შალვა ბაკურაძე

მე, ბაბუ, სხვა დანარჩენი და ბადრი მეხუზლა

(ნაწყვეტი რომანიდან)

პლანის წევა დროის საქმეა და დროსთან არის მიბმული. ძალიან ცხოვრებისეულია, შეიძლება ამ სიტყვაზე გაგეცინოთ, მაგრამ მართლა ცხოვრებისეულია. ცხოვრებისეული ჩვეულებრივს ნიშნავს, ჩვეულებები დროში არსებობს, პლანსაც ჩვეულებრივ, ყოველდღე ეწევი. როცა გაქვს – მეტს, როცა არ გაქვს – გენატრება, მაგრამ ოქტომბერ-ნოემბერში, როცა ჩვენი ასეული ცენტრალური შტაბის დაცვად გადააკეთეს, სამხედრო ფორმის ყველა ჯიბეში სხვადასხვა სახეობის პლანი მედო, თან იმ წელს კარგად დამწიფდა. 
„გოსდაჩის“ ეზოში ერთ რიგად მოგვაწყვეს და გენერალმა კამკამიძემ თითოეულს სახელი, გვარი და კიდევ რაღაც გვკითხა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ავტომატები უკვე ჩვენი იყო და ნებისმიერ დროს შეგვეძლო დაგვეშალა, აგვეწყო და თუ ზედმეტი ტყვიებიც გვექნებოდა, გვესროლა კიდეც. კამკამიძეს მოვრჩით თუ არა, მე, ტიმკა და დათო ხიდაშელი შენობის უკან, მოსაწევად გავძვერით. ხიდაშელი რაჭიდან იყო და პლანიც რაჭული ქონდა. მეც წარმოშობით რაჭიდან ვარ და შეიძლება მაგიტომაც, ძალიან დამაბოლა და  გადავწყვიტე კალაშნიკოვის დაშლა-აწყობის მასტერკლასი ჩამეტარებინა. შენობის ფოიეში დაბრუნებულმა, რამდენიმე ყურადღებამისაქცევი მოძრაობის შემდეგ ავტომატის კონდახი ისე ჩამოვდე მიმღების მაგიდაზე, ნებისმიერი მიხვდებოდა, რომ აკაემის დაშლას ვაპირებდი. წამოვიდა ათასი ჭკუისსასწავლებელი ფრაზა: „ჯერ რაჟოკი მოხსენი“, „პირში არ ქონდეს მიცემული“, „არ იჩქარო“. სკოლაში ავტომატს 52 წამში ვშლიდი და ვაწყობდი, მაგრამ ახლა სხვაგან ვიყავი და თან უპატრონოდ დაბოლილი. ვიცი, ჯერ მჭიდი უნდა მოვხსნა, მაგრამ ვერ ვხსნი, გაიჭედა თუ რაღაც ყველაზე ელემენტარული დამავიწყდა, აღარ მახსოვს. როცა მესამე ცდაზეც ვერ მოვხსენი, ჩემზე მეტად დაბოლილი დათო ხიდაშელი მომიახლოვდა , მომე, მე მივხედავ ამასო. ავტომატს ხელი გავუშვი, ამოვისუნთქესავით. ხიდაშელი თვალებში მიყურებდა, გულის სიღრმეში დამცინოდა, მაგრამ საჯაროდ კი განაცხადა, ავტომატია გაფუჭებულიო, ჯარისკაცებს გახედა და მაგიდაზე კონდახშემოდებულ აკაემზე ანიშნა. ბაბუმ მაშინვე  მოირბინა, მუხლებით მაგიდაზე შედგა და ლულის მხრიდან, ზევიდან დაიწყო ავტომატის თვალიერება. ბაბუს ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა ავტომატის ლულაში. გამართული იარაღის ლულაში ჩახედვას ის ვერასოდეს გაბედავდა, მაგრამ, როგორც ხიდაშელმა თქვა, ეს ხომ გაფუჭებული იყო, ასე რომ შეიძლებოდა. ბაბუს ჭაღარა თავზე ჩვეულებრივი სამხედრო კეპი ეხურა, მაგრამ ეხურა არაჩვეულებრივად. ბაბუ ამ კეპს არასოდეს იხდიდა, ძილშიც თავზე ეხურა, პირის ბანის დროსაც და მანამდე ბაბუ უკეპოდ მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, აბაზანაში. მოკლედ, ბაბუს ეს კეპი უშლიდა ხელს ავტომატის ლულის დათვალიერებაში, უჩრდილავდა, ის კი მაინც ჯიუტად ცდილობდა ფოკუსის დაჭერას და ცალ თვალს სასაცილოდ ჭუტავდა. ხიდაშელმა სიბრძნე წარმოთქვა – შესამოწმებელია, პირში ხომ არ აქვს მიცემულიო, სწრაფად გადატენა იარაღი, მერე იოლად მოხსნა მჭიდი, ბოლოს თქვა „კანტროლკაო“, ეგრევე გამოჰკრა ჩახმახს და ავტომატმა გაისროლა. წამით კადრი გაიყინა, ყველაფერი გაჩუმდა, ხიდაშელი დამფრთხალი თვალებით მიყურებდა, მე ავტომატის ლულას ვუცქერდი და დავინახე, როგორ ზანტად, ნეკერჩხლის ფოთოლივით დაეშვა ბაბუს კეპი იატაკზე. როცა დრო ისევ ჩაირთო, უკვე ხიდაშელიც ბაბუს უყურებდა, სხვებიც. მივხვდით, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ მაინც შეშინებულები ვიყავით.  ის კი მუხლმოდრეკილი იდგა მაგიდაზე, სახეზე ღიმილმიყინული, გრუზა ჭაღარაზე ზოლად ეტყობოდა დენთის გამჭოლი კვალი. იდგა და ვერცხლის კბილი ჩვენსკენ უბრწყინავდა, მერე წარბები შეჭმუხნასავით, ნაკვთები გაისწორა და აღფრთოვანებული ბედნიერებით ხმამაღლა თქვა: „ნახეეთ გაისტროულა“. ასეთი ფრაზის გაგონების შემდეგ, ჯერ ვიღაცას ჩაეცინა, მერე სხვასაც მოგუდულად გაეცინა და ბოლოს დათო ხიდაშელიც იცინოდა.
 იმავე საღამოს, როდესაც ამ ინციდენტს ვარჩევდით, ხიდაშელმა მთავარი რამ თქვა –  ბაბუს შინაგანი ამპარტავნება არ ჰყოფნის იმისათვის, რომ კეთილი იყოს ან ბოროტი, ასეთი კაცი კი მუდამ მიმტევებელიაო. ჰო, მიმტევებელი იყო. ეს ცხოველებთან მის დამოკიდებულებაშიც გამოიხატებოდა. კატებთან ნაკლებად, მაგრამ სხვა შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით კი ღორებთან, ადვილად მეგობრდებოდა. რამე განსაკუთრებულს არაფერს ეუბნებოდა ღორებს, დაინახავდა თუ არა ღორი ბაბუს, იმავე წამიდან აეტორღიალებოდა და ღრუტუნ-ღრუტუნით უკან დასდევდა. მაშინაც, გუმისთაზე, აჩადარაში ვიღაცის ღორი აეკიდა ბაბუს, გამოყვა და საბრძოლო პოზიციებამდე მიაცილა. მიაცილა და დარჩა ბაბუსთან. ჩვენ სანგრებში ვისხედით, ბაბუ კი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, სანგარში ცოცხალი თავით არ წვებოდა, ცოცხლად დამარხვის ეშინოდა და ამიტომ, ბეტონის ფილას ამოფარებული, წამოკოტრიალებული ნებივრობდა უცხო ღორთან ღრუტუნით. შიგადაშიგ ხმას აუწევდა და ეტყოდა: „მუბღოლია, სალდათი ვორექ“. საბრძოლო პოზიციებთან, ჩვენს სანგრებთან ასკილოიანი ღორის ასეთი ნავარდი სერიოზული საფრთხის შემცველი იყო, თან ღორი საკმაოდ აპეტიტურადაც გამოიყურებოდა, ამიტომაც სანგარში სერიოზული დებატები წარიმართა რეზო ზარიასა და კიაზოს შორის. რეზოს უნდოდა, რომ ღორი შეგვეშინებინა და სხვაგან გაგვეგდო, რაზეც კიაზომ უპასუხა, სანამ ბაბუ პოზიციაზეა, ამ ღორს ვერანაირად მოვიშორებთ, უსარგებლო ჭყიპინს დაიწყებს და დაგვწვავსო. – მერე ბაბუო? – წარბი აწია რეზომ – პაიმიოტო, სალდათია ბოლო-ბოლოო – ჩაიცინა კიაზომ და ავტომატი მოიმარჯვა – ერთი ზუსტი გასროლა თავში, და პრობლემა გადაწყვეტილიაო – დაუმიზნა – ხორცი კი ხორცად დაგვრჩებაო – თვალი მოჭუტა და ესროლა. ღორი მოცელილივით, ხმაამოუღებლად დაეცა მანდარინის ქვეშ. ტიმკამ ხელი მხარზე ჩამოჰკრა მამამისს და შეაქო „ატლიჩნი ვისტრელ“, ხოდა დამთავრებული არ ჰქონდა ტიმკას საქებარი სიტყვები, რომ ბაბუს ხმამაღალმა ღრიალმა, კივილმა და ვავა-ვავას ძახილმა ყველა გაგვაჩუმა. „ვავა ჩქიმ ჯიმა, ვავა“ ყვიროდა და ტიროდა ბაბუ. კიაზო მაინც არ დაიბნა, ბიჭებთან ერთად სწრაფად მიხოხდა უძრავ ღორთან, გადმოახოხეს, გადმოაჩოჩეს და უსაფრთხო ადგილამდე მიიტანეს. იქ „ვოლგის“ საბარგულში ჩადეს, ჩაკეტეს და უკან მობრუნდნენ. ორი დღე კანტიკუნტად, მაგრამ მუდამ ვიღაც გვესროდა ხან ავტომატიდან, ხან ყუმბარმტყორცნიდან. სანგრებიდან თავის ამოყოფასაც ვერიდებოდით და მთელი ამ ხნის განმავლობაში იწვა ბაბუ მანდარინებში და მოკლულ მეგობარს ტიროდა. მაშინ ბადრიმ ასეთი რამ თქვა მეგობრობაზე: ყველაზე საყვარელი მეგობარი ისაა, ვინც ბოლომდე გენდობა და შენთან ერთად თავს დაცულად გრძნობს. მისი სიკვდილი იმითაცაა ასე მტკივნეული, რომ ნდობა ვერ გაუმართლე, ვერ დაიცავი სიცოცხლე, რომელიც შენ მოგანდეს, ასე რომ, რეზო, შენ ჩვენი მეთაური ხარ, გენდობით და უნდა დაგვიცვა!
 – აი, ხვალ რომ მაგ ღორის მწვადს დავაშამფურებ, მერე გააგრძელე ეგ ფილოსოფია – დაეკრიჭა კიაზო ბადრის. 
 საღამოსკენ სროლა მიწყდა და ღამით ცოტ-ცოტა წავუძინეთ სანგარში. დილით ცა უღრუბლო, ლურჯი და მშვიდობიანი იყო. რაღაც გაგებით – ბედნიერიც. სროლის შეწყვეტის გამოც, ლამაზი ამინდის გამოც, და იმის გამოც, რომ ძალიან გვშიოდა და მთელი საბარგული სამწვადე გველოდებოდა მეზობელ ეზოში. ყველა ბედნიერი იყო ბაბუს გარდა. ის უკვე აღარ ტიროდა. იჯდა მანდარინის ქვეშ და შიგადაშიგ გვიღიმოდა – აი, ასე სარგებლობენ მიმტევებელი ადამიანის თვისებებით ჩვენნაირები – თითი ბაბუსკენ გაიშვირა ბადრიმ, მერე კიაზოს შეხედა და წამო, წამო ხორცს მივხედოთო – უთხრა ხელების ფშვნეტით და საქმიანი სახით. კიაზო, ბადრი, ტიმკა და მე სანგრიდან ამოვძვერით, ტიმკამ ზურგჩანთიდან უშველებელი დანა ამოიღო, მზეზე შეათამაშა და ბადრიმ ბაბუს გასძახა  – გურამ, წამოდი ჩვენთანო. ბაბუ მაშინვე წამოდგა და „ვოლგის“ საბარგულისკენ გამოგვყვა. ტიმკას უკვე ამორტყმული ჰქონდა დილის დოზა და დაბოლილი, ბაბუს დასანახად მიაბრჭყვიალებდა ყასბის დანას და მიიმღეროდა: „სკორო მწვადი ბუდემ ხავატ, 
ბაბუშ ღეჯი ბუდემ ხავატ“.
ასე ღიმილ-სიმღერით მივუახლოვდით შტაბის „ვოლგას“ – ნაცრისფერს, ტალახიანს და დაცხრილულს. სწრაფად გააღო კიაზომ საბარგული. ცხოველის განავლის საშინელი სუნი იდგა. ბაბუს მეგობარი ღორი ახალგარდაცვლილივით უსულოდ ესვენა შავ ხალიჩაზე. დაიცაო – შეაჩერა ბადრიმ კიაზო – ჯერ ეს მიუშვი, დაემშვიდობოსო – ჩაავლო ბაბუს ხელი და საბარგულთან მიიყვანა – ზაიბალი ეტი რამანტიკიო – წაიწუწუნა კიაზომ და ბაბუ ერთი-ერთზე დატოვა მეგობართან. ბაბუ ჯერ ჩუმად იდგა, მერე ღიმილით უთხრა – ღუტუ, მუჭო რექ ჩქიმ ჯიმა –  და ხელი შუბლზე დაადო. ღორი იმწამსვე შემაძრწუნებელი ცხოველური ხმით გაცოცხლდა, საბარგულიდან გადმოხტა, ერთი-ორჯერ მეცხვარის ძაღლივით დაიყეფა, ეცა ფეხებში ბადრის და მანდარინებში გაიქცა. ტიმკამ ავტომატი გადატენა და დაუმიზნა, მაგრამ ღორს წინ ბაბუ გადაეფარა ისტერიული კივილით. – ბაბუუუ, უბიუუ ნახუი, იობ ტვაიუ დუშუ – ყვიროდა ტიმკა, ღუტუ კი გაიქცა. მის მოსაძებნად და მოსაკლავად უკვე მთელი სამხედრო ოპერაცია იყო დასაგეგმი – ახლა მიდი და ისარგებლე ასეთი ადამიანის თვისებებით – ბრაზობდა კიაზო ბადრის და ბაბუს მისამართით. ბოლოს, როდესაც ძალიან გაბრაზდა, ხმამაღლა ბრძანა – ვსიო, სჩიტაიტე, ჩტო ეტა ბაევოე ზადანიე! ტი ბადრი! სი გურამ! შენ ბენო და ტი ტიმკა! მიდიხართ ღეჯის მოსაძებნად! ჟივოი ილი მიორტვი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გლავნოე, ჩტობ პაბისტრეე!
- ვოტ ბაბუ, ეტა ესტ ტვოი ბრატ ი სამ ტი დოლჟენ ვერნუტ ივო აბრატნა ვ ბრატვუ! მაგას კრომე ტებია ვერავინ მოძებნის –  ტიმკამ სიგარეტს მოუკიდა, ერთიც მოწია და მხიარულად ჩაახველა – სიჩას პასმოტრიმ, ვინ უფრო მაგარი მონადირეა, ახოტნიჩაია საბაკა, თუ ბაბუ – კიდევ მოწია და განაგრძო –  ბაბუს კი არ აქვს ნიუხი ცხოველებზე, ნააბაროტ, ცხოველებს აქვთ ბაბუს ნიუხი, ონ იესტ ნასტაიაში ვრემენი პავერენნი ვ დელახ ჟივოტნიხ, ჟივოი ტყაშიმაფა ია ვამ გავარიუ – ბოლო სიტყვები ისე წაუმღერა დაკრეჭილმა ტიმკამ, რომ ბაბუსაც გაეცინა – იდიოტ! ტყაშიმაფა იესტ ჩუვიხა და ეტატ ბაბუ ნასტაიაში ოჩოკოჩ – უპასუხა შვილს კიაზომ და ბადრისაც სიცილი აუტყდა. მერე ბაბუს შეხედა და ღიმილით სთხოვა: გურამ, თუ შეგიძლია, გააკეთე ყველაფერი ისე, ზედმეტი სროლა და ოფლისღვრა რომ არ დაგვჭირდესო. ბაბუმ სიცილი შეწყვიტასავით, ნაბიჯი წინ გადმოდგა და ბედნიერი სახით ახარა კიაზოს  – არ მინდა ეს ავტომატიანი ხალხი, მარტო წავალ, მოგიყვან ღორს, დავდგებით შენ წინ და მერე ვნახავ, როგორ მოგვკლავო – კიაზომ უპასუხა – მე ერთი რამე ვიციო – ბუდეტ ღეჯი – ბუდეტ მწვადი, არ იქნება ღეჯი – მოკვდება ბადრი მშიერი, ტაკ ჩტო ვპერიოდ, ვერნი ღეჯი აბრატნაო. ბაბუმ ავტომატი ბადრის ჩააბარა და მუბღოლია, მუბღოლიას ძახილით მანდარინებში გაუჩინარდა. ათი წუთიც არ იყო გასული, როცა უკანა ეზოდან სტვენის ხმა და ბაბუს ბურტყუნი მოგვესმა: ქორთუეფი მოურთუ, ვამოოთათ! წინ ბაბუ მოდიოდა, მის უკან აუღელვებელი ღორი, კიაზოსა და ბადრის წინ დადგნენ, ბაბუმ კეპი მოიხადა და თქვა: ამარ ვორეთ, შიილებუ პილათინ. კიაზომ ავტომატი გადატენა, ღორი არ განძრეულა, ბაბუმ კიაზოს შეხედა – კიაზო, დიონისე არიოპაგელი თუ გაგიგია შენ? – ჩაიცინა ბადრიმ. – ზოოლოგ ჩტო ლი გრეჩესკი? – მოიშორა კიაზომ.  – იდიოტ! გადაიხარხარა ტიმკამ – იდიოტ, ეტაჟ პაჩტი გრუზინ, ველიჩაიში ფილოსოფ ვიზანტიისკაი ეპოხი. – ხო, ბადრი, რას ამბობდა არეოპაგსკი – ჩაერია საუბარში ტიმკა – რას წერს და აი ასე წერს: და აი, შენს წინაშე, გულბოროტო ადამიანო, დგას თავად ღმერთი და უდგას გვერდით ძე მისი მხოლოდშობილი, სამი დღის მკვდარი და ცოცხლად აღდგენილი და შენ სიკვდილს უქადი მათ, რაოდენი ვნება მოაქვს მოყვასისათვის სიბოროტეს, თუკი მას შეუძლია ღმერთიც გაიმეტოს სასიკვდილოდ, როგორი სიბრიყვეა ბოროტება, აი, ამას წერს, ტიმკა, სინოკ – თქვა ბადრიმ და სიცილი აუტყდა. ბაბუ კმაყოფილი ჩანდა, კიაზომ სათითაოდ ყველას ჩაგვხედა თვალებში, მიხვდა, რომ უმცირესობაში იყო და ქართულად თქვა: მე როგორმე გავუძლებ შიმშილს, თქვენ იკითხეთო. ყველას ძალიან გვშიოდა, მაგრამ გახარებული ვიყავით, რომ ბაბუმ გაიმარჯვა. ბადრი ხითხითებდა, ტიმკა კისკისებდა, ღორი ღრუტუნებდა, მე და ბაბუ კი ერთმანეთს ვუღიმოდით – ა პრა ჟრატვუ ნიჩევო ნე პიშეტ ეს შენი არეოპაგსკი? – ამოიოხრა ბოლო-ბოლო კიაზომ – კი, მაგაზეც წერსო, უპასუხა მოხითხითე ბადრიმ – ბოგ დასტო, უწერია, მაგრამ იცის, გაითვალისწინე, რომ ბოგ მწვადები ნიკაგდა ნე დაიოტო – და ხითხითი განაგრძო. სწორედ ამ საზეიმო ხითხითის დროს მოგვესმა უკანა ეზოდან ნაცნობი „ქორთუები მოურთუ, ვამოოთათ“! აშკარად ვიღაც უცხო გვიახლოვდებოდა და სასწრაფოდ ოდის ბოძებს ამოვეფარეთ, მხოლოდ ბაბუ და ღორი არ განძრეულან. მანდარინებიდან კი ნაცნობი „ქორთუები მოურთუ, ვამოოთათ“ გამეორდა. ასაკოვანი თეთრწვერა ხურჯინიანი გლეხი მოვიდა ჩვენთან, გახსნა ხურჯინი, ამოიღო მჭადი, ყველი, სამლიტრიანი ჭაჭა და გაღიმებულად მდგარ ბაბუს ჰკითხა – ჩემი ღორი ხომ არ გინახავთო?