ნინო ჭინჭარაული

მეშვიდე საიდუმლო

ეს ცისფერი ჯინსი ყვერებთან გამოხეული მაქვს, უნდა გადავაგდო… არა! ეს იმ დღეს მეცვა, როცა თინა გავიცანი!.. თინას უყვარს ცისფერი… მკიდია, მარინა გამიკერავს. რა უჭირს, ტრაკში არავინ მიყურებს. თინა მაინც ვერ შემამჩნევს. როდის, ან რას ამჩნევდა ხოლმე? ჩემთან ყოფნისასაც სულ სხვაგან იყო, ან – თავის დედამოტყნულ წიგნებთან, ან – ვეგანურ ყლეობებთან, დღეში ცხრაჯერ რო ამზადებდა და პირში არ ჩაიშვებოდა. ჩემი კარგი… როცა არსებობს ხაშლამა, მწვადი, ოსტრი, რა პონტში უნდა ლოღნო უმი ბოსტნეული? ქალია და იმკითხავე, თავში რა უყრია.
უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ აწი ვეღარასდროს გავიგებ.
დილიდან გული მერევა. რა ყლეობა მჭირს? წუხელ არ დამილევია, არადა, იმ დღეს რა ძაან შევიყავი… რამ ჩამაცეცხლა ლევანას დაწურული მთხლე? ორი დღე აბრატკას მაძლევდა. ალბათ ეგ ჩემისა ბებიამისის ნიფხავში წურავს ყურძენს და პრასტატიანი პაპამისის სუდნოში აყენებს. თუმცა, იმ სპირტწყალას მაინც სჯობდა, რასაც ზახარიჩი მასმევდა კამერაში.
მკიდია… თინა მაგრად მენატრებოდა და რო არ დამელია, სოფელს გადავწვავდი.
შევეცი აქაურობას. რაც აქ თინა აღარ მყავს, არც ლევანას ჩაყრილი მისწორდება, აღარც დალევა და მარინა ხო საერთოდ ნერვებზე მთხრის. მაგ ჩემისას რო არ ეთქვა – ქალს სახლში რო ვერ დააბამ, შენ რა კაცი გქვიაო, არ გავჭედავდი. შენი მყრალი ენის პატრონს რა რძალი გაუჩერდება-მეთქი და ჩართო… ქალაქელი ბოზი რომ არ მოგეთრია მამაშენის სახლში, არც მანდ აღმოჩნდებოდიო… მე კიდე მაგის მოსმენა მინდოდა? ძღრენი ხასიათის ქალია, იცის, როგორ მომშალოს. ეგეც ქალია და თინაც… მარა, თინა სხვა პონტში მშლიდა ჭკუიდან… მაგისი სიჩუმე მაგიჟებდა. ჩუმად იყო საწოლშიც, როცა ვცდილობდი მოვფერებოდი და არც მაშინ იღებდა ხმას, როცა მაგისი გულგრილობით გაცოფებული თავს ვეღარ ვიკავებდი და ვლეწავდი ხოლმე. ჩემი კარგიც მოვტყან… როგორ მაცოფებდა მაგისი არაფრისმთქმელი სახე! მინდოდა ეყვირა, შეეგინებინა, ან ხურდა დაებრუნებინა ჩემთვის, მაგრამ უხმოდ დგებოდა ფეხზე, ცხვირიდან სისხლს მოიწმენდდა თავისი სიფრიფანა თითებით და სანამ მე იატაკზე ჩაცუცქული, სახეზე ხელებაფარებული ყლე ბავშივით საკუთარ ცრემლში არეულ ცინგლებს ვყლაპავდი, ის უკვე ჰამაკში იჯდა წიგნით ხელში. რაღაც ყლეობა ცისფერ წიგნს კითხულობდა და ჩაფინგალებული თვალიც ცისფერი ჰქონდა. მაგ დროს დედაჩემს მაგონებდა.. აუ ჩემი, როგორ მაგონებდა დედაჩემს, მამაჩემთან ჩხუბის მერე!.. როცა თავისი წამპალი ენით წყობიდან გამოიყვანდა და მანამდე არ ჩერდებოდა, სანამ მამას მოთმინება არ გამოელეოდა და წიხლით არ შედგებოდა!.. მაგ დროს მარინასაც არანორმალურად უმშვიდდებოდა დალილავებული სახე, თითქოს კმაყოფილი იყო, რომ მიზანს მიაღწია და ორ წუთში უკვე გაზქურასთან იდგა. დაკვირვებულიც ვიყავი, რო ეგეთ დღეებში უფრო გემრიელი სადილი გამოსდიოდა, ვიდრე სხვა დროს. გეგონება ამ ცემა-ტყეპით იტენებოდა და მერე უკეთ აკეთებდა თავის საქმეს. მე კიდევ ამ დროს ჩემს ოთახში ვიკეტებოდი და ნძრევით ვკვდებოდი, რო წივილ-კივილი არ გამეგონა. ვანძრევდი და ისე ვოცნებობდი, მამაჩემს დედაჩემი მიეხრჩო, თან მისწორდებოდა, თან გული მერეოდა. მერე გამოვდიოდი და მამაჩემის დატანჯულ სახეს რომ ვხედავდი, თითქოს წინასწარ ვიცოდი, მალე ჰამაკიანი ხის ძირში ჩამოიხრჩობდა თავს. ამ ყლე ცხოვრებას შევეცი!
კაროჩე, ეს შარვალი უნდა გამიკეროს. ზემოდან რამე ცისფერს გადავიცვამ და ეგაა… თინას უყვარს ცისფერი… წვერსაც გავიპარსავ. ყვავილები… რა ჩემ ყლედ მინდა? მაინც არ გამომართმევს… ისედაც ოხრად ყვავილებს მიაშავებენ…თუ იპოვეს…
გული მერევა. ყვავილებზე სულ მამაჩემის საფლავი მახსენდება, უფრო სწორად – საფლავზე დაწყობილი ხასხასა ყვავილები, ზონიდან ახალგამოსულს რო დამხვდა და მარინამ რო თავი გაიგიჟა, დღეს არ ამიტანიაო. მაშინაც ვფიქრობდი და ეხლაც უეჭველი მგონია, რო იმან დააწყო… ღადაობაა, ტიპი ახლოს არ მიკარებდა და მამაჩემის საფლავზე ყვავილები აქონდა.
არადა, რა პონტში ვთქვა, რო მამაჩემს ევასებოდა? პირველად რო მოვიყვანე და ოთახში შეკეტილი იჯდა ორი საათი, ერთადერთი მაშინ შევიდა მაგასთან სალაპარაკოდ მამაჩემი, აზრზე არ ვარ, რა ებაზრა და რო გამოვიდა, მითხრა – „ლაშა, ეგ გოგო ტაქსში ჩასვი და უკან წაიყვანეო“… ეგრევე აწივლდა მარინა – ვის შვილს იწუნებს ეგ ასფალტის „პრაშმანდოვკაო“ და მეც მაგიტო შევუვარდი – ეგეთი რა უთხარი მამაჩემს, ქალიშვილი არ ხარ-მეთქი? ტიპმა ხმა არ გამცა! უფრო ამასხა, მაგრამ თავი შევიკავე, მეთქი 15 წლისაა, შანსი არაა ქალიშვილი არ იყოს, შეშინებული იქნება ეგ ჩემისა და იქნებ მოფერებით დავაწყნარო-მეთქი. ვცადე მეკოცნა, მეთქვა, რო დედოფალივით ვაცხოვრებდი, მარა ტიპმა არც ხმა გამცა და არც მიმიკარა. ჰოდა, კარი ჩავკეტე და…
მარინას ალბათ ეხლაც ჰგონია, რო თინა მაშინ მოვტყანი. რა მათქმევინებდა იმას, რო მაგისი სიჩუმით გაცეცხლებულმა ჯერ თვალში ვლეწე, მერე იატაკზე ჩაცუცქულმა ვიტირე და იმავე კედელთან, საკუთარი ხელით გავათავე. გარედან მარინას წიწინი მესმოდა და ამის დედა მოვტყან, მეგონა ისევ ლაწირაკი ბავშვი ვიყავი…
კაროჩე, მეყო ბაზარი. ეს – ჯინსი, ესეც – ბოტასი და ეს… აუ მამაჩემის ნაჩუქარი „ბაბაჩკა“ გაიჩითა! არადა, რამდენ ხანს ვეძებდი, ყველა უჯრა გადავატრიალე. უეჭველი მარინას ჩაუდია ჩემ ტანსაცმელთან. ამას ჯიბიდან აღარ მოვიცილებ. ერთადერთია, რაც მამასგან დამრჩა და კაკ რაზ დღეს დამჭირდება… აუ, ეს ცისფერი ზედა დაკუჭულია… მკიდია, მაინც ჩავიცმევ. თინას უყვარს ცისფერი… პირველად რო ვნახე, ცისფერი კაბა ეცვა. ვნახოთ, დღეს საღამოს რა ეცმევა…
ისევ გული მერევა, ტო. ხელებიც მიკანკალებს.
. . .

მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს. მე კიდევ სამი დღეა ქუჩაში არ გავსულვარ და ალბათ არც დღეს გავალ. სასწაულად მეძინება და ალბათ ვერც გამოვიძინებ, სანამ ამ რეფერატს არ დავამთავრებ. სჯობს ვიჩქარო, მალე მარი მოვა და მე კიდევ საწოლიც არ მიმილაგებია.
გადაუღებელი წვიმისგან ცა ისეთი ნაცრისფერია, კაცს გული შეუწუხდება. მე კი, რატომღაც, მსიამოვნებს… მთავარია, არ გადაიღოს და ცა ცისფერი არ იყოს.
გუშინ მარის წიგნები გავატანე ფლი მარკეტზე გასაყიდად. არ დამნანებია, ყველა გავიმეტე „ყველაზე ცისფერი თვალის“ ჩათვლით. ეგ კი არა, პირველი ზუსტად ეგ გაყიდულა და ისე თავისუფლად ამოვისუნთქე, თითქოს საკუთარი წარსული გამეყიდოს. დიდი არაფერი, ათი ლარის თემაა, მაგრამ მაგასაც კომუნალურების ფულს დავადებ და მარის წავეხმარები, რა ვალდებულია, მარტომ იხადოს…
რა ბედნიერებაა, ღმერთო, მარი რომ მყავს! ეგ რომ იცინის, რაც არ უნდა დარდი გედოს გულზე ლოდივით, შანსი არაა, შენც არ გაგეცინოს. უნივერსიტეტში მისვლის პირველივე დღეს ვიპოვეთ საერთო ენა. მე მაგის გაწეწილი, ხუჭუჭა თმა და მხიარული ხასიათი მომეწონა, მას კი, როგორც მითხრა – ჩემი სიფრიფანა სახე და მელანქოლიური სიმშვიდე. არც მაშინ და არც მას შემდეგ არ მითქვამს, რომ საკუთარი სიმშვიდე მძულს და არანორმალურად მინდა, მეც მის მსგავსად ლაღი, თავქარიანი და ხუმარა ვიყო, მაგრამ არ გამომდის და ალბათ არცაა საჭირო. მინდა თუ არა, ოდესღაც ამ უადგილო სიმშვიდემ გადამარჩინა… ამის თქმა რა საჭიროა, ჩემი ისედაც მშვენივრად ესმის და ესმოდა იმ დღიდან, რაც ჩემი გასაჭირი მოვუყევი და თავის ბინაში გადმოსვლა შემომთავაზა.
მოდი საწოლს მივალაგებ. ეს რა პერანგი უდევს მარის ბალიშის ქვეშ? ღადაობ? ჩემი ცისფერი კაბა… ნეტა სად იპოვა? ესეც ხომ გასაყიდად გავატანე მარკეტზე? აუ, რა ტიპია… უეჭველი დაევასა და თავისთვის დაიტოვა. როგორ ვუთხრა, რომ ეგ კაბა ისე მეზიზღება, სანამ გასაყიდად გადავდებდი, მთელი დღე ვებრძოდი თავს, ნაკუწებად არ მექცია… მერე გადავწყვიტე, რომ უბრალოდ კაბაა და ვერაფერში დავადანაშაულებ, ემოციების აყოლა არ ღირს. ჯანდაბას, იხმაროს მარიკუნამ ღამის პერანგად…
საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ემოციები? მით უფრო – ქალს? ყველაფერში ხელს გიშლის – სწავლაში, პრობლემებთან გამკლავებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში… თუმცა, მე ბავშვობაში იმასაც ვფიქრობდი, რომ ადამიანებთან კონტაქტს წიგნებთან ურთიერთობა სჯობს. ვფიქრობდი და ასეც ვიქცეოდი, სანამ მარი არ გავიცანი და მივხვდი, რომ ადამიანები ერთნაირები არ არიან. სამყარო ერთფეროვანი არ არის.
ეს მინები ისევ გასაწმენდია, არადა დილით საგულდაგულოდ გადავუსვი ტილო. უკვე დაიორთქლა… სასაცილოა, მაგრამ ჩემთვის სამყარო თავის ნამდვილ სახეს ზუსტად ასეთი დაორთქლილი მინების მიღმა ავლენს. ბუნდოვანი, ქაოტური, გადღაბნილი მუნჯი კინო… პირდაღებული ბავშვივით ვაკვირდები, როგორ ქრებიან და ჩნდებიან უფორმო ლაქები არალოგიკურად, არათანმიმდევრული პაუზებით და მიუხედავად იმისა, რომ გონება მკარნახობს, რომ ეს უბრალოდ წვიმაში მოსიარულე ადამიანებია, ჩემთვის ისინი უსახო, უფორმო, ერთნაირი ლაქები არიან.
თითს ვუსვამ მინას და თითოეული ადამიანის სახეს ვხედავ. ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს სამყაროში ერთმანეთის მსგავსი ორი ფოთოლი. ოდესღაც არ ვიცოდი, რომ ამის შეცნობა მეტად დაკვირვებულს და მალე თავისუფალსაც გამხდიდა… ცოტა ჰაერი უნდა შემოვუშვა. ვაღებ სარკმელს, რაფაზე მდგარი ჭიქა ძირს ხმაურით ეცემა და ტყდება. ოხ, მარი! რამ დაგატოვებინა ყავიანი ჭიქა რაფაზე? უნდა მოვწმინდო. სამი ერთმანეთზე მომცრო მრგვალი ლაქა… როგორ ჰგავს მრავალწერტილს… რა მჭირს? დღეს ყოველგვარ სისულელეს მნიშვნელობას ვანიჭებ. მეყოფა.
სარკმელი უნდა მივხურო. ქარიც შემოდის და ქუჩის ქაოსიც. ახლა უკვე მეც მისი ნაწილი ვარ. ვგრძნობ, როგორ წამიერად მითრევს ცხოვრება, როგორც სტიქია, რომელსაც ეს სამი დღე მშვენივრად ვემალებოდი ყურსასმენებით, საბნის ქვეშ, ან მეგობრის მხარზე ნიკაპდაყრდნობილი. ახლა კი ვიცი, ვერსად გავექცევი. ვერ შევებრძოლები ვერც ამ გაყიდული წიგნით, ვერც რეფერატით და ვერც ამ საზიზღარი კაბის დანაკუწებით…
ჭკუიდან ის მშლის, რომ ამ სტიქიას სრულებით არ აღელვებს, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და რაზე ვოცნებობ. მას არ გააჩნია ლოგიკა და ვერც საკუთარ თავს მართავს. არ გააჩნია არაფრის უნარი განადგურების გარდა. მისი პროვოცირება ადვილია, შეკავება – შეუძლებელი. მის მასშტაბებს არ აქვს ზღვარი, ისევე, როგორც იმ ადამიანის უტვინობას, რომელიც თვითგანადგურებისკენაა მიდრეკილი. დაუფიქრებლად ხერხავს იმ ხის ტოტს, რომელზეც ფეხი უდგას… აშრობს მდინარეს, როცა ირგვლივ ყველაფერი ხმება… ზრდის მოძალადეს, თუ მასზე გამუდმებით ძალადობენ… სტიქია იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც არ აქვს უნარი, ჩემსავით თითი დაუსვას სარკმელს, რომ დაინახოს, რა მრავალფეროვანია სამყარო და ადამიანები, რომლებიც ამ ქაოსს ებრძვიან. რომ სარკმლის მიღმა მოძრავი თითოეული ლაქა ამ სამყაროში მცხოვრები პატარა სამყაროა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ნებით არჩეული გზით სიარული სჭირდება…
სტიქიას ამის დანახვის უნარი არ აქვს.
მოვარდება, გითრევს…
უკვე სისულელეებს ვბოდავ… კიბეზე ნაბიჯების ხმა ისმის. ალბათ მარი მოვიდა ლექციიდან. ისევ დამიწყებს ჩხუბს, რატომ ვზივარ ბაიყუშივით სახლში გამოკეტილი და არსად გავდივარ. არადა, გუშინ შევპირდი, რომ დღეს მაინც გავყვებოდი ბარში გოგოებთან. არაფერია, წვიმას დავაბრალებ და გულში ბოდიშს მოვუხდი, რომ მოვატყუე. ხმამაღლა თქმის კი არა, იმაზე ფიქრის ძალაც არ მაქვს, რომ სამი დღეა, ლაშა გამოვიდა…
ჯანდაბა… მგონი ცა მოიწმინდა. რა გულისამრევად ცისფერია ყველაფერი! ბედი არ მაქვს, ვეღარაფერს მოვიმიზეზებ. მარი მამშვიდებს, ხუთი გოგო ვართ და ნურაფრის შეგეშინდებაო. მართლაც და როდემდე ვიყო შიშში, მომბეზრდა. ჯანდაბას, ერთ ჭიქას გადავკრავ და სახლამდე ტაქსით წამოვალ. მარის არ სჯერა ცრურწმენების, მე კი კარგ ნიშნად მიმაჩნია, რომ წუხელ მამამისი დამესიზმრა… ერთადერთი ნორმალური ადამიანი იმ ჯოჯოხეთში.
მოვდივარ, მარ. არა, არ მიტყდება… რაც გინდა ის უქენი მაგ კაბას. ეს ჭიქა რომ გატყდა, შენი ბრალია, არ უნდა დაგედო რაფაზე! დაიკიდე, მოვწმენდ. მოვიდნენ გოგოები?კარგი, ჩადი, მე ჩავიცმევ და და ორ წუთში სადარბაზოსთან ვარ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებისკენ გადაიდგა, ესაა ხელმოწერა სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი ევროსაბჭოს კონვენციისა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“.
2015 წელს, ოფიციალურად ფემიციდის 19 შემთხვევა დაფიქსირდა. ქალთა უმრავლესობა მეუღლის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის წევრი მამაკაცის მსხვერპლი გახდა.
2015 წელს, ქალთა მოძრაობამ საქართველოს 13 ქალაქში გამართა პერფორმანსი, სახელწოდებით – „არ გაათხოვო“. აქციის მონაწილეები არასრულწლოვანთა „გათხოვების“ საკითხის სამართლებრივ რეაგირებას ითხოვდნენ.
2015 წელს საქართველოში 611 არასრულწლოვანი დაქორწინდა.
მათი 95% გოგონა იყო.