ლევან შატბერაშვილი

ცეცხლოვანი ბუჩქი

(თუკი აქ აღწერილი მოვლენები, თარიღები, ადამიანთა ქმედებები, მათი პირიდან ამოსული სიტყვები ზუსტად დაემთხვევა რომელიმე რეალურ შემთხვევას, მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის დაფუძნებული ნამდვილ ისტორიაზე და არაფერი აკავშირებს მასთან. თუ მასში ვინმე საკუთარი თავისა ან კონკრეტული პერსონაჟის სარკისებურ ანარეკლს შეამჩნევს და ამ მიზეზით მის გულს მრისხანება მოიცავს, არ უნდა დაივიწყოს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დამთხვევაა და სხვა არაფერი…)
 
***
2002 წლის ზაფხული იდგა. ორი კვირა იყო, რაც ჩემი ბიძაშვილები და დეიდაშვილები წმინდა ნინოს გზას გასდგომოდნენ. რამდენჯერ შემომითვალეს, შენც წამოდიო, მაგრამ რადგან არასდროს მიზიდავდა რელიგიური ლაშქრობები, თბილისში დარჩენა ვარჩიე. რამდენიმე  კვირა ისეთ უსაქმურობაში გავატარე, რომ წიგნიც არ გადამიშლია, მხოლოდ ტელევიზორს ვუყურებდი. ხანდახან თბილისში კანტიკუნტად შემორჩენილ ძმაკაცებს თუ გავუვლიდი. ხვატით გათანგულები გავარვარებული ასფალტის ტროტუარებზე სიცხეში მოშრიალე  ხის ჩრდილს ვპოულობდით, ვსხდებოდით, ცივ ლუდს ვსვამდით და გამვლელ-გამოვლელებზე ვჭორაობდით, – ვის რა ეცვა, როგორ დადიოდა, ოფლი როგორ სდიოდა, როგორ ხვნეშოდა, – მერე ერთმანეთს ვეკაიფებოდით, ბოლოს ვიშლებოდით  – ყოველგვარ სიამოვნებას მოკლებული მშვიდობა და სოლიდარობა გვქონდა გაჩაღებული… ვინ იფიქრებდა, რომ ამბავი, რომლის მომსწრეც სულ რამდენიმე დღეში უნდა გავმხდარიყავი, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გამყვებოდა როგორც ბოროტი გამოცანა თუ გაკვეთილი.
ერთ საღამოს, სწორედ ამ ფუქსავატობის პიკში, ბიძაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ მეორე დღეს მისი შვილის, ნინას დაბადების დღე იყო და აპირებდა, წმინდა ნინოს გზაზე ჩაეკითხა მცირე პურ-მარილით და შემომთავაზა, მეც წავსულიყავი. მე და ნინა ერთად ვიყავით გაზრდილები და ღვიძლი დასავით მიყვარდა; გარდა ამისა სამი დეიდაშვილის ნახვის შესაძლებლობაც მახარებდა, რადგან მათთანაც არანაკლები სიახლოვე მაკავშირებდა. ამიტომ წასვლა გადავწყვიტე. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე გამომივლიდა.
 
***
რა იყო წმინდა ნინოს გზა: როგორც ყველა ქართველ მართლმადიდებელს მოეხსენება, მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ ქართლის სამეფოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში იქადაგა. იმ უხსოვარ დროს სატრანსპორტო სისტემა არც ისე გამართული იყო და ამის გამო ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმის განხორციელებისას მას ფეხით სიარული მოუწია, შესაბამისად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან, მრავალი ასეული კილომეტრი განვლო და მანამ არ გაჩერდა, სანამ მთელი ქართლის მოქცევა არ მოახერხა. ამ ამბების შემდეგ მრავალი ასეული წელი გავიდა, უამრავი ომი გადახდა საქართველოს, მრავალი ადამიანის თავზე დატრიალდა ბედის ბორბალი, ბევრი დამპყრობელი შეიცვალა, მაგრამ წმინდა ნინოს გზის მეორედ გავლის იდეა არც არავის მოსვლია თავში, სანამ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი არ დაიშალა და ქვეყანა არეულობებმა არ მოიცვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ეკლესია ოთხმოცდაათიანი წლების მძიმე პერიოდში ერთადერთი ინსტიტუტი აღმოჩნდა, რომელსაც ფუნქციონირება არათუ არ შეუწყვიტავს, არამედ თავისი გავლენა განავრცო და ერთადერთ ზნეობრივ და საზოგადოებრივ ნუგეშად მოევლინა იმედგადაწურულ ხალხს. 2002 წლისთვის ეკლესიას არამცთუ დაბრუნებული ჰქონდა თავისი პოზიციები, არამედ დიდი სისწრაფით ფართოვდებოდა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი ეპისკოპოსის – მეუფე მარკოზის თავში გაჩნდა იდეა, რომ ახალგაზრდა მორწმუნეთა ჯგუფს, რომელიც უმეტესად სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან შედგებოდა, კიდევ ერთხელ მოელოცათ ეს წმინდა გზა. ფეხით მოევლოთ სამცხე-ჯავახეთი და ხელი შეეწყოთ ქრიტიანული რწმენის ისეთ რეგიონში გავრცელებისთვის, რომელიც რელიგიურობით ჩამორჩებოდა როგორც დედაქალაქს, ასევე სხვა რეგიონებს.
მეუფე მარკოზი ძალიან საინტერესო კაცი იყო – თბილისში დაბადებულს და გაზრდილს, თუ არ ვცდები, მოსკოვში ჰქონდა მიღებული განთლება და ახალგაზრდობაში საკმაოდ პერსპექტიულ ქიმიკოსადაც ითვლებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაშინ როცა ქვეყანა ომებმა და კრიზისმა მოიცვა, ახალგაზრდა მარკოზი, რომელიც იმ დროს, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, სხვა სახელს ატარებდა, იმდენად რელიგიური გახდა, რომ მოულოდნელად მღვდლად ეკურთხა, სულ რამდენიმე წელიწადში კი საერთოდ მეუფე მარკოზად მოგვევლინა.
მეუფე მარკოზის რელიგიური ლაშქრობები გამოირჩეოდა ახალგაზრდული და თანამედროვე ხასიათით. მასთან არ იგმობოდა არათუ კულტურა ზოგადად,  არამედ კონკრეტულად დასავლური კულტურაც კი არ იყო შეჩვენებული, რაც დიდი იყო იშვიათობა ქართველი კლერიკალების მხრიდან. ხშირად აწყობდა შეხვედრებს ხელოცანებთან: მუსიკოსებთან, რეჟისორებთან და მწერლებთან. მოკლედ, მეუფე მარკოზი ადამიანთა სულებზე არა მხოლოდ რელიგიის, არამედ ხელოვნების მეშვეობითაც მებადურობდა. ამის გამო, მას პროგრესული მღვდელმთავრის სახელი გაუვარდა და სატელევიზიო თოქ-შოუების ხშირ სტუმრად იქცა. ნელ-ნელა მეუფემ ბევრი მხარდამჭერის მოპოვება შეძლო ისეთ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს შორის, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ ქვეყნის ე. წ. დასავლური კურსის ლობირებაში.
ზუსტად ასეთ პოლიტიკოსს წარმოადგენდა ქალბატონი ხატია, რომელიც დიდი სიამოვნებით ჩაერთო წმინდა ნინოს გზის იდეის განხორციელებაში და სტუდენტების უსაფრთხო გადაადგილების და ლაშქრობის ორგანიზების საპასუხისმგებლო ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო. ქალბატონი ხატია ჭკვიანი ქალი იყო და მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კუთხის ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავრის მხარდაჭერას და ამავდროულად თბილისური ელიტის წევრებისთვის მისაღები მეუფის კეთილგანწყობას. ეს ორი ფაქტორი ისე ყისმათად შეიძლებოდა გადაწვნოდა ერთმანეთს, რომ ჭეშმარიტი პოლიტიკური წარმატების ფორმულად ქცეულიყო. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი არაფერი გაეგებოდა ლაშქრობებისა, არც კი დაფიქრებულა, ისე დათანხმდა მეუფის შემოთავაზებას.
მართლაც, პირველი რამდენიმე კვირა წყალივით წავიდა, რამე გართულება კი არა, გზაზე ფეხიც კი არავის გადაბრუნებია. საქმე თითქმის არ ჰქონდა, უბრალოდ მანქანაში უნდა მჯდარიყო, ორასი ახალგაზრდისგან შემდგარი ლაშქრობა კი თავისით პოულობდა გზას, მოსახილ ადგილს თუ საბანაკე მინდორს. ორი კვირის განმავლობაში ხატიამ იმდენი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, ზარის განხორციელება თუ მიღება მოახერხა, რომ ბოლომდე დარწმუნდა თავის ორგანიზაციულ ნიჭსა და შეუცვლელობაში. მოლაშქრეებში აბსოლუტურ იდილიას დაესადგურებინა – საღამოობით, მთელი დღის ნავალი ბიჭები და გოგოები კარვებს შლიდნენ, ცეცხლს ანთებდნენ და ათასგვარი უწყინარი გასართობით ირთობდნენ თავს. ზოგი ხალხურ სიმღერას შემოსძახებდა, ზოგს გული ვეღარ უძლებდა და მხიარულად ჩამოუვლიდა ხოლმე დალოცვილ დავლურს. დანარჩენები ერთმანეთს საინტერესო ამბებს უყვებოდნენ ან წიგნებზე და ფილმებზე იწყებდნენ საუბარს. ზოგიერთი ცოტ-ცოტას სვამდა კიდეც, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც ეს ყველაფერი ხელს უწყობდა არა მარტო ახალგაზრდათა შორის რელიგიური გრძნობებისა და ზნეობის გაღვივებას, არამედ აახლოვებდა კიდეც მათ, აამხანაგებდა, ამეგობრებდა და ხანდახან კი ქალ-ვაჟური სიყვარულის ნაზ გრძნობასაც აჩენდა, რომელიც სავარაუდოდ მალე ჯვრისწერით უნდა დასრულებულიყო.
 
 
***
ბიძაჩემმა მეორე დილით ბიცოლაჩემთან ერთად, ზუსტად ცხრა საათზე გამომიარა შინდისფერი “ნივით”. საბარგული საჭმელ-სასმლით ჰქონდა დატვირთული. ისე ცხელოდა, მივხვდი, რომ გზაში ძალიან გავწვალდებოდი და კინაღამ  ვუთხარი, ვერ ვარ კარგად, წამოსვლას ვერ მოვახერხებ-მეთქი, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ამ დროს წასვლაზე უარის თქმა უკვე საშინელი ეგოიზმი და ცუდი საქციელი იქნებოდა.
გზა დამღლელი და უინტერესო აღმოჩნდა. უკანა სავარძელში ვიჯექი, ფანჯრები არ იღებოდა, ჩახუთული ვეგუებოდი ბედს. ასეთი განწყობით ვიმგზავრეთ თითქმის სამი საათი. ერთმანეთში ძალიან უსისხლოდ და მოსაწყენად ვსაუბრობდით, თითქოს ვხუმრობდით და სასაცილო ამბებსაც ვიხსენებდით, მაგრამ კარგ ხასიათზე მაინც ვერ დავდექით. პეიზაჟები პეიზაჟებს ცვლიდა, ჩვენი განწყობა კი უცვლელი იყო. ბიძაჩემი პერიოდულად რეკავდა ნინასთან და არკვევდა, სად იყვნენ დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, რათა ჩასულებს მოლაშქრეთა ძებნაში დრო არ დაგვეკარგა. ბოლოს როცა დავურეკეთ, გაირკვა, რომ ვარძიის ახლომახლო, მტკვრის გაღმა ნაპირას ძველი, მიტოვებული ეკლესია იყო და მის მოლოცვას აპირებდნენ. ჩვენც პირდაპირ იმ ადგილისკენ ავიღეთ გეზი.
 
***
მდინარის პირას რომ მივედით, მოლაშქრეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მოსული – არავის არ ვიცნობდით. მტკვარი სუფთა იყო, სწრაფად მოედინებოდა, ხავსმოკიდებულ ქვებზე სხარტად გადარბოდა და ალაგ-ალაგ მწვანე ადგილებში მუქი ლურჯი ფერი ჰქონდა. მდინარის შუაში პატარა კუნძული ამოზრდილიყო, რომელზეც მაღალ ბალახს მოეკიდა ფეხი, ზუსტად ცენტრში კი ტირიფი ამოსულიყო – მოჭარბებული წყალი ტირიფზე კარგად მოქმედებდა, ფოთლები მზის სხივებზე ხასხასა მწვანედ ანათებდნენ. მოლაშქრეები, რომლებიც სხვებზე ადრე მოსულიყვნენ, ვერ ისვენებდნენ:
– ფონი უნდა ვიპოვოთ! – თქვა ერთ-ერთმა და საქმიანად დაიწყო არემარეს თვალიერება.
ეს იყო ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის მაღალი, გამხდარი, ქერა, ცისფერთვალება ბიჭი, რომელიც მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი გარეგნული მახასიათებლებისა, მაინც არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული – როგორც ჩანს, ბუნებას ჯერ კიდევ ვერ მოეწესრიგებინა მისი ნაკვთები.
– მოდი, ჯერ სხვებს დაველოდოთ – ურჩია შავგვრემანმა ხუჭუჭა მეგობარმა.
– კაი, მაშინ სიგარეტს მოვწევ.
– ეშმაკის საკმეველს?! – კონვენციურად წაიმკრეხელა  ხუჭუჭამ.
– ფრთხილად იყავი, მეხი არ დაგეცეს! – ასეთივე სულელური ხუმრობით უპასუხა მან.
ქერამ ნაპირთან დიდი ქვა იპოვა, სიგარეტი ამოიღო და გემრიელად გააბოლა. ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. ბევრი სიარულისგან სუნთქვა ჰქონდა გახსნილი, ბოლი ხარბად ჩასდიოდა ფილტვებში. ამასობაში სხვა მოლაშქრეებიც გამოჩნდნენ, ხმაურით მოდიოდნენ. მათში ერივნენ ჩემი იუბილარი ბიძაშვილი და სამი დეიდაშვილი – ეკა, თიკო და ბექა. როგორც კი დაგვინახეს, გახარებულები ჩვენსკენ წამოვიდნენ. მილოცვების, მოკითხვების და ჩახუტების შემდეგ, ბიძაჩემმა მანქანიდან საჭმლის ამოლაგება დაიწყო, მეც ვეხმარებოდი. ძალიან მშიოდა და ვჩქარობდი. მინდორზე სუფრა გავფინეთ, კერძები გავაწყეთ,  გვერდზე პლასტმასის ჭიქები, თეფშები და დანა-ჩანგალი მივუსკუპეთ. მდინარის პირიდან ნაზი ნიავი უბერავდა. დიდი ხნის უნახავმა ნათესავებმა ხალისიანი საუბარი წამოვიწყეთ. უეცრად ქვასთან ჩაცუცუქულმა ქერა ბიჭმა დაარღვია იდილია.
– მეორე ნაპირზე არ გადავიდეთ? – ჰაერში  იკითხა მან.
– დაიცადე, დანარჩენებიც მოვლენ და გადავიდეთ – უპასუხა ხუჭუჭამ.
– მაგათ თუ ველოდე, საღამომდე ვერ გადავალ.
– არ გინდათ, ბიჭებო, დაგვეწვიოთ? თან ცოტას დაისვენებთ და მერე გადახვალთ ყველასთან ერთად – ჩაერთო ბიძაჩემი.
– დიდი მადლობა, სიამოვნებით დაგეწვევით – თქვა ხუჭუჭამ და ჩვენსკენ წამოვიდა.
– არა, მე მაინც მოვძებნი ვინმეს და დროზე გადავალ, თორე ამათ თუ ვუცადე, ვაფშე ვერ ვნახავ იმ ეკლესიას – არ ცხრებოდა ქერა.
– უკვე თითქმის ყველა მოვიდა და ერთად გადავიდეთ ჯობია, მაგრამ რა გითხრა, ძმაო, შენი საქმისა შენ იცი.
ქერა ნელ-ნელა გაგვეცალა და ახალმოსულ მოლაშქრეებში გაუჩინარდა. ჩვენ ლაპარაკი განვაგრძეთ და ახალ ნაცნობსაც გავუბით საუბარი.
– ლევანი! – ვუთხარი ამაყად და ამაყადვე გავუწოდე ხელი.
– სასიამოვნოა, ლაშა, ძმაო. შენ ალბათ ნინას ბიძაშვილი ხარ, ხო? გუშინ ამბობდა, მამაჩემს ალბათ ჩემი ბიძაშვილიც ჩამოყვებაო.
– ხო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ. შენ თავიდანვე აქ ხარ? ანუ წმინდა ნინოს გზის დაწყებიდან ხარ აქ?
– ხო, აი მე და ჩემი ძმაკაცი ნიკა. ახლა რომ ამბობდა, მეორე მხარეს უნდა გადავიდეო.
-ხო, დაეცადა ცოტა – რაღაცები გვაქვს წამოღებული, გაუსწორდებოდა.
– არა, ეგ ეგეთია, სულ ეჩქარება.
– ლევან, საბარგულში ღვინოა პლასტმასის ბოთლებში, ერთი წამოიღე და დანარჩენი აქვე წყალში ჩადე, ცოტა გაცივდეს… გამარჯობა – ჩაერია საუბარში ბიძაჩემი.
– გამარჯობა, – თავაზიანად მიესალმა ლაშა, – თქვენ ნინას მამა ხართ, ხო?
– დიახ.
– ძალიან სასიამოვნოა. ნინა ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. არა, ნინა?
– კი ლაშა, აქ ძალიან დავმეგობრდით.
– ძალიან კარგი, – თქვა ბიძაჩემმა, – ლევან, მიდი ღვინო დაასხი, რა.
დავასხი. ბიძაჩემმა ნინას სადღგრძელო თქვა და ჩვენც დავცალეთ ჭიქები – ძალიან არ მესიამოვნა ნამგზავრი, ტანინიანი ღვინო, მაგრამ იმ იმედით, რომ მდინარე მალე გააცივებდა დარჩენილ ბოთლებს, იხტიბარი არ გავიტეხე და მეორეც დავასხი. ჭამა-სმაში გავატარეთ დაახლოებით ნახევარი საათი. ლაშა ცოტ-ცოტას ხუმრობდა, გოგოები კი წმინდა ნინოს გზის ამბებს გვიყვებოდნენ – როგორ დადიოდნენ სოფელ-სოფელ, როგორ ათენებდნენ ღამეებს საერთოდ უცხო ადამიანების ოჯახში, როგორი კომიკური იყო ამ ადამიანების დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, როგორ არ იცოდნენ მარხვის ელემენტარული წესები და ამის გამო ზეთით შემწვარ კვერცხს როგორ სთავაზობდნენ მათ და ა.შ. ამ ნახევარი საათის განმავლობაში ხან ვინ შემოგვემატებოდა და ხან ვინ გამოგვაკლდებოდა. თანდათან ყველა მოლაშქრე შეგროვდა. ორასამდე კაცი მტკვრის ნაპირას განლაგდა. უმეტესობას სიარულის მადა გახსნოდა და მოჭარბებული ენერგიისგან შეწუხებული, არ აპირებდა მტკვირის ამ ნაპირზე დარჩენას. ეკლესიის ნანგრევი მაცდურად მოჩანდა გაღმა. მე ჩემს ჯალაბობასთან ერთად ვიდექი და ერთადერთი, რაც მაღელვებდა – შიმშილისგან გაწამებული მუცლის დაშოშმინება იყო. მოლაშქრეები პატარ-პატარა ჯგუფებად იყოფოდნენ. ხან რომელი მათგანი დაიყვირებდა სიხარულით „მოდით, აქედან გადავიდეთ!“, ხან რომელი: „არა, აქედან წავიდეთ, ასე სჯობს, ფონია!“, ვიღაც საპასუხოდ გამოსძახებდა „გადაცურვა ხომ არ ჯობია?! მე გადაცურვას ვაპირებ!“ ვიღაც კი იტყოდა, „არა, საკმაოდ სწრაფი დინებაა, უკეთესი იქნება ფონი მოვძებნოთ და ხელჩაკიდებულები გადავიდეთ!“.
 
***
ორასი ადამიანის ერთობა მცირე ჯგუფებად დაიშალა, ათუხთუხდა და ნაპირს შეესია. ერთმა ტანსაცმელი გაიძრო და მტკვარში თავით გადაეშვა. ჩემს პატარა დეიდაშვილ ბექას ეს იდეა ძალიან მოეწონა, ჩვენთან ლაპარაკს და ჭამას თავი მიანება და სწრაფად გაიქცა მდინარისკენ. გზად მაისური გაიხადა და დაუფიქრებლად ჩახტა წყალში. შემეშინდა, რამე არ დაემართოს-მეთქი და გავეკიდე, მაგრამ მიმასწრო და კუნძულისკენ გაცურდა კროლით. დინება ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ათი წლის ბექა, ტალღები ძლიერად ეჯახებოდნენ მის პატარა სხეულს და კარგა გვარიანად ჩააცურეს დინების მიმართულებით. შემეშინდა, რომ ნაკადი მორევისკენ წაიყვანდა და დაახრჩობდა, ვერაფერი მოვიფიქრე და წყალში ჯინსებით შევვარდი. მუხლამდე, რომ შევედი, მდინარემ თავის ძალა მაგრძნობინა, წავბორძიკდი და წყალში მოვადინე ზღართანი. სწრაფად წამოვდექი და ბექასკენ გავიხედე, დინებას კარგა ქვევით კი ჩაეყვანა, მაგრამ უკვე თითქმის ნაპირთან იყო,  კუნძულს მიდგომოდა და წვალებით ბობღდებოდა მასზე. ამოვისუთქე, მერე პირთან მივიტანე ხელები, მოვამრგვალე, რუპორის ეფექტით რომ გამეძლიერებინა ხმა და დავუყვირე:
-ბექა, ბექა, როგორ ხარ?
-კარგად, ცოტას დავისვენებ და გადმოვცურავ უკან. ძალიან სწრაფია მდინარე, მეორე ნაპირზე ვერ გავალ!
– დაისვენე და მეც მოგეხმარები. მეც შემოვალ წყალში. ჯერ მანდ იყავი და არ გადმოხვიდე, სანამ არ მოვალ.
ამ დროს, ზურგს უკან უცნაური ხმაური გავიგე. შემოვტრიალდი და დავინახე, რომ მოლაშქრეები არეულიყვნენ, ვერ გაიგებდი ვინ საით მიდიოდა – ჩოჩქოლის, კივილის, ტირილის, ოხვრის, გულყრის და შიშის ხმები ერთმანეთში ალუფხულიყო. მდინარედან რაც შეიძლება სწრაფად ამოვედი, გალუმპული აქეთ-იქეთ ვაცეცებდი თვალებს, ვერაფერი გამეგო. შევნიშნე, რომ შეშინებული ხალხი მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ამორბოდა, რაღაც ნაწილი კი ქვევით გარბოდა. ქვევიდან მომავალი ბიჭი დავინახე, შეშინებულს და დაბნეულს ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. მაშინვე მასთან მივაჭერი და ვკითხე, რა ხდება-მეთქი:
– გველი! – ზლუქუნით მიპასუხა და ზევითკენ განაგრძო გზა.
ვერაფერს მივხვდი. მიმოვიხედე, მთელი მდინარისპირი მოტირალი და სასოწარკვეთილი სტუდენტებით იყო მოფენილი. რამის გარკვევა შეუძლებელი იყო – ზოგი გველს ამბობდა, ზოგიც ხელს, ზოგი სხვა რამეს, ერთი საერთოდ იმას ყვიროდა, რომ ქვევით ვიღაც მოკლეს. დაბნეულმა ისევ ქვევით წასვლა გადავწყვიტე, რათა გამერკვია, რა ხდებოდა. რაც უფრო ქვემოთ მივდიოდი, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რასთან იყო დაკავშირებული ეს პანიკა. სულ უფრო ხშირად ისმოდა სიტყვა „დენი“. იქვე ბიძაჩემი შევნიშნე, რომელსაც რაღაც ჯოხი ეჭირა ხელში და ჩამოშვებული ელექტროსადენის აწევას ცდილობდა, თუმცა ჯოხის სიმძიმის გამო ვერ ახერხებდა კარგად დაემიზნებინა მისთვის. ბოლოს და ბოლოს მივხვდი – ამ მომენტში  ვიღაცას დენი ურტყამდა და აწამებდა, თან როგორც ჩანს, ეს წამება უკვე საკმაო ხანი გრძელდებოდა. მივირბინე, ხელი შევაშველე, კარგად რომ დაემიზნებინა. ერთობლივი ძალებით მოვახერხეთ და მოვარტყით ამ სადენს, მაგრამ შეხებისთანავე ელექტროობამ ჩვენში გაიარა – ჯოხი ადგილ-ადგილ სველი იყო. გვერდით ვიღაცამ სხვა ჯოხი მოიტანა და შეძლო სადენის ზევით აწევა. აქეთ-იქით რომ გავიხედე, შევამჩნიე, რომ ვიღაც ამოჰყავდათ წყლიდან და ნახევრად სირბილით წავედი მათი მიმართულებით.
მაინც ვერ გამერკვია, რა მოხდა. თუმცა აშკარა იყო, რომ ვიღაცისთვის დენს დაერტყა… ადგილზე რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ ერთისთვის კი არა, სამისთვის დაერტყა დენს – სამივე ბიჭები იყვნენ. ორი ერთმანეთთან ახლოს დაეწვინათ ქვიშაზე და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ. ერთ-ერთთან შევჩერდი, არ ვიცოდი რა მექნა. ბიძაჩემს, რომელსაც იქ ჩემზე ადრე მირბენა მიესწრო,  იქვე ჩაემუხლა და გულის მასაჟის უკეთებდა მას. გვერდზე მეორე ბიჭს უვლიდნენ, წყალს ასხამდნენ, სილას ულაწუნებდნენ. ვერ იღვიძებდა. უცბად ვიღაცამ თქვა, ამას დამიწება სჭირდება, მოდი, მიწაში ჩავდოთო. ისედაც ქვიშაში იწვა და ყველამ ქვიშის მიყრა დაუწყო. იმდენი აყარეს, სანამ ყელამდე არ ჩაფლეს, მაგრამ რომ მიხვდნენ, არაფერი გამოვიდოდა, ამოიღეს და გულის მასაჟის კეთება დაუწყეს. მასაჟმა უშველა და ბიჭმა შეშლილი თვალებით გამოიღვიძა საზიზღარი ძილისგან. ამასობაში ბიძაჩემი და ერთ-ერთი სტუდენტი ისევ აგრძელებდნენ მეორე ბიჭისთვის ხელოვნური სუნთქვის და მასაჟის კეთებას – ეტყობა სტუდენტს რაღაც სამედიცინო განათლება ან გამოცდილება ჰქონდა, აშკარად იცოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა სუნთქვა. როდესაც მეორე ბიჭს კიდევ ერთხელ ჩაასუნთქეს, მან თვალები გაახილა და საშინელი ხმა გამოუშვა. თავიდან ვერ გავიგე, რატომ გამოსცა ასეთი ხმა, მერე მივხვდი, რომ ხრიალით და წივილით ამოისუნთქა და შიშ და ზიზღნარევმა ძრწოლამ დამიარა მთელ  ტანში. უეცრად ბიჭთან, რომელმაც თავი არ დაკარგა ამ სიტუაციაში და ისე მოიქცა, როგორც ამის მსგავს სიტუაციაში ყველა უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ვერავინ მოახერხა, სხვა სტუდენტები მივიდნენ და სთხოვეს:
– დემეტრე, იქ ნიკააა ცუდად და იქნებ დაგვეხმარო ხელოვნური სუნთქვის გაკეთებაში.
– სად არის? – ავტომატურად იკითხა მან.
– აი, მინდორზე წევს – უპასუხეს.
მესამე ოდნავ მოშორებით იწვა – შემაღლებულზე, ბალახებსა და ყვავილებში. სხვა მოლაშქრეები თავს დასტრიალებდნენ – არ იცოდნენ, რა ექნათ. დემეტრე სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბორცვისაკენ, მეც გავყევი. ახლოს რომ მივედი, მივხვდი, რომ ვიცნობდი – ის ბიჭი იყო, ქერა და კეხიანი ცხვირით, ჩვენთან გაჩერება რომ არ მოინდომა, მდინარეზე გადასვლას რომ ჩქარობდა. დემეტრე საქმიანად დაიხარა, სახე ახლოს მიუტანა და ხელოვნური სუნთქვის გაკეთება დაიწყო. მთელი სულითა და გულით უბერავდა, ფილტვებიც ივსებოდა ჰაერით და იჩუტებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ უიმედო საქმისთვის მოეკიდა ხელი. დემეტრე იხტიბარს არ იტეხდა, გაგიჟებული ეჯაჯგურებოდა უმოძრაო სხეულს. მის თავზე კი ვიღაც გოგო იდგა, რომელიც გაბმულად რაღაცას გაჰკიოდა.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი. ამასობაში კი გაწვიმდა, წვრილად დაიწყო ცრა. წვეთები რომ იგრძნო, დემეტრემ ინსტიქტურად აწია თავი, აშკარად დაღლილი იყო, სულის მოთქმას ცდილობდა, ძალა უნდოდა მოეკრიბა. ყველანი უეცრად გავჩუმდით, მაგრამ სიჩუმე მოულოდნელად დაირღვა – ჩვენსკენ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა გოგოების ჯგუფი, რომელსაც მოუძღვებოდა გოგო ბიჭურად შეჭრილი თმით. მისი თვალები სიგიჟის ნაპერწკლებს ყრიდა:
– გაჩერდით! მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ! – გვიბრძანა მან, – მე თან მაქვს გაჭირვების ჟამს წასაკითხი ლოცვები. მოდით, ერთად წავიკითხოთ!
ამ დროს დემეტრემ თავი ვეღარ შეიკავა და აფეთქდა.
– შენ შიგ ხომ არ გაქვს გოგო, რა გაჭირვების ლოცვები?! გაააჯმევინეთ ვინმემ ამას აქედან! – იყვირა, მერე  იქვე მომკივანი გოგოსკენ შეტრიალდა და მასაც მისდგა, – და ესეც მომაშორეთ, თავზე რომ დამჩხავის ამდენი ხანია!
– შენ ამის გულისთვის მაგრად დაისჯები! როგორ ბედავ და ასე მელაპარაკები? ამას აუცილებლად ვეტყვი მეუფეს! – განრისხებითვე უპასუხა გოგომ ბიჭურად შეჭრილი თმით – წამოდით, გოგოებო, ცოტა გვერდზე გავდგეთ და ვილოცოთ!
გოგოების გუნდმა რამდენიმე მეტრით გაიწია გვერდზე. მათმა ლიდერმა რაღაც ბროშურა ამოიღო ჩანთიდან და ხმამაღლა დაიწყო კითხვა. ფრაზას რომ წაიკითხავდა, დანარჩენები ერთ გუნდად იმეორებდნენ. დემეტრე ხელოვნური სუნთქვის კეთებას ინსტინქტურად აგრძელებდა, მაგრამ თანდათანობით  ხვდებოდა, რომ ამდენი ხანი მკვდარ სხეულში უბერავდა სულს. ბოლოს როგორც იქნა გაჩერდა, იგრძნო – მკვდრის გაცოცხლებას ცდილობდა.
ოდნავ მოშორებით ერთი ბიჭი ჩამომჯდარიყო მდელოზე და მოთქმით ტიროდა. აქამდე არ დავკვირვებივარ, მაგრამ უეცრად გამახსენდა, რომ მთელი ამ ამბის განმავლობაში დემეტრეს სულ თავზე ადგა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველა ძალიან ცუდად იყო და ცრემლი სდიოდა, მისი დარდი აშკარად უფრო დიდი იყო, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის ერთად აღებული. საშინელი სასოწარკვეთილების განცდა დამეუფლა, წასვლა მომინდა და ინსტინქტურად დავიწყე ბიძაჩემის ძებნა, ვერაფრით ვერ ვიპოვე.
 
 
***
გზის პირას შავი ჯიპი გაჩერდა. მეუფე მარკოზი დინჯად გადმოვიდა მანქანიდან, მრევლის რამდენიმე წევრი ქედმოდრეკილი მიეახლა – ის იყო ღმერთივით ლაღი და საკუთარ თავში დარწმუნებული. მან დაბნეულ ხალხს საქმიანად გამოსახა პირჯვარი და ერთ-ერთს დაავალა, ყველა შეეკრიბა. მომლოცველთა შეშინებული გუნდი ნახევარმთვარის ფორმით შემოერტყა მეუფეს.
– ჩემო სულიერო შვილებო, დღეს უფალმა ძალიან დიდი განსაცდელი გამოგვიგზავნა. ასე იყო ეს წარსულშიც და ასე იქნება მომავალშიც, – დაიწყო მეუფემ, – წმინდა ნიკოლოზი იმითაა ცნობილი, რომ როდესაც გაჭირვების ჟამს არიანელობა ძალიან მოძლიერდა და არიანელთა ორატორებმა კამათში აჯობეს მართლმადიდებელ მამებს, წმინდა ნიკოლოზმა ერთ-ერთ ორატორს სილა გააწნა. მეორე დღეს ათანასე დიდმა არიანელების არგუმენტები ბოლომდე გააცამტვერა, მაგრამ რა მოხდებოდა, რომ არა წმინდა ნიკოლოზის საქციელი?! წმინდა ნიკოლოზის საქციელი იმიტომაა მნიშველოვანი, რომ მან იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეიტანა რწმენაში და მაშინვე აღუდგა ბოროტს წინ. ეს სილა იყო ნიშანი იმისა, თუ რაოდენ მედგარი იყო ის თავის რწმენაში და რაოდენ მნიშვნელოვანია სიმედგრე და სიმყარე ჩვენი სულებისთვის. ღმერთი ჩვენ ყოველდღიურად გვიმზადებს განსაცდელს არა იმისთვის, რომ კითხვები დავსვათ, არამედ იმისთვის, რომ გავმყარდეთ ჩვენს რწმენაში. უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, გვეუბნება: „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენი რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.“ მეც გეუბნებით თქვენ, რომ ამჟამად არ არის დრო, რომ ფიქრი დავიწყოთ იმის შესახებ, თუ  როგორ აგვერიდებინა ეს განსაცდელი თავიდან, არამედ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ღვთის ნება იყო, რომ უფალმა ნიკა ჩვიდმეტი წლის ასაკში ანგელოზად წაიყვანა, რადგან ვინ იცის, როგორი იქნებოდა ნიკა, როდესაც გაიზრდებოდა?! შეიძლება ის არ დამდგარიყო კარგი ადამიანი, შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ ღმერთმა განჭვრიტა ეს ყველაფერი, გადაწყვიტა ზეცაში წაეყვანა ანგელოზივით უმანკო – ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა?! ამიტომ პირველ რიგში იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ გავმაგრდეთ რწმენაში – ვილოცოთ ნიკას სულის გადასარჩენად, რომელმაც მიატოვა სხეული და ალბათ უკვე საზვერეებს გადის. ჩვენ ლოცვითა და რწმენაში გამაგრებით უნდა მივეხმაროთ მის სულს ამ საზვერეების გადალახვაში. ამიტომ ყველას გაძლევთ კურთხევას, რომ ილოცოთ ნიკას ნათელი სულისთვის და ასევე გაძლევთ კურთხევას მდუმარებაზე, რათა თქვენს გონებაში არ აღიძრას თუნდაც მცირედი ეჭვის მსგავსი. გეძლევათ კურთხევა, გააძლიეროთ ლოცვა და არ ისაუბროთ ამ ამბავზე არსად და არასდროს, არამედ  ატაროთ მისი ხსოვნა თქვენს გულებში, და ლოცვით და მარხვით – ანუ საქმით და არა სიტყვით – შეეწიოთ მას.
ეს მოკლე ქადაგება სულ ერთი წამის დასრულებული ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთ თავის დამხმარე ქალს გაუტრიალდა და ჰკითხა:
– ხატია სად არის?
– არ ვიცი, ვურეკავთ და არ იღებს.
– დაიცა, მე დავურეკავ – თქვა მეუფემ და ანაფორის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოაცურა. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ, რომელსაც საყოველთაო ინტერესნარევი მდუმარება ახლდა თან, მეუფემ საუბარი დაიწყო – ხატია, საით ხარ?
ამ დროს მეუფე ჩვენმა ყურადღებამ შეაწუხა და ხელის მოძრაობით გვანიშნა, რომ დავშლილიყავით, თვითონ კი მანქანისკენ წავიდა ლაპარაკ-ლაპარაკით. უცბად თითქოს რაღაც გაახსენდაო, შემოტრიალდა და მზერით ვიღაცის ძებნა დაიწყო, ყურიდან ტელეფონი ოდნავ მოიშორა და დაიძახა:
– სანდრო!
პასუხი ვერ მიიღო.
– სანდრო სად არის?
– აქ ვარ! – გაისმა დაღლილი ხმა.
– სანდრო წამო, მანქანით წაგიყვან – მიმართა ვიღაცას მეუფემ.
ბიჭი ნელა გამოეყო დანარჩენებს და მძიმედ დაიძრა მანქანისკენ. თავიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო და რატომ მეცნობოდა, მაგრამ მერე მასში ის ბიჭი ამოვიცანი, ცოტა ხნის წინ ხმამაღლა რომ ტიროდა გარდაცვლილ სხეულთან. ისე მიდიოდა, თითქოს ის კი არა, მისი ფიტული მოძრაობდა. მანქანას რომ მიუახლოვდა, მეუფემ კარგი გაუღო და მხარზე ხელის მოთათუნებით ჩასვა უკანა სავარძელში. თვითონ წინ დაჯდა, ტელეფონი ყურთან დააბრუნა და საუბარი განაგრძო.
– ხო, ხატია, ხო, აი მოვდივართ. სანდროც მომყავს.
 
***
მომლოცველების გუნდი ტაატით მიიწევდა ხრიოკ მინდორზე, თითქოს ტრანსში ჩაცვენილიყვნენ. მეუფეს დავალებით მათ საკარვე ადგილი უნდა ეპოვათ, ცეცხლი გაეჩაღებინათ, ელოცათ და დაეძინათ. მეც მათთან ერთად მიწევდა სიარული, რადგან ბიძაჩემმა რამდენიმე მოლაშქრე, რომლებმაც მომხდარი ამბის გამო ისეთი შოკი მიიღეს, რომ ცუდად გახდნენ, ახალციხის საავადმყოფოში წაიყვანა. უკვე საღამოვდებოდა… საიდანღაც ნიავმა დაუბერა, სველ ტანსაცმელში  გამიარა და სიცივისგან გამცრა.
ლაპარაკის ხალისი არავის ჰქონდა, ყველა თავის ნაჭუჭში იყუჟებოდა. ბიძაშვილს და მამიდაშვილებს ვერ დაველაპარაკე, ამ ამბავმა უხილავი ფარდა ჩამოუშვა ჩვენს შორის. მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხე, თუ როგორ მობრუნდა ბექა კუნძულიდან – თურმე ისევ გადმოუცურავს. ერთი ის ვიფიქრე, კარგია, რომ  მდინარეში არ ჩავარდა ის დენის სადენი, თორემ ვინ იცის კიდევ რა მოხდებოდა-მეთქი…
ჩემს გვერდით ლაშა შევამჩნიე, ცოტა ხნის წინ ღვინით და საჭმლით რომ ვუმასპინძლდებოდი. მასაც ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა. თავჩაქინდრული მოდიოდა. წელში მოხრილი და ზურგჩანთამოკიდებული მიწას მიშტერებოდა და აზრდაუტანებლად აგრძელებდა სვლას.
– ლაშა, როგორ ხარ? – ვერ მოვიფიქრე ამაზე უკეთესი კითხვა.
ლაშამ გამოცარიელებული თვალებით ამომხედა, თავიდან ვერ მიცნო, მერე როგორც ჩანს, მოახერხა ჩემი გახსენება და პატარა პაუზის შემდეგ მიპასუხა:
– როგორ უნდა ვიყო, ხო ნახე რა საშინელება მოხდა?!
– აჰა, ნაღდად საშინელება მოხდა. ვიზიარებ შენს მწუხარებას, მეც დამიკარგავს ძმაკაცი და ვიცი, რა გრძნობაცაა – ვუთხარი და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მე კი არა, ვიღაც რობოტი ისროდა ათასჯერ ნათქვამი, გაცვეთილი და მნიშვნელობადაკარგული სიტყვების კომბინაციებს.
– მადლობა, ძმაო – მიპასუხა ლაშამ.
გვერდიგვერდ მივდიოდით, არაფრის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ჩემმა რობოტმა, კიდევ ერთხელ დამაღებინა პირი და მაკითხვინა:
– ის ბიჭი ვინ იყო, მეუფემ რომ წაიყვანა მანქანით?
– სანდრო?
-ხო, მგონი ეგრე ეძახდენენ.
– ნიკას ბიძაშვილია, მაგან წამოიყვანა ნიკა აქ – მოკლედ მიპასუხა ლაშამ.
– გასაგებია.
დაახლოებით საათნახევარი სიარულის მერე მინდორზე ეკლესიის ნანგრევი გამოჩნდა. ეკლესია არქიტექტორს ოდნავ შემაღლებულზე აეშენებინა. ალბათ მრავალი უბედურების მომსწრე იყო ეს ნანგრევები. ძველი შენობიდან მხოლოდ საკურთხევლის კედლებიღა იდგა. საკურთხველის ცენტრში ტრაპეზის ქვა ორად იყო გაპობილი, ნაპრალიდან ოვალური ფორმის ჯუჯა ხე ამოზრდილიყო. მისი ტოტები პატარა ეკლებს დაეფარა, უფრო ბუჩქს ჰგავდა, ვიდრე ხეს. მის ეკლიან ტოტებზე კი აუარება ფერადი ბაფთა და ჩვარი შეებათ ახლომახლო სოფლების მაცხოვრებლებს – ნატვრის ხე იყო, ილოცებდნენ, მუხლს მოიყრიდნენ, სანთლებს დაანთებდნენ და სურვილებს ჩაუთქვამდნენ.
მოლაშქრეებმა ნანგრევს კარვები შემოარტყეს, კარვებში ზურგჩანთები შეიტანეს, პარალონები დააგეს, პარალონებზე საძილე ტომრები გაშალეს და როცა მიხვდნენ, რომ იმ დღეს ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ წყნარად დაძინებას, ნელ-ნელა გამოძვრნენ კარვებიდან და შეშის შეგროვება დაიწყეს, რათა დიდი კოცონი დაეგიზგიზებინათ, გადანახული ალკოჰოლი გამოეტანათ და სასმლითა და საუბრებით ჩაეკლათ იმდღევანდელი შოკი. ჩემდა გასაკვირად, ამ ტრიალ მინდორზე ბევრი შეშის მოგროვება შეძლეს. თანდათან ბნელდებოდა, ზეცას მომაკვდავი მზის ვარდისფერი ერეოდა. ჯერ ვერ გადაეწყვიტათ, სად დაანთებდნენ კოცონს. შეშით ხელდამშვენებული ბიჭები ტრაპეზის ქვასთან ყრიდნენ ხმელ ტოტებს. უცბად ერთი-ერთი ტრაპეზის ქვაზე ამოსულ ბუჩქს ეძგერა და ნჯღრევა დაუწყო, ეტყობა ამოძირკვა უნდოდა, მაგრამ ფესვები ისე ღრმად იყო გადგმული, რომ ვერაფრით მოერია.
– რას აკეთებ? – კითხა ერთ-ერთმა მომლოცველმა.
– რა რას ვაკეთებ?! მინდა, რომ ეს ხე ამოვძირკვო!
– რატომ, რას ერჩი?
– რა რას ვერჩი, ხომ ნახე, დღეს რაც მოხდა – ნიკა გარდაიცვალა და კინაღამ ორი ადამიანი მიყვა, და იცი, რატომ? იმიტომ, რომ ღმერთმა განსაცდელი გამოგვიგზავნა ჩვენივე რწმენის ნაკლებობის გამო – იმიტომ, რომ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც კი არ გვაქვს… ღმერთმა განსაცდელი გამოგვიგზავნა, ნიკა დაიღუპა და ჩვენ ამ წარმართულ ნატვრის ხეებსაც კი არ ვაქცევთ ყურადღებას. ნატვრის ხე წარმართული რიტუალიდან მოდის, ეშმაკეულია.
ამ სიტყვებს ისეთი სერიოზულობითა და ჟინით ამბობდა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე, მაგრამ დანარჩენებს არ ეცინებოდათ.
– მართალი ხარ, თან ტრაპეზის ქვაზე რომ არის ამოსული – აუბა ვიღაცამ მხარი – ყველაზე წმინდა ადგილზე!
ნატვრის ხის წინააღმდეგ წარმოთქმული ეს სიტყვები გრიპივით მოედო ახლადდაცემული ბანაკის წევრებს. ზოგმა თანხმობის ნიშნად თავის ქნევა დაიწყო, ზოგს თვალები გაუნათდა. ახლა უკვე რამდენიმე დაეძგერა ეკლიან ხეს. ხელები დაიტყავეს და დაიჩხვლიტეს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ. დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთი ცდილობდნენ მის ამოძრობას. ბოლოს ერთმა საიდანღაც პლასტმასის ბოთლით ბენზინი მოიტანა. ქედმაღლურად ეჭირა ხელში – ეამაყებოდა, გონება რომ გაუნათდა და დაწვის იდეა მოუვიდა თავში; სხვებიც გაცისკროვნებული თვალებით უყურებდნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის ნახავდნენ ცეცხლში გახვეულ წარმართულ სიმბოლოს. ბიჭმა ნერვიულად მოასხა ბენზინი ხეს, რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, თან გზად ბენზინს ღვრიდა, ჯიბიდან ასანთი ამოიღო და ხელის კანკალით აანთო, მაგრამ ნიავმა ჩაუქრო. მომენტს დაელოდა და ნიავი ოდნავ რომ ჩაცხრა, კიდევ ერთხელ სცადა: ამჯერად ადვილად მოეკიდა, მანაც ანთებული ასანთი ბენზინის სველ კვალზე დააგდო და მშიერი მზერა გააყოლა მიწაზე აბრიალებულ ცეცხლს, რომელიც ელვის უსწრაფესად მიიწევდა ტრაპეზის ქვაზე ამოსული ნატვრის ხისკენ. ალი ქვაზე გველივით ასრიალდა, ნაპრალში შეცურდა და ნაღმივით იფეთქა ხის ტოტებს შორის. ცეცხლს ინსტინქტურად მივუახლოვიდი, ჩემი ტანსაცმელი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მშრალი და მციოდა, გათბობა მინდოდა. ამ დროს ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. შემოვტრიალდი. ბიძაჩემი იყო, ახალციხიდან დაბრუნებულიყო.
– წავედით ლევან, გვიანია, ისედაც ღამით მოგვიწევს მგზავრობა.
არაფერი მიპასუხია, მორჩილად გავყევი უკან. მანქანასთან ჩემი ბიძაშვილი და დეიდაშვილები შეკრებილიყვნენ. უემოციოდ გადავეხვიეთ ერთმანეთს:
– თქვენ აქ რჩებით? – ვკითხე მე
– ხო, აბა რა უნდა ვქნათ?! – არც კი მახსოვს, ვინ მიპასუხა.
მანქანაში შევიხედე: უკანა სავარძელზე ბიცოლაჩემს ეძინა, ალბათ მთელი ამ დავიდარაბის განმავლობაში გადაიღალა, გამოიფიტა და ჩათვლიმა. ამჯერად უკვე მე დამსვეს წინ. ბიძაჩემმა მანქანა დაქოქა… თბილისისკენ მივდიოდით.
– ის სანდრო ხომ არ იცი, როგორაა, გარდაცვლილის ბიძაშვილი?
– სანდრო? აა ხო, როგორ უნდა იყოს – ცუდადაა. მაგას მიხედვა უნდა ახლა. ხატია და მეუფე მოუვლიან აუცილებლად… არ დატოვებენ ისე…
– ხო, მოვლა ძალიან სჭირდება მაგას – ჩავიბურდღუნე მეც ჩემთვის და თავი ბანაკისკენ მივატრიალე. ხე ჯერ კიდევ იწვოდა.