ზაზა კოშკაძე

…და შენ სად იყავი 2012 წლამდე?

მე და სუპერმარიოს ბევრი რამე გვაკავშირებდა: ბავშვობაში კატა ვაწამეთ ერთად, დიდობაში ქალი ამახია. ქალი მალევე დავივიწყე, ნაწამები კატა – ვერასოდეს.
სუპერმარიოც მე შევარქვი. ერთხელ მე და ერთი ძმაკაცი ავადექით სახლში, ელიელებთან ჩხუბი გვქონდა. ვეუბნებით, წამო შეჩემა, თრახია, ორნი ვართ, დაგვაგდებენ. აუ, მაიცა რა, სამას სიცოცხლემდე ავედი მარიოში და ახლა ვერ გამოვალო. დაგვიკიდა, ტიპმა.  
ჩემზე ერთი წლით პატარა იყო. თინეიჯერობის ასაკამდე ყოველთვის ვერეოდი. დღეში სამჯერ გამოწერილივით ვუშვებდი სახლში ატირებულს. მერე მუტაციის აქსელერაციის ასაკმა გვიწია და ერთხელაც ის უბანში ყველაზე მაღალი დაბრუნდა საზაფხულო არდადეგებიდან. მას მერე მისი ფიზიკურად დაჩაგვრა აღარ მიცდია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ მოვახერხებდი. აუცილებლად მიმპიზდავდა. გარდა მაგისა, მივხვდით, რომ ერთმანეთთან ჩხუბში დრო აღარ უნდა გვეკარგა. არც მას უცდია სამაგიეროს გადახდა. ჯერ ერთი, რომ ნძრევის სასწაულებრივი ძალა ახალი აღმოჩენილი გვქონდა და მეორეც, პარალელური ქუჩის ბიჭებიც ჩვენსავით წამოზრდილიყვნენ, სამი თვე არ გვყავდა ნანახი, ბევრი რამე იქნებოდა თავიდან დასალაგებელი. ზოგიერთები თავიდან დასაჩაგრი და ზოგიც ალბათ უმიზეზოდ საცემი. 
სუპერმარიო დიდი მჩაგვრელობით არ გამოირჩეოდა, უარესებიც გვყავდნენ უბანში. ის უფრო მავნებელი იყო. თუკი სადმე რამე ფუჭდებოდა, უეჭველი მაგის თემა იყო. მისი მავნებლობების მასშტაბებიც სხვადასხვაგვარი იყო. ერთხელ მისი ჩამსხვრეული ფანჯრის გამო მე მცემა ვიღაცა დედამოტყნულმა. ეს პატარა მასშტაბის გაფუჭებად ითვლებოდა. შეეძლო კოკა-კოლის ქილები ძირში დაეხვრიტა და ხის ნაჭერზე გამოება, შიგნით გამხმარი ფოთლები ჩაეყარა და ცეცხლი ჩაეკიდებინა. დარბოდა მერე ამ ქილით აღმა-დაღმა და უბანს აკვამლებდა. ერთ საათში ისეთი კვამლი დგებოდა, ადამიანები ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ. სქელ კვამლის ბურუსში მხოლოდ გამვლელების ხველება ისმოდა, რომელსაც დროდადრო სუპერმარიოს ბოროტი სიცილი ერთვოდა, რომელიც მულტფილმების ანტაგონისტებისგან ჰქონდა ნასწავლი. ყველაფრის ფუჭების მისი ორიგინალური მიდგომები სხვა ბაშვებსაც მაგრად ევასებოდათ, რის გამოც მიმდევრები არასდროს აკლდა. მისი იდეები მალე ვრცელდებოდა. მოკლედ, როგორც კი უკეთეს გასართობს მივაგენით ნძრევის სახით, ყველაფერი სხვა დავივიწყეთ. მარტო იმაზე ვფიქრობდით, ვისზე დაგვენძრია. საიდუმლო მასტურბაციის მთელი სესიები გვქონდა, სადაც რომელიმე ჩვენი მეგობრის დაზე ვანძრევდით. ნუ, ამაზე სხვებთან არასდროს არ უნდა გვესაუბრა. ჩვენი სექსუალური სურვილების კონტროლი არაფრით შეგვეძლო და ალბათ, რომც შეგვძლებოდა, მაინც არაფერს შევცვლიდით.
ვიზრდებოდით და ვსწავლობდით, რომ არსაიდან არაფრის იმედი არ უნდა გვქონოდა. აქ უნდა ჩავმარხულიყავით როგორც ადამიანები, ამ დედამოტყნულ ობშიჟიტიაში. აქ ვინც ხვდებოდა, თითქოს გარესამყაროსთვის კვდებოდა. ეს იყო ყოფილი მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც სომეხი ბერების საფლავებით იყო მოფენილი. ამ საფლავებზე იდგა ეკლესია, სადაც ვცხოვრობდით. ამ საფლავებზე გვეძინა, ვფსამდით და ჯოკერს ვთამაშობდით. დროდადრო გვაკითხავდნენ საპატრიარქოდან და გვწყევლიდნენ იმის გამო, რომ ღმერთის სახლში ვიკმაყოფილებდით ადამიანურ, ძირითადად ფიზიკურ მოთხოვნილებებს. თუმცა რა ჩვენი ბრალი იყო, რომ მამაჩვენები მძღოლები იყვნენ და კომუნისტებმა აქ შემოასახლეს? არასდროს გვქონია დანაშაულის გრძნობა იმის გამო, სადაც ვცხოვრობდით. პრობლემა სხვა რამე იყო. ყოველთვის გვეგონა, რომ ცხოვრების ბოლომდე აქ მოგვიწევდა ყოფნა. ცხოვრების ბოლომდე მოგვიწევდა დანებით და რკინებით სირბილი ვინმეს დასაშინებლად. რომ ათი და ოცი წლის შემდეგ ისევ ვიდგებოდით ავლაბრის მეტროსთან და ვინმეს შევაყენებდით, რამეს ავახევდით, რაც არაფერში გვჭირდებოდა. აუ, ერთხელ მახსოვს, პოლიციელი შეაყენა, ფული წაართვა, არ ვიცი, რა ებაზრა, მარა ფაქტია, რომ პოლიციელი შეაყენა, ჩვენ თვალწინ. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ კიდევ რამე არსებობდა, რაც გვატკენდა. ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივი იყო. 
სომხებთან დიდად არ ვკონტაქტობდით, ჩვენ შოვინისტებად გვზრდიდნენ, ჩვენი მშობლების კერპი ზვიად გამსახურდია იყო. როცა ზამთრდებოდა, ქართველები სომხებზე ვიყოფოდით და ისე ვგუნდაობდით. დათბობისთანავე ისევ ქართველები სომხებზე ვთამაშობდით ფეხბურთს, მაზიანზე. სუპერმარიო ძალიან ბავშვური იყო, არასდროს უთამაშია ფულზე, ყოველთვის ტკბილეულზე ან რამე სასურველ ნივთზე მაზავდა თუ რამეს თამაშობდა.
ჩემში ბავშვს მალევე დაენძრა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენმა მეგობრებმა პანტაპუნტით დაიწყეს კვდომა. ამათგან ყველზე მძიმე მაინც სუპერმარიოს ძმის სიკვდილი იყო. ის საკუთარ ნარწყევში გაგუდული იპოვეს მეზობლებმა. არასდროს დამავიწყდება ის დილა. გამაღვიძეს და მეუბნებიან, ზურას ვერ აღვიძებენ, მგონი მოკვდაო. ის დილა არ იყო, ის იყო ჯოჯოხეთი. 
ამ დარტყმის მიუხედავად, სუპერმარიო მაინც იგივე დარჩა. არასდროს ყოფილა სერიოზული, მას ეს უბრალოდ ფიზიკურად არ შეეძლო, ვერაფრით ახერხებდა. გაბრაზებას ახერხებდა, ხშირადაც კი. მაგრამ სერიოზულობა მისი არ იყო.
მამამისი მოსკოვში იყო მოტეხილი, მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა დიდად არ ეხმარებოდა. დედის პენსიაზე ცხოვრობდნენ და ცხოვრების ნახევარზე მეტს შიმშილში ატარებდა. სანამ მისი ძმა ცოცხალი იყო, საჭმელში აფურთხებდნენ, რომ რომელიმე მათგანს მეორის წილი არ ეჭამა, სანამ ის სახლში არ იქნებოდა. ღამე არაერთხელ გავუღვიძებივარ.
– ლოვა, რამე საძოვი არ გაქ? გააძრე რა.
– შემწვარი კარტოფილი – ვპასუხობდი მე. მამაჩემის კულინარიული ფანტაზია ძალიან მწირი იყო. ჭამა უმეტესად ეკიდა, განსაკუთრებით თუ რამე ნივთისთვის აგროვებდა ფულს. ასეთ დროს შეეძლო მთელი წელი მარტო დღეში ერთ კილო კარტოფილზე ვყოლოდით. თუმცა ეს სხვა ისტორიაა. 
წააკიშკავებდა პურს და კარტოფილს და ეგრევე ეძინებოდა, მაინცდამაინც ჩემს საწოლზე. მძულდა ხოლმე ასეთ დროს. თან როგორ ხვრინავდა. იმ ოთახში არსებობას შეუძლებელს ხდიდა. ხან ვაღვიძებდი, ხან – ვერა. მის გამო რამდენჯერმე იატაკზეც მიძინია. დილით ყველაფერი მტკიოდა. არასდროს მიმიფარებია საბანი, შესცივდეს, მოსტყვნია ყველაფერი-მეთქი, ვფიქრობდი. 
მერე ის იყო, რაც ვახსენე. თანატოლებში პირველი მეგობარი გოგო მე გამეძრო და ამ ნაბიჭვარმა არ მაპატია. ვხედავდი, რომ უტრიალებდა, მარა მეკიდა. არ დავუწყე ნაშას კონტროლი, ვერ წარმოვიდგინე, რომ ასე ნაგლად ამახევდა. მეგონა, თვითონ გოგო გააჯმევინებდა. პირიქით მოხდა. ერთ ღამეს, მთვრალი დავადექი ჩვეულებისამებრ, მოსატყნავად და აღმოვაჩინე, რომ იქ აღარ ცხოვრობდა. შოკი მქონდა. წუხელ აქ იყო ტიპშა, მეთქი, სად ტრაკშია. დაახლოებით უბანი გავარკვიე და იმ უბანში ყველა ეზოს შუშები ვლეწე, ქალს ვეძებდი. რა მინდოდა, არ ვიცოდი, მარა ვიცოდი, რომ ძალიან დიდი პროჭობის მსხვერპლი ვიყავი და ვერ გადავხარშე. ზოგადად ეგ ერთადერთი რამეა, რაც მაბრაზებს: როცა ვხვდები, რომ ჩემი ფანტაზია ვერ ეწევა ბოროტებას, რომელსაც შევეჩეხე. ამ დროს პოტენციური მკვლელი ვარ. თუ მოვერიე, შეიძლება მართლა მოვკლა. რაღაცნაირი კომპლექსია, თუმცა ვერაფრით ვხვდები, რამ გამიჩინა. 
რამდენიმე დღეში გავარკვიე, რომ სუპერმარიოსთან ერთად გაპარულა. გამოვყლევდი. ავდექი და ვნახე. ყლეო, რას აკეთებ, ნაშა როგორ ამახიე-მეთქი, ვუთხარი. როგორ და მოვატყუე, რომ ცოლად მოვიყვანდიო. ეს თქვა და ხარხარი დაიწყო. რო გავიქაჩე,  მოგკლავ-თქო, შენ არ ამბობდი ბოზიაო? ბოზის გამო ძმაკაცს რა პონტში უტრაკებო. გაგვაშველეს. ამის მერე მთელი წელი მიმტკიცებდა, იმიტო აგახიე ეგ ნაშა, რო შეგატყვე, გიყვარდებოდა და ამით დაგეხმარეო. ეს მასტი იყო სუპერმარიო, სერიოზული ვერასდროს იყო.
გადავიტანეთ ეს ბაზარი, ვაპატიე, იდეაში. პრინციპში ახლა მართლა მადლიერი ვარ, რომ ის ნაშა ამახია. ასეც უნდა მომხდარიყო. იმ გოგოს სექსი განსაკუთრებულად უყვარდა, სუპერმარიო კიდე ჩემზე უკეთ ჟიმაობდა. თან ჩემზე დიდი ქონდა, კარგად ვიცოდი. ერთად ათასჯერ მაინც დაგვინძრევია. იმ ქალის პარამეტრების ის უფრო იყო, ვიდრე მე. მე შექსპირის სონეტებს ვუკითხავდი ხოლმე, ერთელ მასეთ დროს ჩაეძინა კიდეც. აშკარად სუპერმარიოს ყლე ერჩია ნებისმიერ სონეტს.
ისე, ისინიც მალე დაშორდნენ, თუმცა მე და ის გოგო აღარ შევრიგებულვართ. ერთხელ დამადგა, რაღაც უნდოდა. ჩემი დახმარება ჭირდებოდა რაღაცაში. მე ვაგინე. ის ფრჩხილებით მეცა სახეში და ლამის მთელი სახე ჩამომახია, მე ტაფა მოვუქნიე და მილიმეტრებით ავაცილე. ოთახიდან რომ გამოვედი წივილ-კივილი მომესმა. მერე აღმოჩნდა, რომ ფანჯრიდან გადახტომა სცადა და ჩემმა ნათესავებმა გადაარჩინეს. ბეწვზე მიუსწრეს და ამოათრიეს. მე მთელი სამი სართული ხმამაღლა გინებით ჩავიარე და ეზოში გავედი. ეზოში სუპერმარიო დამხვდა უბნელებთან ერთად. მაგარ გატეხილში იყო, არ სიამოვნებდა, რომ ვაგინებდი მაგის და ჩემ ყოფილს, თუმცა ვერაფერს მეუბნებოდა. ბევრად დიდი მძღნერი ქონდა ნაჭამი. მე თვალი თვალში გავუყარე და ისე გავაგრძელე გინება. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაინც მითხრა, ნუ იგინები, ბავშვები არიანო. ამაზე სხვებმა დააჯვეს, შენ ვის ეუბნები შე ყლეო, შენზე მეტს მთელ ავლაბარში არავინ იგინებაო, და გაჩერდა. ხმა აღარ ამოუღია.
მერე კიდევ იყო რაღაც, რამაც ისევ დაგვაახლოვასავით. ჩემი მეგობარი გავაცილეთ სვანეთის უბანში და უკანა გზაზე გადავწყვიტეთ ფეხით დავბრუნებულიყავით, ჩერეზ ლიანდაგები ბუხაიძეზე, მერე სამება და მერე უბანი. სამების ტაძრიდან საკმაოდ ახლოს იყო ჩვენი ობშიჟიტია. ლიანდაგებზე რაღაც ხმა შემოგვესმა. კარგად დავაკვირდით სილუეტებს და მივხვდით, რო ორი ტიპი ვიღაც ქალს ცემდა. სუპერმარიომ ეგრევე დამოზგა, რაც ხდებოდა. როცა იმ ორმა შეგვამჩნია, ქალი დააგდეს ლიანდაგზე და წამოვიდნენ. სუპერმარიომ მითხრა, ნელა ვიაროთ, ამათმა გააჯვან და იმ ქალს დავეხმაროთო. ეს ჯერ კიდევ ის დროა, დღის ამ მონაკვეთში ყველა იარაღით რომ დადიოდა. ქალი გვეცოდებოდა, მარა მამენტ სიკვდილი არ გვინდოდა. იმ დროს ქალს ვინ არ ცემდა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. არ შევკამათებივარ, მეთქი დავაი, დავეხმაროთ. საბოლოოდ ეს ორი ტიპი გადაყლევებულ კაიფში მყოფი ლიმონათის დისტრიბუტორები აღმოჩნდნენ, რომლებიც სადისტრიბუციო მანქანით გამოგვეკიდნენ, იმიტომ რომ სუპერმარიოს შეაგინეს და ამან ეგრევე ხია. ისე გამოვიდა, რომ სუპერმარიომ სხვაგან გაუხვია და მე ბუხაიძეზე დავეშვი. ისინი იმინნა მე გამომეკიდნენ – კიდევ ერთხელ მომდევდნენ ამ გამოყლევებულის გამო. მივრბოდი და მომდევდა ბედნიერი ბავშვების სახეებით დაბრენდილი ფერადი სატვირთო მანქანა. ეს ჩემი ალბათ მეოცე ძალიან ახლო შეხება იყო სიკვდილის ალბათობასთან, როცა დარწმუნებული ხარ რომ გადარჩენის შანსი არ გაქვს – აშკარად არ მინდობდა მასტი. ტროტუარზე დარგულმა ხეებმა გადამარჩინეს, მას მერე მძულს ყველა ხის მჭრელი. ყველა ეგეთის დედას შევეცი. 
მოკლედ, ეგ უბანი ისეა გაშენებული, სახურავებით რო იძრომიალო, შეიძლება მართლა დიდი გზა მოჭრა. ასეც ვქენი. საბოლოოდ სახლამდე მივაღწიე და სუპერმარიოს დაველოდე. სადღაც ნახევარ საათში მოქანდა. კვდებოდა სიცილით. შენ თურმე რას დარბიხარო, დამცინოდა. ნახევარი საათის წინ დარწმუნებული ვერ იქნებოდა, რომ გადავრჩებოდი, ახლა იდგა და დამცინოდა. 
ქალს რა ბედი ეწია, არ ვიცი. მგონი მოკვდა, მე ასე მითხრეს მაშინ.
ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო, როცა გავატყანი, რო წამალზე შეჯდა. ნუ შეჯდა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ნარკომანს არ გავდა, მარა მგონი უფრო ემარიაჟებოდა, რო იჩხერდა. ეს ნარკუშას მანერები და თემები – მგონი ახალი მეგობრები ყავდა, უბანში დროს ისე ხშირად აღარ ატარებდა. კიდევ კაი მისი ძმა ვერ ხედავდა, ცვეტში დაბრიდავდა – ან დაასახიჩრებდა მაინც – მაგის გამო. თვითონაც კი იჩხერდა, მარა პატარა ძმას არცერთ პონტში არ აპატიებდა იგივეს. მოწევაზე რო გაუგო, მოკიდებული სიგარეტის ღერი აჭამა. კაი ხანი ვერ ბაზრობდა, მთელი პირის ღრუ ისე დაეფუფქა. ერთი სიტყვით, წამალს მიეპარა და ამ პერიოდშივე „ყაზტრანსგაზში“ დაიწყო მუშაობა. ზუსტად არ ვიცი, რას აკეთებდა იქ, მაგრამ ამას რო სამსახური ქონდა, ეგ დიდი ნონსენსი იყო, მე მაშინ შუშის მწმენდავად არ ამიყვანა ერთმა კომპანიამ, არადა მე იდეაში უფრო ჭკვიან ტიპად ვითვლებოდი, ვიდრე ის.
ჰოდა ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში აიყვანეს, წამალზე. რამდენიმე წელი იჯდა, მარა მე არასდროს მივსულვარ სანახავად. მაგ დროს წერა ახალი დაწყებული მქონდა, ჩემ პონტში ვიყავი. დედამისი ყველას გვთხოვდა, რამით დავხმარებოდით. ვერავინ ვერაფრით ვერ დავეხმარეთ. 
რამდენიმე წელი რამდენიმე დღესავით გავიდა და საბოლოოდ სუპერმარიოც გამოუშვეს. 2011 წელი იყო. მახსოვს, ეგრევე დამადგა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ბავშვი აღარ იყო. ტელევიზორში მოსმენილი ფრაზებით და პოპულარული სისულელეებით ლაპარაკობდა, პიდარასტების დედა უნდა მოვტყნათო და რაღაცა იდიოტური, ვითომ ნაციონალისტური  თემები. მე ახალი სამეგობრო მყავდა, უკვე ჩოტკად ლიბერალად ვიყავი ქცეული. გრძელი თმა მქონდა, როკ-ბალადებს ვუსმენდი, მოკლედ, ძაან შეცვლილი დავხვდი. არ გაუსწორდა, მარა მიმიღო, ყველანაირს მიმიღებდა, ზუსტად ვიცოდი, ჩემზე დიდი ლიბერალი ეგ იყო, პროსტა რაღაცნაირად აღმოჩნდა ამ უაზრო ობრაზში. მოსპეს ტიპი.
ციხიდან გამოსულმა ღამის სტუმრობები განაახლა, მიყვებოდა, როგორ აწამებდნენ და სცემდნენ ციხეში. დილიდან საღამომდე. გონებას რო ვკარგავდით ცემისას, წყალს გვასხამდნენ, გვასულიერებდნენ და კიდე აგრძელებდნენ ცემასო. ჰაერში რო აგვაგდებდნენ, ბოზიშვილივიყო, ჩემიდედამოვტყან, ერთი საათი ძირს არ ვვარდებოდით, იმდენს გვირტყამდნენო. იქ ერთი ტიპი გვეუბნებოდა, მე ზურაბ ჟვანია მყავს გაგორებული და თქვენ რა ყლე უნდა მომჭამოთ, გაგაქრობთ, დედებს მოგიტყნავთო. აზრი არ ქონდა არაფერსო. მაგათი დედას შევეცი-მეთქი, ვეუბნებოდი და ერთი სული მქონდა, სახლში წასულიყო, რო დამეძინა.
მერე ავლაბრიდან სხვაგან გადავედი საცხოვრებლად და ისევ დავეკარგეთ ერთმანეთს. ერთი წელი არ მყავდა ნანახი, რო დამირეკა. შევხვდეთო. მეთქი, დავაი. მართლა შევხვდით. სადაც მე ვმოძრაობდი, იმ ზავიდენიებში თავს ცუდად იგრძნობდა, ვინმეს აუცილებლად მიაყენებდა შეურაცხყოფას და დაცვას აცემინებდა ჩემს თავს, ამიტომ რაღაცა ძაან ცუდი ადგილი ვნახე და იქ დავიბარე. ვხვდებოდი, რაღაც აწუხებდა. მითხრა, ბიჭო, გამაგიჟეს და რამით დამეხმარეო. მაშინ მეცხრე არხზე ვმუშაობდი და იფიქრა, რამეს შევძლებდი. რა ხდება-თქო და ბიჭო, მემუქრებიანო. ვინ გემუქრება-მეთქი. ნაცები მემუქრებიან, რომ ტელევიზიასთან არ იბაზრო ციხის თემებიო და აქედან ესენი მიტყნავენ ტვინს, რო გამოდი და იბაზრე, რაც შენი თვალით ნახეო. ეგ შენი არხი მირეკავსო. ბიჭო, მე ერთი კოპირაიტერი ვარ, ანონსების ტექსტებს ვწერ, ვინ გგონივარ-მეთქი. 1 ოქტომბერი ახლოვდებოდა და სრული შიზოფრენია სუფევდა ქვეყანაში. მე ვინ რას დამიჯერებდა. მაინც დავფიქრდი, რა შემეძლო მექნა და მივხვდი, რომ არც არაფერი შემეძლო. მეთქი, რავი, იბაზრე თუ გინდა, მაინც ესენი მოვლენ ალბათ-თქო. შანსი არაა, შიგ ხო არ გაქვს, ყველა პონტში გააგორებენ ბიძინასო. აბა მაშინ არ იბაზრო-თქო. სამსახურში არავინ მიღებს, ნაციხარი რო ვარ და ფულსაც ვერ ვსესხულობ, რომ აქედან მოვხიოო. ყველა ხვდება, რომ აქედან მოსახევად მინდა და აბა ვინ მომცემსო. მე მხრები ავიჩეჩე. მართლა ვერ მივხვდი, რა უნდა მექნა. აუ, შენ რა ყლე ხარ, ოდესმე შენი ეგეთი ძეგლი უნდა დავდგათ ქალაქში, მხრებაჩეჩილიო. რა ვქნა, დაბნეულობა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. მშოკავენ დარწმუნებული ადამიანები. თუ გინდა დავლიოთ-მეთქი. ბაზარი არააო. 
სასმელი რო გვითავდებოდა, გვერდით სუფრაზე ვიღაც ძაან მთვრალი ყლეები გაიცნო და იმათ გადაუჯდა. მე მოვუტყდი, ეგრევე. 
იმ დღეს პირველად მომეჩვენა დაბერებული. მას მერე აღარც მინახავს.
მე და სუპერმარიოს ბევრი რამე გვაკავშირებდა, თუმცა როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვაკავშირებდა, ვინმეს აუცილებლად ტკივილს აყენებდა: ან მე, ან მას… ან სხვას.