ანნა ძიაპშიპა

რატომ არის ცრემლები მლაშე?

საერთოდ, არსებობს ამგვარი ცნება, რომ რასაც ადამიანი ხმამაღლა ამბობს, სადღაც იწერება. მაგრამ მე შიშის გრძნობაც დაკარგული მაქვს. მაშ ასე… მე არა მაქვს წინასწარმეტყველობის ამბიცია. მხოლოდ სანაძლეოს ვდებ ხოლმე და მიმართლებს – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. 

მიიწურა მეოცე საუკუნე და საქართველო ახალ ათასწლეულში შეაბიჯებს. “რა მივულოცოთ ჩვენს თავს ქართველნო?!” 100 წლის წინ დიდი ილიას მიერ წინასაახალწლოდ დასმული ეს შეკითხვა დღემდე ინარჩუნებს თავის აქტუალობას იმ ქვეყანაში, სადაც მისალოცი მართლაც რომ ბევრი არაფერია. 

2000 წელს საქართველო წლის საუკეთესო პოლიტიკოსის გარეშე დარჩება. ყოველგვარი ცინიზმის გარეშე გეკითხებით: მოგლანდებიათ გურამ პეტრიაშვილი ოდესმე? 

როგორია 21-ე საუკუნის დასასწყისისთვის თქვენეული პროგნოზი? 
პოლიტიკური წნევა, ნუ დაარტყამთ პრეზიდენტს!, ღარიბაშვილის მდედრობითი სქესის ჩიბუხი, მკურნალი კატები. კაი ხანია ვკითხულობ: ბაბილონი თუ ვაშინგტონი? 

შემიძლია დაგისახელოთ ფსიქოტროპული მოქმედების ემულგატორები, ეს ისეთი ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ზეგავლენას ახდენს როგორც ნორმალურ, ასევე დაავადებულ ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე: იწვევს უგუნებობას, აპათიას, თავის ტკივილს, შრომისუნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითებას, ნებელობის შესუსტებას და სამყაროს აღქმის დამახინჯებას. მარტივად რომ გითხრათ, ეს ადამიანის ზომბირების ერთ-ერთი მექანიზმია. თუმცა, ბევრად უფრო რთული მექანიზმებიც არსებობს. 

და დავძენდი: ეს ნაერთები ერთნაირად წამლავს ნაციონალისტსაც, კოსმოპოლიტსაც, დემოკრატსაც და კაცურ კაცსაც. როგორც სატრანსპორტო დერეფანი, საქართველო შეიძლება აინტერესებდეს ყველას, მაგრამ ძლიერი და ჯანმრთელი გენოფონდის შექმნა უნდა გვაინტერესებდეს ჩვენ. 

ამ საქმეში გაგვიმართლა, ნავთობის ტრანზიტით გამდიდრების ილუზიამ ჩაილურის წყალი დალია და ვცხოვრობთ ახლა უშუქო დერეფანში, ორპირი ქარის ამარა…

საქართველო გონების ქსელში ჩართული არ არის. არანაირი სურვილი არა მაქვს აპოკალიფსის, რომელიც კაცობრიობას ელის! ერის ჩაგვრის ისტორია ისეთივე ფასეულია, როგორც მისი წარმატების ისტორია. დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, რომ ინფორმაციაზე უნდა არსებობდეს კოლექტიური უფლება. ერს აქვს უფლება იცოდეს თავისი ჩაგვრის ისტორია, ამ უფლების დაცვაზე კი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. ადამიანებს მეხსიერება ამოუტუმბეს, ხალხს აღარ ახსოვს, რა იყო გუშინ. 10 წელი მთელ საუკუნედ იქცა… პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, დღევანდელი ადამიანი მე-12 საუკუნესთან უფრო რეალურ კონტაქტს ამყარებს, ვიდრე ამ საუკუნის 70-იან და 80-იან წლებთან. 

ყოველგვარი ცინიზმის გარეშე გეკითხებით: მოგლანდებიათ გურამ პეტრიაშვილი ოდესმე? 

როცა გაბრაზებული ვარ, კედლიდან პირდაპირ ვაჟა მიმზერს გაკვირვებული თვალებით და მეკითხება: რაზე ბრაზობო? თუ კარგ გუნებაზე ვარ, რა გიხარიაო? 

რატომ აღარ ჰგავს თბილისი თბილისს? 

განსაკუთრებით მუქია აურა აეროპორტის დასახლებაში, იგივე მდგომარეობაა შემდეგ უბნებში: ვარკეთილი-3, ვარკეთილი-ზემო პლატო, ორთაჭალა, ვერა, ვაკე, ნუცუბიძის პლატო, სანზონა, გლდანი, გლდანულა… ვარკეთილი და გლდანი დიდი რაიონებია, სადაც ძირითადად უმუშევრად დარჩენილი მუშები ცხოვრობენ – არა აქვთ სინათლე, სცივათ, ამდენად ნეგატიური ემოციებიც უფრო მძაფრია, რაც ამ უბნებს განსაკუთრებით აბინძურებს. 

საშინელი ქვეყანაა, არანაირად არ მომწონს. ყველგან მათხოვრები და სიბინძურეა. გუდაურში ერთმა კაცმა თქვა – საქართველოსთვის ტუალეტებიც ადრეაო. 

წალენჯიხაში ქობალიას ქუჩაზე მცხოვრებ ქუჩულორიას, როგორც ჩანს, სიმთვრალეში არ უმართლებს. 

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მდებარეობს ღვინის ქარხანა “დამარჩინე”. ტრაგედიაც სწორედ ამ ქარხნის ტერიტორიიაზე დატრიალდა. 

41 წლის პაატა თვალჭრელიძეს კრიმინალურ სამყაროში მეტსახელით პატო-მალენკით იცნობენ. კანონიერი ქურდი სამჯერ არის ნასამართლევი. “კანონიერად” კი 80-იან წლებში, უკანასკნელი პატიმრობისას “აკურთხეს”. 

განა არ არის შეშლილი მსოფლიო? ადამიანები ამ შეშლილ მსოფლიოში მხოლოდ ერთი პრინციპით ცხოვრობენ. იშოვონ ფულით სავსე ტომრები – ამბობს მომღერალი ქულიო. 

ციკლიდან “კომპლიმენტები ჯალათებს”:

აშშ-ში საკრამენტოს შტატის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საკუთარ ბოსტანში იპოვა ჩარტერული თვითმფრინავის სალონიდან გადმოვარდნილი 30 წლის ელიზაბეტ ოტტოს გვამი. 

ოპოზიციამ უკრაინის პრეზიდენტს წყალი შეუყენა. 

მხ. ფ. სკუმონი – უბედურების მომტანი. 

ჰუსეინი ამერიკას “სონის” სათამაშოებით დაბომბავს.

მხ. ფ. – ვნება.

გვატემალაში ქათმის ქურდი ჩაქოლეს. 

მხ. ფ. – აგენტი მინი ქვედაბოლოში.

კანადაში მარიხუანას მოყვანა დააკანონეს. 

მხ. ფ.  – იმედის შენარჩუნებისთვის.

კბილებით დაიჭირეთ კოქტეილის საწრუპავი და ჰაერში ნებისმიერი ციფრები ან სიტყვები გამოსახეთ. 

პუტინი შეუძლოდ არის. მსოფლიოში მოგზაურობის სიყვარული, როგორც ჩანს, უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.  სპეციალისტთა ავტორიტეტული აზრით, მარშრუტი რუსეთი-კუბა-აშშ-კანადა-რუსეთი პუტინის ძლიერი ორგანიზმისთვისაც კი მეტისმეტია. პუტინი, რა თქმა უნდა, გართულებებს ფეხზე გადაიტანს, რაც საგრძნობლად გაზრდის ადაპტაციის პერიოდს. 

მხ. ფ. – ვირუსი. 

როგორ შეიძლება, რაც პირზე მოგადგება, პრეზიდენტთან იყვირო და იღრიალო? 

ხელოვნების მოყვარე ჩეჩენი ბოევიკები. ჩეჩენ ბოევიკებს განზრახული ჰქონდათ “შამილის” გაყიდვა ნახევარ მილიონ დოლარად და ამ ფულით იარაღის შეძენა, სურათის ტრანსპორტირებისას უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გამტაცებლები დააკავეს.

მხ. ფ. – ცეკვები წყალზე.

რატომ არის ცრემლები მლაშე? 

ეს ნახატები გაუბედავი ბავშვური ხელით შესრულებულს ჰგავს, სინამდვილეში კატიას ფუნჯი კბილებით უჭირავს და ისე ხატავს. 

მარილიანი ცომი ნიკაპს და ტუჩებს ძალიან უღიზიანებს, ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, რამდენ ენერგიას და მოთმინებას ხარჯავს ეს პატარა არსება. 

მხ. ფ. – ღამის ფერი. 

რა მისია დააკისრა უფალმა ჩვენი სხეულის ორგანოებს?

100 ათას დოლარს გადავუხდი იმას, ვინც ლენინის ბოქვენის თმას მომიტანს – პავლე ვანტუხი – ჩეხი ნუდისტების ლიდერი, ბიზნესმენი. 

მხ. ფ. – მანამდე და შემდეგ.

გათბობა მთელ მოსკოვში რომ გამორთონ, ქუჩაში გამოვალ, გამვლელებს გავეხახუნები და ისე გავთბები, რომ არაფერი ვთქვა ძველებურ რუსულ საშუალებაზე – არაყზე. 

ყოველგვარი ცინიზმის გარეშე გეკითხებით: მოგლანდებიათ გურამ პეტრიაშვილი ოდესმე? 

მე კი უცნაური სურვილი ამეკვიატა: მენახა ეს ჟურნალი რომელიმე პარლამენტარის ან სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ხელში და მზესუმზირის გამყიდველისაგან მოწოდებული ქაღალდის პარკი შიშნარევი გრძნობით გავხსენი. 

P.S. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს მაია ხუნდაძემ თავის მეგობარ ირაკლი ამაშუკელს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მეტრო “რუსთაველთან”  პაემანის შემდეგ, ორივენი ამაშუკელის მეგობარს, ნ. ცენტერაძეს ესტუმრნენ. ამაშუკელმა ცენტერაძეს აუხსნა, რომ მაია ხუნდაძეს პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე დღით მისთვის თავშესაფარი სთხოვა. დიასახლისიც სულგრძელად დათანხმდა. მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, ვის უღებდა კარს. 

შუაღამისას, როდესაც ცენტერაძეების ოჯახის წევრებს ეძინათ, მაია ხუნდაძემ ისარგებლა შემთხვევით და ბინიდან ფარულად გაიტაცა 10 ლარად ღირებული ქალის ლაბადა, 5 ლარად შეფასებული 3 ცალი თვალის ფანქარი, 4-ლარიანი 1 ცალი ტუჩის პომადა და ფანქარი, 50 თეთრად ღირებული 1 ცალი შავი სავარცხელი, 1-ლარიანი კბილის ჯაგრისი “ქოლგეითი”… სულ 43 ლარად და 50 თეთრად ღირებული ნივთები. შემდეგ ეს ყველაფერი მოათავსა ცელოფანის პარკში (პარკის ფასი უცნობია – მ.კ.) და მიიმალა. გათენდა ის ავადსახსენებელი დილა და ბინის დიასახლისმა პოლიცია გამოიძახა, რომელმაც სულ მალე დააკავა ეჭვმიტანილი და ბინიდან გატაცებული ნივთებიც ამოიღო. 

ყოველგვარი ცინიზმის გარეშე გეკითხებით: მოგლანდებიათ გურამ პეტრიაშვილი ოდესმე? 

ახალგაზრდობაშივე შეეჩვიეთ თავაწეულ სიარულს.

ბიჭებს უფრო მდიდარი ფანტაზია აქვთ. 

ითვლება თუ არა ქონდარი სასარგებლო მცენარედ? 

საუკუნის დასასრული და ახლის დასაწყისი, აპოკალიფტურ განწყობებს და ვარაუდებს აჩენს. განსაკუთრებით ისეთ საზოგადებებში სადაც ეს მოლოდინი ისედაც სულ არის. ერთ-ერთი ყვითელი, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გაზეთის კითხვისას მუდმივი ბოლო ჟამის განცდა სულ გვაქვს. ამ გაზეთის 2000 წლის 31 დეკემბრის ნომერი ავიღე და წინადადებები გადავაწყვე, თუმცა ახალი ტექსტის კითხვისას მივხვდი, რომ ამავე გაზეთის დღევანდელ ნომერს თუ გადაშლით, იგივე პათოსს, იგივე სახელებს და ამბებს წაიკითხავთ. ამიტომ, დაჭერით ყველა გაზეთი და ამ ნაკუწებისგან თქვენი ვერსია გააკეთეთ, შემდეგ შეადარეთ რომელი უფრო აბსურდულია; მათი ვერსია, თქვენი, თუ ჩვენი რეალობა.