ერეკლე დეისაძე

მთელი ამხელა არაფერი




1.


– თქვენო უწმინდესობავ!

პასუხი არ არის.

– თქვენო უწმინდესობავ!

პასუხი არ არის.



2.


– ეს მეორე შემთხვევაა, პირველად სკოლაში დაიკარგა ექსკურსიის დროს, თვითონ არ უყვარს, ამ ისტორის რომ ვყვები, მაგრამ შემთხვევით ვისარგებლებ. უფალმა შემინდოს, მოსაყოლიც არაფერია. მოშორებით იპოვეს, ქვაზე დამხობილი ლოცულობდა, თუ არ ვცდები, მეექვსე კლასში იყო. არ ვიცი, ახლა რატომ გამახსენდა. იქნებ რამეში გამოგადგეთ. როგორც მითხარით, გამოძიებისთვის ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობ, არაფერი გამომრჩეს. აქეთ მობრძანდით, ეს მთავარი ოთახია, აქ სტუმრებთან შეხვედრები იმართება და ტკბილეულით ვუმასპინძლდებით. რამეს ხომ არ მიირთმევთ? – მოულოდნელად
იკითხა ქალმა.

– გმადლობთ – უარის ნიშნად თავი გააქნია გამომძიებელმა და მისაღებ ოთახს თვალი მოავლო. 
მდიდრული ფრესკების გასწვრივ მარტორქის ფიტული გამოზრდილიყო. ცხოველი
სახით ოთახში იყურებოდა, თითქოს ტანი კედელს მიღმა დარჩენოდა. იქაურობა რაღაცით მუზეუმს ჰგავდა, ხოლო შუახნის  ქალი, რომელიც სამართალდამცავებთან ერთად ცდილობდა სიტუაციაში გარკვევას, ამ მუზეუმის გაცოცხლებულ ექსპონატს.
შავ როლინგზე თეთრი მარგალიტებით გაწყობილი  ყელსაბამი ეკიდა. ქუსლებზე
შემდგარი, სტუმრებს იმ ოთახებისკენ მიუძღოდა, რომლის კარიც ყველასთვის
ასე დახურული და მიუწვდომელია, გარდა მაღალი იერარქიული პირებისა. გამომძიებელი ფანჯარას მიუახლოვდა. გარეთ მტვერში აზელილი მძიმე ჰაერის
მასა ტრიალებდა. იქვე თავმოყრილი ბუზების სიმრავლე ეუცნაურა, ისინი ტყვიაგაუმტარ შუშას ეხეთქებოდნენ და თავდაუზოგავად ლამობდნენ ოთახში შეღწევას.
თავს არც გამომძიებელი ზოგავდა, ოღონდ რაიმე ხელმოსაჭიდი ეპოვა.
მისი ყურადღება განსაკუთრებით  საბჭოთა ბელადის პორტრეტმა მიიპყრო, თვალი ერთ წერტილში იქამდე გაეყინა, სანამ უხერხული სიჩუმე ქალმა არ დაარღვია
- “ეს მისი უწმინდესობის ნახატია”.

– ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთებს თუ ხატავდა, – გაოცებით აღნიშნა გამომძიებელმა, – მე მხოლოდ მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ ვიცოდი. დასძინა იქვე, თუმცა აშკარა იყო, რომ ამ არაფრისმომცემი დიალოგის მიღმა, მეორე პოლიციელისგან განსხვავებით მისი გონება შინაგანი ხმით იყო მოცული. მან თავი გამომძიებლის თანაშემწედ წარადგინა და სამსახურეობრივი მოვალეობის მიუხედავად (რომლის წყალობითაც შეაღწია ამ კედლებში) წუთითაც არ კარგავდა მოცემული რეალობის აღქმას.
მის მზერაში უსაზღვრო რიდი და პატივისცემა იგრძნობოდა, რაც მის მორჩილ
ბუნებაზე მეტყველებდა. ქალი თავიდანვე სიმპათიით განეწყო ახალგაზრდა
თანაშემწის მიმართ, რასაც ვერ  ვიტყოდით გამომძიებელზე, რომელიც სულ
რაღაცას ეძებდა. ეძებდა ყველაფერს, გარდა ღმერთისა. ვინ იცის, იქნებ უკვე 
ნაპოვნიც ჰყავდა, ან არც არასოდეს უცდია მიეგნო, რადგან ღმერთი არც ნივთმტკიცებაა და არც სამხილი. – ყოველ შემთხვევაში, გამომძიებელი ასე
 ფიქრობდა.




3.


- ბავშვივით უყვარს ტკბილეული  – თქვა ქალმა. მერე სტუმრებს მურაბების ოთახისკენ გაუძღვა. სიარულის დროს მარგალიტის ყელსაბამი საყურეებთან სინქრონში ისე ირხეოდა, თითქოს ოთხზე იდგა.
დერეფნის ბოლოს, მთავარანგელოზის ხატის პირდაპირ,  მოჩუქურთმებული ხის
კარი დახვდათ. ოთახში ყველაფერი ხის იყო, იატაკი, ჭერი, ავეჯი. ყველაფერი – 
მურაბების გარდა…
გრძელ თაროებზე კოხტად ჩამწკრივებული ქილების მრავალფეროვნება, თეფშზე დაყრილ ბლის კურკებთან ერთად, რომელიც უკვე ხელმოსაჭიდი იყო მთელ ამხელა არაფერში, ქალის ნათქვამს ამყარებდა. საკითხავია, იყო თუ არა ბლის კურკები  ამ გაუგებრობის გასაღები, მაგრამ ფაქტია, გამომძიებელმა ისინი მაშინვე ნივთმტკიცებად ჩათვალა.
ქალმა შეამჩნია, როგორი მონდომებით ასრულებდა თანაშემწე გამომძიებლის 
მითითებებს. ეს მისთვის ღალატის ტოლფასი იყო, ხოლო თანაშემწისთვის – უბრალოდ, სამსახურებრივი მოვალეობა. 
ქალი გამომძიებლის მიმართ სიძულვილით აღივსო, მაგრამ მრავალწლიანმა
გამოცდილებამ ასწავლა, როგორ შეენიღბა ეს გრძნობა.

– თეთრი ბალი განსაკუთრებით უყვარს – თქვა მან  – თითქმის ყოველდღე ჭამს, მიუხედავად ექიმის აკრძალვისა უჭირს უარის თქმა. გულჩვილია, შენიშვნას ვერ იღებს, აქ ჩუმად შემოიპარება, მე კი თავს ვიბრმავებ და არაფერს ვიმჩნევ.




4.


- ჩვენი წასვლის დროა, – თქვა გამომძიებელმა. ქალმა შვებით ამოისუნთქა. საკუთარი მოჩვენებითი თავაზიანობა, უკვე ნერვებს უშლიდა.

– კარგად ბრძანდებოდეთ, – დაემშვიდობა და სტუმრებს თავი დაუკრა, – ჩვენ ვილოცებთ.

– ჩვენც –  მიუგო გამომძიებელმა და თანაშემწესთან ერთად შენობა დატოვა.




5.


თორმეტი მეუფე პლაზმური ეკრანის წინ რბილ სავარძლებში მოკალათებულა.
თითქოს საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ შეკრებილან. ეჭვს playstation-ის ბოლო მოდელიც ამყარებს, ეკრანის ქვემოთ რომ დევს. თუმცა აშკარაა, რომ შეკრების მიზეზი სხვაში მდგომარეობს.

- პულტი მომაწოდე, – თქვა ერთ-ერთმა. 
ღილაკზე  მსუქანი თითის დაჭერით ეკრანი მომენტალურად განათდა. ტელევიზორში რუსთაველის პროსპექტს აჩვენებენ, მრავალათასიან აქციას პატარა ბავშვები მიუძღვიან. ხელში ჯვრებით და ხატებით  მღერიან, ლოცულობენ, იგინებიან.
მამაოების ოცეული დრონით გადაღებულ კადრში კრიალოსანს ჰგავდა, აგრესიული 
ხალხის ნაკადს გზას რომ უკვლევდა. ცოტა ხანში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 
აქციის რამდენიმე წარმომადგენელი ოპერატორისკენ გაიწია. ეკრანზე კადრი
გაწყდა. გინება. მტვრევის ხმა. ბოლოს სიჩუმე.
კადრი ისევ ჩნდება.
გავეშებული ბრბო ერთი მიმართულებით გარბის, გეგონება უზარმაზარი ტალღა
მოსდევს, რომელმაც ეს-ესაა უნდა წალეკოს. თავდაუზოგავად გარბიან, რამდენიმე მათგანი ჩოხაშია გამოწყობილი და სირბილის დროს პირჯვარს იწერს, შიგადაშიგ ხმებში გაშლილი “მამაო ჩვენოც’’ ისმის.
მოულოდნელად კარი იღება და ოთახში ქალი შემოდის. 
თორმეტი თავი სინქრონულად  მისკენ ტრიალდება, ოცდაოთხი თვალი უყურებს.

– წავიდნენ – ამბობს  და ფეხზე იხდის.

– სად წავიდნენ? – კითხულობს ერთ-ერთი.

– საიდანაც მოვიდნენ – იყო პასუხი.

ტელევიზორში ხალხით გარშემორტყმულ ყვითელ ავტობუსს აჩვენებენ, რომელიც
 გადაკეტილი გზის გარღვევას ამაოდ ცდილობს.

– პირდაპირია? – იკითხა ქალმა.

- როგორც ყოველთვის – მიუგო მეუფემ და პულტით ხელში, ეკრანს პირჯვარი გადაწერა.
 ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოდგა.

– თქვენი აზრით, რამეს მიხვდნენ? – იკითხა ქალმა.