დაგხვდება ხუივოზნაეტ. ცვეტში ვიცოდით, კუში იდო სახში. იმ ღამეს არავინ არ უნდა ყოფილიყო. შევედით და შემოგვეფეთა ვიღაცა. აზზე მოდი, სტვოლით ხარ, სიბნელეში ვიღაცის სახში შედიხარ და უცბად ხელი გხვდება მხარზე. ეგრევე ისვრი იასნია.
ვაფშე ამოგდებული მაქ წლები, ძლივს ვიხსენებ რაღაცეებს. მარეკინებს ეს ღამეები. სუ პანიკით მეღვიძება.
იმენა ყველას სახე მახსოვს.
პიზდეცია, დაბრედვამდე თუ შემოგხედა.