ირაკლი ხვადაგიანი

ამბოხი

სამოქალაქო ომის წინათგრძნობა? არა – უბრალოდ გემო ენაზე. არშემდგარი ომის.

ერთი შეხედვით, ეს მოგონებები ისე მყარად მქონდა ჩაბეჭდილი თავში, ბევრჯერ გამეორებული, მეგობრებისთვის სახუმაროდ მოყოლილი, მაგრამ ქაღალდზე გადმოტანისას ყველაფერი აიჭრა და აიწეწა…

რომელ კლასში ვიყავი? მეოთხე,  მეხუთე? არადა, აშკარად მახსოვს, კლასისა და დერეფნის გამყოფი მინის ბლოკებით ნაშენი კედელი (მაისში საამოდ გრილი მიყრდნობისას), ლურჯი ანარეკლებით, დამრიგებელ ნელი ივანოვნას საამაყო მინი ბოტანიკური ბაღის მცენარეულობის სიმწვანეში შერეული. ე.ი. მეხუთე კლასში, უკვე ახალ საფეხურზე. უკან იყო დარჩენილი დაწყებითი კლასების ტკბილ-მწარე ყოფა, ცხვირმოუხოცავი მაჩანჩალობა, სკოლის მეორე სართულიდან მესამეზე ასვლის შიში,  სადაც „დიდი ბიჭები“ დათარეშობდნენ.

თბილი დღეები, შემოდგომის მსუყე ფერები. ქუთაისური ქარები ჯერ კიდევ არ ამოვარდნილი.

ჩვეულებრივი დღე იყო, გაკვეთილებიც უხალისოდ მიგორავდა, ვიდრე მე-5 გაკვეთილის ზარიდან მასწავლებლის შემოსვლამდე დრო უცნაურად გაიწელა. კლასში სირბილი, ცარციანი ჩვრების სროლა და მერხების ნჯღრევა რომ მოგვბეზრდა, გაკვეთილის ჩავარდნით გაოცებულებმა დერეფანში გადავინაცვლეთ. სურათი მოულოდნელი იყო: ორი კლასის იქით – სამასწავლებლო ცარიელი, დერეფნებში ჩვენსავით მობორიალე მოსწავლეები, სკოლის ეზოში გაქცეულების კუდი. აშკარა იყო, გამოუცნობი მიზეზის გამო სწავლა ჩაიშალა. როდესაც მასწავლებლები ქრებიან, ბავშვებს რაღა გააჩერებთ სკოლაში – ამიტომაც გახარებულები გავიქეცით სახლებისკენ.

სახლში არავინ დამხვდა; უფროსი ძმა სკოლიდან უფრო ადრე მოსულიყო და უკვე „ქალაქში“ იქნებოდა, კრივის სექციაზე. დედა ბაზარში, მამა სამსახურში, რაც ე.წ. „სამეცნიერო ცენტრის“ მკვდრად ქცეულ დანადგარებიან ოთახში უსაქმოდ ჯდომაში გამოიხატებოდა. 

ზუსტად არ მახსოვს, რომელი უფრო ადრე იყო, ოთხფეხა „რეკორდის“ მტრედისფერ ეკრანზე (პერიოდულად ერთდროულად რომ გარბოდა ხოლმე კადრი ვერტიკალურ-დიაგონალურად) შევარდნაძე – თეთრი ქოჩრით და შეშფოთებული თვალებით, ნაძალადევი სიმკაცრით რომ მოუწოდებდა ვიღაცებს, „სასწრაფოდ დაბრუნებოდნენ დისლოკაციის ადგილს“ თუ მოტორების ყრუ გუგუნი და მძიმე ტექნიკის მუხლუხების რახრახი.

ჩვენი კორპუსის მეცხრე სართულიდან პატარა აივანი პირდაპირ გასცქეროდა ავტოქარხნის კომპლექსის გახუნებულ-გამოფიტული „ცეხების“ გასწვრივ გაჭიმულ ქუთაისი-ხონის გზას. დასავლეთით სტადიონ „კოლხიდის“ მისადგომებთან ჰორიზონტს „ჩეხური კორპუსების“ მჭიდრო რიგი კეტავდა, ჩრდილოეთის მხარეს პანორამა კი წელიწადის ყველა დროს თვალწარმტაცი იყო – ავტოქარხნის დადუმებული საკვამლე მილების მიღმა, მარტვილიდან მოყოლებული, ჩანდა წყალტუბო-თერნალი-გუმბრა-ბანოჯის სანახები, ასხის მასივი, ხვამლის მთა, ლეჩხუმის ქედი, ნაქერალა და აღმოსავლეთით კი – მთელი ოკრიბა.

სწორედ აღმოსავლეთიდან, ხონისკენ მიმავალ ტრასაზე (ასფალტი რომ მთვარის ზედაპირს ჰგავდა) ნაშუადღევის მზით განათებულ გადაბელილი ჭადრების ხეივანში გამოგორდა 5-6 ჯავშანმანქანისაგან შემდგარი მცირე კოლონა – ე.წ. „ბეემპეები“ და თვითმავალი საზენიტო დანადგარები, ჯერ ერთი, რამდენიმე ხნის შემდეგ – მეორე და ა.შ. და გეზი მაღლაკი-ხონისკენ აიღო.

ტელევიზია ნონსტოპ რეჟიმში განაგრძობდა ინფორმაციის გადაცემას ამბოხებული სენაკის ბრიგადის შესახებ და მოწოდებებს, დაბრუნებულიყვნენ საკუთარ ბაზაზე. ჩვენი დასახლება ერთგვარი პრივილეგიით სარგებლობდა ქალაქის სხვა ნაწილებთან შედარებით – შუქი თითქმის უწყვეტად გვქონდა; როგორც ბოროტი ხმები ამბობდნენ ავტოქარხნის წილიდან „მოტეხილი“ დენით გვანებივრებდნენ პატიოსან გადამხდელებს. ცენტრალური ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებდა ჩვენს ცნობისმოყვარეობას, ადგილობრივი ტელევიზია ძირითადად მაშინ ირთვებოდა, თემურ შაშიაშვილი მორიგი სამსაათიანი ვერბალური მარათონის გამართვას რომ დააპირებდა ხოლმე. დაზაფრულ ქალაქში კი ინფორმაცია – ჭორ-მართალი ელვის უსწრაფესად გადადიოდა დასავლეთიდან ცენტრის მიმართულებით.

ამასობაში ჩემი ძმა ჩამოქაქანდა „ქალაქიდან“ – რა თქმა უნდა, კრივისთვის არავის სცხელოდა და ყველანი უკან მოაბრუნეს. მამაჩემიც შეშფოთებული დაბრუნდა სახლში, რომელიც უკვე უხილავ ფრონტის ხაზთან ახლოს აღმოჩნდა. დათო ირწმუნებოდა, ავტობუსიდან „თოთხმეტსართულიანთან“ შეჯგუფებულ ჯარის ნაწილებში ჩვენი დედულეთელი შორეული ნათესავი ახმედა (ახმედიე, როგორც ლეჩხუმლები იტყვიან) დავინახეო; ბიძაჩვენიც, ქუთაისის ბრიგადის ოფიცერიც, წესით, უკვე „ფრონტზე“ უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში მართლა დავლანდეთ ახმედა, მხარზე უდარდელად გადაკიდებული „აკაესით“, რამაც კმაყოფილება მოგვგვარა – ყოველდღე ხომ არ ხედავ  ეკრანზე ნაცნობს!..

ამასობაში მზე გადაიხარა – ჩრდილები დაგრძელდა, ჰაერში დასავლური ბურუსი ჩამოწვა. ოჯახმა – მამამ, მე და დათომ – აივანზე გადავინაცვლეთ და შეშფოთებული გადავცქეროდით ჩვენს „სამხრეთ დასახლებას“, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად ამოძრავებულიყო და დაძაბულ მოლოდინს აჰყოლოდა.

ხალხი სახლებიდან გამოსულიყო, ეზოებში შეჯგუფებულები ბჭობდნენ და ნერვიულობდნენ. უმრავლესობას თან ეშინოდა, თან ცნობისმოყვარეობას ვერ უძლებდნენ და ტრასისკენ მიიწევდნენ, რომ რამე მაინც დაენახათ დასავლეთისკენ. ყველას გვქონდა შეგრძნება, რომ „ფრონტი“ სადღაც აქვეა, „მეორე პრახადნოისთან“, ტროლეიბუსების მოსაბრუნებელთან, მაგალითად… ზოგიერთი განსაკუთრებულად გაბედული 2-3-კაციან ჯგუფებად მორიდებით მიიწევდა იმ მხარეს, სეირის და შარის საძებნელად.

ჩვენს ეზოშიც მზარდი ჩოჩქოლი იყო – ეპიცენტრით „კუხნასთან“ – კორპუსის ხრეშიანი ეზოს კუთხეში ჩადგმულ დაბალ შენობასთან, სადაც  უსაქმური კაცები ღამეებს ლოთობაში და მახათის ყრაში ატარებდნენ. კაცები ხორხოცებდნენ, ძალთა თანაფარდობაზე მსჯელობდნენ – უმრავლესობას ჩვენსავით პირველად ახლა გაეგო ამბოხების მეთაურის – ელიავას  არსებობა და მის სახელს ყველა ბრუნვაში ატრიალებდნენ; ცოლ-შვილის სოფლებში ევაკუაციის გეგმებზე ბჭობდნენ. კორპუსის მცირე ფრაქცია – აფხაზეთიდან დევნილი მეზობლები უფრო ყოჩაღად იდგნენ და შიგადაშიგ გველურად შეახსენებდნენ უმრავლესობას – ახლა ხომ ხვდებით გემოს, რომ დაგვცინოდით, რამ გამოგაქციათ აფხაზეთიდანო?! 

სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელი საშინელება დატრიალდა. ერთმა ბებომ, რომელსაც ზურგზე პოლიეთილენის ნაქსოვ ტომარაში ჩატენილი ცოცხები მოეგდო, ის-ის იყო ჩვენი ბინის წინ ეზო მოკლეზე გადაჭრა და მთავარ გზაზე გადავიდა, რომ შენიშნა დასავლეთიდან ცარიელ ტრასაზე მომქროლავი ჯავშანმანქანა, რომლის გრუხუნი გზისპირა კორპუსების კედლებს ეძგერა. ბებომ ტომარას ხელი უშვა, ლოყაზე იტკიცა და  გამყინავი კივილით ჰაერი გააპო:

გაიქეცით, ხალხნოო, ტანკი მოდის, ტანკიი!

მთელი დასახლება თავზე მიწააგლეჯილ ჭიანჭველების ბუდეს დაემგვანა: ქუჩებში გამოფენილი ხალხის მასა აირია, აიჭრა, უმისამართოდ დატრიალდა და პანიკურად დაიფანტა. უმეტესობამ კორპუსებს მიაშურა, ზოგმა – გაზონებს. ერთი უკიდურესად შეშინებული და დაბნეული კაცი, კორპუსის ეზოში მდგომი, ჩაფუშულსაბურავებიანი ძველი „იკარუსის“ ქვეშ შეძვრა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა.

ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება; წამით გავხედე მარცხნივ მჯდომ, ფერგადაკრულ მამაჩემს, ჩამავალი მზის სხივებში სილუეტად გამოკვეთილ „ბეემპეს“ – მის ზურგს უკან მტვრისა და კვამლის ფარდას და, შემიძლია დავიფიცო, ენის წვერზე ვგრძნობდი უცნაური ნარევის გემოს – შიშის, გაურკვევლობის, კამუფლაჟების და ყვითელი „აბოიმების“ დანახვაზე ტვინში ჩარჩენილი ზაფრის, ქუთაისის ქუჩებში ლოთი ქობალიას ტანკების გრიალის ტელევიზიით ნანახი შავ-თეთრი კადრების… ნუთუ ეს ისევ ბრუნდება? 

კრიტიკულ წუთებში, როგორც ჩანს, ადამიანის მგრძნობელობა უეცრად მატულობს – თითქოს დურბინდში დანახულივით ახლოდან მახსოვს (სინამდვილეში ჩვენი მეცხრე სართულიდან ტრასამდე პირდაპირი ხაზით ალბათ ასე 60-70 მეტრი იქნებოდა) ჯავშანტრანსპორტიორზე შემომსხდარი უწვერულვაშო ჯარისკაცების დაღებული პირები და გაოცებული, გაფართოებული თვალები, როდესაც წამიერად გაუკაცრიელებულ უბანში ჩაიქროლეს.

„ბეემპე“ „ჩვენების“ აღმოჩნდა. ფრონტისკენ მიმავალი, რაღაც მიზეზით უკან მოაბრუნეს, რაც ჩვენს დასახლებას დიდი ელდის ფასად დაუჯდა. დარცხვენილი ხალხი ნელ-ნელა ისევ ქუჩებში გამოიშალა, თუმცა გადატანილმა შიშმა რაღაცნაირად დაძაბულობა უკვალოდ გააქრო. ბებოს ცოცხების ტომარა ისევ ტროტუარზე ეგდო – თავად რამდენიმე წამში ბარე ასი მეტრი გაერბინა და ახლა უკან ბრუნდებოდა თავისი ავლადიდების ასაკიდებლად. ამასობაში დაბინდდა. ყველამ ისევ ტელევიზორს მივაშურეთ, რომელიც უკვე ამბოხებულების უკან დახევასა და გაქცევაზე გვაუწყებდა ამაღლებული ტონით.

დედაც დაბრუნდა; შეღამებულზე ბიძაჩემიც შემოგვიერთდა – არმიის კაპიტანი, პირდაპირ „ფრონტიდან“  (1991 წლიდან 2003-მდე სადაც კი ტყვია გავარდნილა, ყველგან ნამყოფი). ვახშმად ხამსით, კარტოფილით, მწვანილეულობით და მამაჩემის გადანახული ღვინით შევიქციეთ თავი. ჩემი და დათოს დაჟინებული შეტევის მიუხედავად ბიძამ ორი სიტყვით აღწერა მომხდარი, რამდენიმე წუთით იყო სროლა გუბისწყლის ორივე მხრიდან, სნარიადის აფეთქებამ ერთი ჯარისკაცი მოკლა ჩვენს მხარეს და ეგ იყო და ეგო.

მეორე დღეს სწავლა აღარ იყო. კმაყოფილი ვნებივრობდი სახლში და რაღაც ფილმს ვუყურებდი რუსულ არხზე. მეზობლის ბავშვმა – სასწრაფოდ სკოლაში გიბარებენო. სკოლაში, უცხო კაბინეტში, კარადის ფორმა-წონიანი, დაუნდობელი ტერორისტის იმიჯის მქონე დაწყებითების მასწავლებლის პირისპირ აღმოვჩნდი, რომელიც სკოლის არაფორმალური შემოსავლების საკითხებს კურირებდა. მაგრად შემახურა „რემონტის ფულის“ დაგვიანების გამო. ღრმად შეურაცხყოფილი და ტირილამდე ნაწყენი წამოვჩანჩალდი სახლში. მომდევნო რამდენიმე დღე სიცხე მქონდა. ყოველთვიურად 2 ლარის (მოსწავლეზე 1 ლარი) გადახდა სერიოზულ უსიამოვნებას უქმნიდა ჩვენს ოჯახს.



P.S.

ფაქტობრივი გარემოებები:

1998 წლის 19 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში მოქმედი პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული პარტიზანული რაზმების და პოლიტიკოსების ორგანიზებით დაიწყო შეიარაღებული ამბოხება. სცენარი დიდი ხნის მუშაობის შედეგი იყო, თუმცა ბოლომდე გაუაზრებელი და ცოტა გულუბრყვილოც; ჩანაფიქრის მიხედვით შეთქმულებს კონტროლი უნდა აეღოთ სენაკის ბრიგადაზე, რომლის ოფიცრებიც ამბოხებას თანაუგრძნობდნენ. სენაკის ბრიგადა უნდა დაძრულიყო ქუთაისისკენ სამი მიმართულებით – ხონის, წყალტუბოს და სამტრედიის მხრიდან და მოულოდნელად უნდა შესულიყო ქალაქში, სადაც მას უკვე ელოდებოდნენ ქუთაისში კონსპირაციულად ჩასული გამსახურდიას მთავრობის ყოფილი წევრები. ქალაქში და დასავლეთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება აღდგენილად გამოცხადდებოდა, და ცენტრს – ედუარდ შევარდნაძეს წაეყენებოდა ულტიმატუმი, გადამდგარიყო და ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო მთელს ქვეყანაში, რაც, ამბოხებულთა აზრით, საბოლოოდ ჩამოაშორებდა ხელისუფლებას ედუარდ შევარდნაძეს მთელ საქართველოში. 
19 ოქტომბრის დილის საათებში შეთქმულებმა მოახერხეს სენაკის ბრიგადის დაპატრონება. შეიარაღებულ ნაწილებს სათავეში პარტიზანი აკაკი ელიავა და სენაკის ბრიგადის ოფიცერი რევაზ ასმავა ჩაუდგნენ. კოლონების ორგანიზება გაჭიანურდა – ერთი მხრივ, ტექნიკა ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო და თანაც, წინა საათებში ამბოხების მოწინააღმდეგე ოფიცრებმა ჯავშანტექნიკის საწვავის ავზები დაცალეს. ძვირფასი საათები და მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა. დილისათვის მცირე კოლონები სამივე მიმართულებით დაიძრნენ ქუთაისისაკენ. „სამთავრობო ძალებში“ უკვე განგაში იყო. ხონში შესულ აკაკი ელიავას დაჯგუფებას მოსალაპარაკებლად დახვდნენ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული თემურ შაშიაშვილი და უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ამბოხებულებმა ისინი მძევლად აიყვანეს და ქუთაისისკენ დაიძრნენ. სამთავრობო ძალები მათ მდინარე გუბისწყალთან შეხვდნენ. გაჭიანურებული მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ამბოხებულებს ცეცხლი გაუხსნეს და როგორც ის რამდენიმე წლის შემდგომ ინტერვიუში მორცხვად აღნიშნავდა, თითქმის მთელი საბრძოლო მარაგი რამდენიმე წუთში გაისროლეს. ორმხრივი სროლის შემდეგ ამბოხებულები მიხვდნენ, რომ გეგმა ჩაიფუშა, რადგან მოულოდნელობის ეფექტი დაკარგული იყო და დაიშალნენ – ორგანიზატორებმა კვლავ ტყეს მიაშურეს. 
აკაკი ელიავა თავის რაზმელებთან ერთად კარგა ხანს ისევ ტყეს აფარებდა თავს – ტელევიზიები პერიოდულად აკითხავდნენ და სიუჟეტებს უძღვნიდნენ შავ ფორმასა და ბერეტებში გამოწყობილ პარტიზანებს. 2000 წლისათვის მთავრობამ ელიავა „შემოირიგა“. 6 ივლისს, მცხეთიდან სამეგრელოსკენ ავტომანქანით მიმავალი აკაკი ელიავა 4 რაზმელთან ერთად ზესტაფონში გააჩერეს და იარაღის უკანონო ტარების მოტივით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც განიარაღების უშედეგო მცდელობის კვალდაკვალ მდგომარეობა დაიძაბა; ელიავამ პოლიციის უფროსი ფაქტობრივად მძევლად აიყვანა. საბოლოოდ მას მძევალთან ერთად ცხენისწყლისკენ გატარება შესთავაზეს, გვიან ღამით ეზოში მანქანებში ჩასასხდომად გასულებს კი ზურგიდან ესროლეს და თანამებრძოლ გოჩა ლაგვილავასთან ერთად ადგილზევე მოკლეს.