მიხო ნერგაძე

                                                                  პირველი

ჩემი არსებობის მაგ პერიოდში გაუთავებლად ვლაპარაკობდი. “თავისუფლების ინსტიტუტი”-ს იმჟამინდელ დირექტორს, ლევან რამიშვილს ჩემი გაუთავებელი ლაპარაკისგან ტვინი რომ ეტყვნებოდა, მუდამ მთავაზობდა “ვოჟძ კრასნაკოჟიხ” წაიკითხეო. მეც  ვპირდებოდი, რომ წავიკითხავდი და არ ვკითხულობდი. აბა სად მქონდა წიგნის კითხვის დრო? რევოლუცია, ცალმხრივი სიყვარული და აქედან გამომდინარე, ტესტოსტერონის მოჭარბებული რაოდენობა მქონდა დასამენეჯმენტებელი. ჯანდაბას რევოლუცია და ტესტოსტერონი. სიყვარული მიღებდა ბოლოს. სრულიად ბრმა ვიყავი და ვერ ვხედავდი, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი დუღდა. მეც ვდუღდი და სხვებსაც ვადუღებდი. დუღდა ქვეყანა. 
“თავისუფლების ინსტიტუტში” პირველად როგორ აღმოვჩნდი, მხოლოდ ფრაგმენტულად მახსოვს. რაღაც ჭღრ პღრ აქციაზე შავი გვანცა გავიცანი (ოღონდ შავ გვანცას შავი გვანცა ჯერ არ ერქვა და არც ქერა გვანცასთან ვიყავი ახლოს, რომ შავი გვანცასთვის შავი დამერქმია). გვანცამ აქციის დამთავრებისას შემომთავაზა ოფისში გავყოლოდი და მის სადიპლომო კვლევაში მიმეღო მონაწილეობა. გავყევი, აბა რას ვიზამდი. საქმე არ მქონდა და თეატრალურში მისვლის ვერცერთ მიზეზს ვერ ვხედავდი.  ლექციები ხან არ მიტარდებოდა და ხანაც ფეხებზე მეკიდა. ცხადად მახსოვს, ფეხდაფეხ როგორ მივყვებოდი გვანცას ჭავჭავაძე-გრიბოედოვზე და ცალი ყურით ვუსმენდი მისი კვლევის ამბებს, გონებით კი ვფიქრობდი, კვლევის მერე როგორ დავლევდით და სავარაუდოდ ვიტყნაურებდით. აბა რას ვიფიქრებდი, გოგომ სამჯერ ახსენა სიტყვა სექსი სხვადასხვა კონტექსტში. ეს კი ჩემთვის პორნოგრაფიის ტოლფასი იყო. პორნო დიდხანს არ გაგრძელებულა. ოფისის კარი კარამელისფერკანიანმა გოგომ გააღო. ლამაზ გოგოებზე გული ხშირად მიჩქროლდება, მაგრამ ეს სულ სხვა გულისცემა იყო. საუკეთესო სექსივით გულისცემა. ხან რომ ამოვარდნასაა და ხანაც იყინება. 
მე მიხო ვარ – ამოვღერღე ვაი-ვაგლახით.
მაია – მიპასუხა კარამელისფერიანმა გოგომ ანგელოზის ხმით (არა, ანგელოზს როგორი ხმა აქვს, აზრზე არ ვარ და საერთოდ უცნობია, სასიამოვნოა თუ არა მათი სმენა დღევანდელი რებელა ბიჭისთვის, მაგრამ ახლაც კი გამცრა ამ ხმის გახსენებისას).
ვსიო, დედა მომეტყნა. ვეღარ ვუსმენდი გვანცას კითხვებს. გული მეასე სართულიდან მომწყდარი ლიფტის სიჩქარით ცემდა და ოთახიდან ოთახში გამავალი მაიას დანახვისას ადგილზე იყინებოდა. მაია იმდენად მომნუსხველი იყო, რომ ერთმანეთთან მოკამათე  არსაიდან გაჩენილი გიგა ბოკერია და გიგი უგულავა არსაითვე ისე გაქრნენ, რომ მათი გაცნობით გამოწვეული აღფრთოვანება ვერ მოვასწარი. ორივე ტელევიზორში მყავდა ნანახი და ორივე მესიმპატიურებოდა.  
საღამოსკენ  გვანცას   მეგობარი ნინი გამოჩნდა, ერთი ვეებერთელა ვედრო საღებავით ხელში.  ოფისის დიდ ოთახში ხალხმა დაიწყო მოგროვება და წრიალი. დაიწყო განაწილება, თუ ვინ სად წავიდოდა და რამდენი საღებავი სჭირდებოდა. ცნობისმოყვარეობას დიდხანს არ დავუტანჯივარ. მალევე გავიგე, რომ ყველა “კმარა”-ს დასაწერად ირაზმებოდა. მეც წავყევი, ასე აღმოვჩნდი “კმარა”-ში.
 “ნათლობის” ღამის მერე  ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი კარამელისფერიან გოგოს. არ ვიცი, ვგრძნობდი, თუ თავს ვიპროგრამებდი, მაგრამ სადღაც ვიცოდი, რომ ჩემი გრძნობა განწირული იყო. ვგრძნობდი რა,  მაიას შეყვარებული ჰყავდა, რომელიც ხან ამერიკაში აკითხავდა მას და ხანაც ოქროს კოშკის რეალისტურ ნახაზებს აჩვენებდა. მე კი… მე კი უხარისხო ფეხსაცმლის გამო ფეხზე ხშირად ამდიოდა სუნი. ნამდვილად ვერ შევეჭიდებოდი ჩემი დაბალი თვითშეფასებით და ფეხზე სუნით. ფაქტობრივად ჰუსეინ ბოლტის და გიჟი მარინას რბოლა იქნებოდა ას მეტრზე დისტანციაში. 
შემდგომი ორი თვე ასე გაგრძელდა. მთავრობაში ვინმე რამე ყლეობას ჩაიდენდა და ჩვენ ჟრიამულით და საღებავით ხელში ხან სად მივქანდებოდით და ხან სად. კმარა აქ, კმარა იქ. სამწუხაროდ, სტენსილის გაკეთება იმხანად თბილისში ერთი-ორს თუ შეეძლო. იმათ კი ”კმარა” ნაღდად ყლეზე ეკიდათ. ამიტომ ელიავაზე ვყიდულობდით “ფასადნი” საღებავს, რაღაც უსაზიზღრეს ცისფრად ან წითლად ვაზავებდით და სადაც მოგვიხერხდებოდა, ასფალტზე ბატიფეხურით ვწერდით “კმარა”-ს (ჯერ არ ვიცოდით, რომ ჩვენი ფერი უნდა გვქონოდა და მსგავსი მარკეტინგული ხრიკები).
მაისის ერთ დილას, არ მახსოვს, რაზე ვატრაკებდით, მაგრამ 10 საათზე ტელევიზიის თანხლებით გავქანდით შსს-სთან “კმარა”-ს დასაწერად. მივქანდით თუ არა, შენობის კიბეებზე პულვერიზატორით წერა დავიწყეთ. დაცვა ცოტა ხანს დაიბნა, ვერ ხვდებოდნენ, რა უნდა ექნათ. სხვადასხვა პოლიციის განყოფილების ეზოში მანამდე კი გვქონდა დაწერილი “კმარა”, მაგრამ ასეთ ნაგლობას არ ელოდნენ. რამდენიმეწუთიანი გაუგებრობა თვით მინისტრმა აიყვანა კონტროლქვეშ.
შსს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გამოვიდა შენობიდან და ჩვენი დაკავების ბრძანება გასცა. Fuck ასეთ ადრენალინს ალბათ პარაშუტით გადმოხტომისას თუ იგრძნობ. სადღაც რვანი დაგვაკავეს და გაგვანაწილეს სხვადასხვა გამომძიებლებთან ოთახებში. ჩემსას აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემნაირი კანონდამრღვევი პირველად ჰყავდა და აზრზე არ იყო, რა ყლე უნდა ექნა ჩემთვის. 
11-საათანი ნძრევის მერე, – და ნძრევა იმაში გამოიხატებოდა, რომ გამომძიებელი ხან რა საგამოცდო კითხვებს მისვამდა ქართულიდან, ხანაც რას, ხელოვნების ისტორიიდან, რათა ჩემი გაუნათლებლობა დაემტკიცებინა და ამით მოეხდინა “კმარა”-ს დისკრედიტაცია, მაგრამ ნურას უკაცრავად, თქვენი არც ისე მონა და არც ისე მორჩილი  ყველა კითხვას საშინელი ტვინის ტყვნით სცემდა პასუხს, – რაღაც დროს ადვოკატებიც შემოუშვეს ჩვენთან. მე თინა ხიდაშელი მერგო დამცველად. კიდევ ერთხელ გავასხი სიამაყით – ხუმრობა საქმე კი არ იყო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე იცავდა ჩემს უფლებებს. მალე ზურა ჟვანიაც მოვიდა და დააჩქარა ჩვენი გათავისუფლების პროცედურა. თუმცა მე სხვა საქმეზეც დამკითხეს და ნახევარი საათით გაიწელა ყველას გაშვება. სხვა საქმეში კი მე ვიყავი დაზარალებული. რამდენიმე კვირით ადრე საგარეჯოში გახლდით “კმარა”-ს ასფალტზე საწერად და იქაურმა პოლიციის უფროსმა ან მისმა მოადგილემ, – დანამდვილებით არ მახსოვს, რომელმა, – თავზე მთელი ვედრო საღებავი გადამასხა, რაც საგარეჯოს ტელევიზიამ თავის კამერაზე აღბეჭდა. ჩემდა საბედნიეროდ, მასალის ხარისხი ისეთი დაბალი  იყო, რომ მხოლოდ საგარეჯოს ტელევიზია თუ გაუშვებდა თავის ეთერში. ნამდვილად არ მინდოდა რუსთავი 2-ს გაეშუქებინა, თუ როგორ დავდივარ საგარეჯოს ცენტრში თავზე საღებავდასხმული და გვანცას ყვითელ, ხავერდის პიჯაკში გამოწყობილი. ღმერთო, ნეტავ როგორ ჩამეტია ის პიჯაკი. მე ხომ გვანცაზე მინიმუმ ორი თავით მაღალი ვარ. ღმერთო, აქვე დიდი მადლობას გეტყვი იმისთვის, რომ მაშინ იუთუბი არ არსებობდა. 
არც მე და არც სხვებმა მაინცადამაინც არ ვიცოდით, შენობის გარეთ რა ხდებოდა. კი ვიცოდით, რომ ასე უპატრონოდ არ დაგვტოვებდნენ, მაგრამ გარეთ გამოსვლისას “რამშტაინის“ კლიპში თუ ამოვყოფდი თავს, არ მეგონა. კერძოდ კი “რამმსტაინ დუ ჰასტ“-ში. საოცარი გრძნობაა, როდესაც დილით მინისტრი გიჭერს და საღამოს, პროკურატურის კიბეებზე ჩამოსვლისას, ათობით ვიდეოკამერა და ოვაციები გხვდება. იმ დღეს პირველად ვნახე, ჟურნალისტები როგორ ტაციაობენ რესპონდენტებზე. იმათაც თავიანთი ომი აქვთ. გამოვედით თუ არა, ყველას რუსთავი 2-მა მოუგო. ეკა ხოფერიას “ღამის კურიერში“ დაგვიწყეს წასხმა. მე, მთელი დღის მშიერი, გავჯიუტდი და ხმამაღლა დავიწყე ყვირილი, სანამ არ შევჭამ, არსადაც არ წავალ, ბოზი შვილი ვიყო-თქო. ამ დროს  “მზის“ ჟურნალისტი აყვირდა, მე მაქვს მანქანაში ორმაგი ჩიზიო. სრული სიმშვიდით გავიყიდე ორმაგ ჩიზბურგერზე, ნერვიც არ ამტოკებია, თუ არ ჩავთვლით იმ შიშს, თუ რა პასუხები უნდა გამეცა ჟურნალისტისთვის. არც არავის ვუწამებივარ და არც არაფრის არ შემშინებია, ჰოდა უხ, ეს ცუდი პოლიციელებიო, ვერ გამომდიოდა. არ ვიქნებოდი გულწრფელი. 
ისევ ზურა ჟვანიამ მიხსნა. პირდაპირი ჩართვის დროს იქვე აღმოჩნდა და ჟურნალისტმა მთელი დრო მას დაუთმო. მე კი ეროვნული გამოცდებიდან ახალგამოსული აბიტურიენტის სახით ვთქვი “ჩავაბარე”. 
მეორე დღეს პიჯაკში და თეთრ პერანგში და უბეგაკერილი შარვლით გამოვცხადდი “თავისუფლების ინსტიტუტში”.  ალბათ მეგონა, რომ კარამელისფერიან გოგოს ასე უფრო მოვეწონებოდი. მე ხომ გმირი ვიყავი. მაგრამ ცხოვრება თითქმის ჩვეულ რიტმში გაგრძელდა. წინა დღით დაგროვებულ ადრენალინს კი გაშვება სჭირდებოდა. არ მახსოვს, ვისთან ერთად ან რამდენი დავლიე, მაგრამ აზრზე რომ მოვედი, ყვითლად განათებულ ერთლოგინიან ოთახში საკმაოდ შეუხედავი ბოზი მიკიოდა, ან ჩაცმულს მომტყნავ ან გააჯვი აქედანო. ამ კივილზე ოთახში ვიღაც დაცვის მაგვარი შემოვარდა, ქეჩოში ხელი მომკიდა და დერეფანში გამათრია. მე წინა დღის გმირობით შეგულიანებულმა გადავწყვიტე მოწინააღმდეგისთვის  წინააღმდეგობა გამეწია და ერთი-ორი მოვუქნიე კიდევაც. მაგრამ წამებშივე მივხვდი, რომ ვერ მოვერეოდი და გაქცევით უნდა მეშველა თავისთვის. ერთხელაც შევაგინე და გავიქეცი. დაცვამაც დიდად არ შეიწუხა თავი. გასასვლელ კარამდე მდია და გარეთ გამოსულს ორჯერ მესროლა. ჩემი ვარაუდით საფანტის ტყვიიანი პისტოლეტიდან. აქედან ერთი კეფაში გამარტყა, თუმცა დიდად არ დავუზიანებივარ. შორს ვიყავი უკვე. უბე ისევ გამეხა. კეფიდან სისხლი მდიოდა და თეთრ პერანგს ღებავდა. მოკლედ, გამარჯვებიდან მეორე დღეს სრული კოლაფსი განვიცადე. ვერც ვიტყნაურე და ვერც იმ ამბავს მოვყვებოდი თუ როგორ მესროლა დაცვამ. აბა მაიას ხომ არ გავაგებინებდი, რომ ღალატს ვაპირებდი და ბოზების დაცვამ დამჩაგრა. არადა, მაიამ არც ის იცოდა, რომ მიყვარდა და არც ის, რომ არ ვღალატობდი.