მეგი თედორაძე

სოციალურ მედიაში ყოფილი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ოთახში, სადაც კიდია ერთი ცალი ყვითელი ნათურა და დგას დიდი სარკე, ყოველთვის გიყურებენ ვიღაცის თვალები. როცა ახალგაღვიძებული ხარ და პირში ჯერ კიდევ გაქვს უცნაური გემო, ეს თვალები აუტანელია. დღესაც იგივე. ავდექი, სარკე კედლისკენ შევატრიალე და საწოლში დავბრუნდი, მერე ხელი სკამისკენ გავწიე და სიგარეტის ძველი კოლოფი მოვსინჯე. ამ კოლოფში კანფეტებს ვინახავ. ერთი ცალი ამოვიღე და პირში ჩავიდე.
შუქის გამორთვა მომინდა, მაგრამ ეს ამჯერადაც შეუძლებელი აღმოჩნდა. შუქი დილიდან საღამომდე უწყვეტად მოგვეწოდება. დღის მანძილზე საჭირო კილოვატების რაოდენობა კონტროლდება. ჩამრთველ-გამომრთველები არ გვაქვს. სიბნელე სიზმრებს აჩენს.
ლარა ჩემი დამხმარეა. ყოველ ოთხშაბათს მოდის და სხვადასხვაგემოიანი კანფეტები მოაქვს. მისი ერთ-ერთი უნარი შუქის გამორთვაა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ვიღაც ჰყავს მთავრობაში და შუქის გამორთვაც ამიტომ შეუძლია-მეთქი. ვუყვარვარ. როცა სიბნელეში ვსხედვართ, ვიცი, ჩემთან მხოლოდ ლარაა – მე ოთხშაბათები მიყვარს. წასვლამდე ლარა მთელი კვირის მარაგს მიტოვებს. საჭმელს შენით ვერ იშოვი, ამიტომ ყველას კანფეტების მომწოდებელი ადამიანები გვყავს.
დღეს ოთხშაბათია. ლარას ზარს ველოდები. ერთმანეთს მოკლე წინადადებებით ველაპარაკებით. ეს აუცილებელია. მანამდე კი ადექი, ხელ-პირი დაიბანე, ჩაიცვი, სარკეში თმა შეისწორე და ყველაფერი მზადაა, ლარაც რეკავს:
აბა, როგორ ხარ?
კარგად. სად ხარ?
გზაში.
ლარა ნახევარ საათში მოდის. სწორედ იმ დროს, როცა სარკეში თმას მესამედ ვისწორებ. კაკუნის ხმაზე გული მიჩქარდება. ყველაფერი იქნება კარგად – ვამბობ ხმამაღლა და კარს ვაღებ. ღრმა სუნთქვა. ერთი. ორი.
ლარა დღეს ძალიან ლამაზია. რა ვქნა, მაინც ვერ მიყვარდება. დღეს განსაკუთრებით ბედნიერიც ჩანს. რა ხდება? – ვფიქრობ.
იდეა მაქვს. საჭმელს რო შეჭამ, ცოტა ხანში შუქი ავანთოთ და ვიდეო ჩავწეროთ, არ გინდა?
კი მაგრამ, რატომ?
პროსტა ტაკ, რა. გავხალისდეთ.
ისედაც კარგად ვარ.
ნახე, რა ხდება. მე გადაგიღებ ვიდეოს, სადაც შენ ილაპარაკებ, რაც თავში მოგივა, ყველაფერზე, მერე ვნახოთ და გავერთოთ. გაასწორებს, რა. მაგარი გასართობიაო, მითხრეს. თან, შენი ხმის ჩანაწერში მოსმენა არ გაინტერესებს?
კარგი, ჯერ ვჭამოთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ.
ლარა შუქს აქრობს და ერთ ცალ კანფეტს მაწვდის. კანფეტის გემო არ მეცნობა, მაგრამ მომწონს. ცოტა ხანში გონება მეწმინდება და ვხვდები, რომ ლარა ძალიან მიყვარს. უთქმელი შეთანხმებების დარღვევა რთულია, ამიტომ ამას ვერ ვეტყვი.
დავიწყოთ?
მოდი.
ყვითელი ნათურა ისევ ანათებს ოთახს. კამერა პირდაპირ მიდგას. მე ლარას ვუყურებ. ის მანიშნებს, რომ დროა, ლაპარაკი დავიწყო. მთხოვს, ადამიანებს ადრინდელივით მივმართო. გულისცემას ვერ ვგრძნობ. არ ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკო. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ეს ქალი ძალიან მიყვარს და მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ესაა ლარა, რომელსაც მოაქვს კანფეტები და რომელსაც ვუყვარვარ და მან ჩემ გამო ლამაზი კაბა ჩაიცვა და ტუჩებიც შეიღება, მერე კი ვიწყებ:
„ქალბატონებო და ბატონებო, მოგმართავთ ყველას, ვინც უყურებთ ამ ჩანაწერს, ან ვინც ნახავთ მას ხვალ ან ზეგ – ახლა მე ვყვირი. ხომ გესმით? ახლა მე ვარ, აი, აქ, ვწერ ამ ვიდეოს და ვყვირი, მაგრამ ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩემი ორატორული შესაძლებლობები თავს მოგახვიოთ, არამედ იმიტომ, რომ ხდება. აი, ასე. მე ახლა აქ ვდგავარ და ვყვირი და ვყვირი და ვყვირი. დაუსრულებლად ვიყვირებ. მე არ ვიცი, რა იქნება შემდეგში, რამე აუცილებლად იქნება, ხომ ასეა? ჩვენ შევწყვეტთ შავი ხვრელის შევიწროვებას, გავანადგურებთ წითელ წიგნში არსებულ ყველა სახეობას და ვეცდებით, გლობალური დათბობის ეპოქას დავუბრუნდეთ. ნუ იცინით, ან იცინეთ, ეს ხომ ძალიან კარგია. როგორ მიყვარს, როცა იცინით. აღარ აშენდება გზები და აღარ გავაუმჯობესებთ ტექნოლოგიებს. ყველაფერი იქნება ბრწყინვალედ, მეგობრებო, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მეც ხშირად მეჩვენება, რომ რაღაც ისე არ იქნება, როგორც მინდა, მაგრამ მერე მოდის ლარა, მოაქვს საწუწნი კანფეტები და მელაპარაკება და ყველაფერი არის ისე კარგად, რომ უკეთესად არ შეიძლება. მე ის ძალიან მიყვარს. ლარა, ხომ გესმის ჩემი? მე შენ მიყვარხარ და ვყვირი. ნახე, რამდენი ხალხი მიყურებს, ხედავ ამ თვალებს? არ გინდა, შენც გიყურებდნენ? მე თქვენ, ყველანი ძალიან მიყვარხართ. რომ შემეძლოს, სათითაოდ ჩაგიკრავდით გულში.“
წყვეტა. ლარა ტაშს მიკრავს. გამომივიდა. არ მინდა, ლარამ კამერა გამორთოს, მაგრამ ვერაფერს ვეუბნები. სარკისკენ ნელა ვაპარებ თვალს. ვიღიმი. ყველაფერი არის დიდებულად. მინდა, ლარას მოვეხვიო და ერთად ვიცეკვოთ. ის უბრალოდ იცინის და ვიცი, ვუყვარვარ, მაგრამ ის უფრო ვიცი, რომ მე მიყვარს.
უნდა წავიდე, გავამჟღავნებ და მერე ერთად ვუყუროთ, კაი?
სად მიდიხარ?
კამერშიკთან. რო მოვალ, დავრჩები.
ლარა კანფეტებს არ მიტოვებს. ეს არაფერია, შემიძლია, ამ მდგომარეობაში საუკუნეები გავატარო, არც მომშივდება, არც მომწყურდება, მთავარი ისაა, რომ ლარა მალე მოვა. ფირს გაამჟღავნებს და მოვა.
ლარა არ მოდის არც იმავე დღეს, არც ხუთშაბათს და არც პარასკევს. ახლა უკვე შემდეგ ოთხშაბათს ველოდები. ვიცი, აქ თავისუფლად გადაადგილება რთულია, ამიტომ ვითმენ. მოუსვენრობა ნელ-ნელა მეპარება. ლარა, სად ხარ, რატომ აღარ მოდიხარ? გთხოვ, მოდი და შეატრიალე ეს სარკე კედლისკენ და გამორთე შუქი და ვჭამოთ კანფეტები და დავიძინოთ ერთად.
მომდევნო ოთხშაბათს, როცა სარკეში თმას ისტერიულად ვისწორებ, ლარა მირეკავს და მეუბნება, ტელევიზორი ჩავრთო. მტვრიან ტელევიზორს სწრაფად ვასუფთავებ, დიდი წვალების მერე გადამრთველსაც ვპოულობ. ჩემ თვალწინ უდიდესი ეკრანი ჩნდება და მე ვხედავ ადამიანს, რომელიც დგას და ყვირის იმაზე, რომ ყვირის. უცებ ვხვდები, ეს ადამიანი მე ვარ, ეს ადამიანი მე ვარ. ლარა, ლარა, ლარა, რა გააკეთე? ეს ხომ მე ვარ. ლარა, რატომ გააკეთე ეს? ლარა, დაბრუნდი, დღეს ხომ ოთხშაბათია, რატომ ვარ ეკრანზე? ეკრანი ყველგან ჩნდება. ყურებზე ხელებს ვიფარებ, თვალებს ვერ ვხუჭავ. ესეც ძველი ხერხია, თვალები ვერავინ უნდა დახუჭოს. ძილშიც ასე გვძინავს – თვალღიებს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ყურებზე ხელების აფარებაა. ლარა, დაბრუნდი და გააქრე ეს ვიდეო ეკრანიდან. გთხოვ, დაბრუნდი, გევედრები, სად ხარ?
თვალწინ ადამიანების არმია ნელ-ნელა მეზრდება. ყველას რაღაც უნდა ჩემგან და ყველას ვეზიზღები. ამ ადამიანებს თვალები საერთოდ არა აქვთ, მაგრამ მხედავენ, შეკითხვებს უწყვეტად მისვამენ და ეს არასდროს მორჩება. არ ვიცი, რა ვჭამე გუშინ და არც ის ვიცი, რატომ ვამბობ იმას, რომ გლობალური დათბობა კარგია, ბედნიერი ვიყავი და ვბოდავდი, აღარ მინდა ამ ვიდეოს ყურება. თქვენ ხომ თვალები არ გაქვთ, საიდან იცით, რას ვაკეთებდი ვიდეოში? წადით, გამეშვით, თავი დამანებეთ. ლარა, წაიყვანე ეს ხალხი აქედან, გთხოვ, გაათრიე ეს ხალხი ამ საგიჟეთიდან, თავი დამანებონ, ჯერ ხომ მხოლოდ დილაა. სად არის ჩემი კანფეტები? არავის თანამდებობიდან ჩამოგდებას არ ვაპირებ, უბრალოდ მოდუნებული ვიყავი, არ ვიცი, როგორ, მოვდუნდი და ავლაპარაკდი და მერე ლარამ მითხრა, ვიდეო ჩავწეროთო და მე ვუთხარი კარგი, გავერთოთ-მეთქი. მეტი არაფერი. რა სისულელეა, რომელ შავ ხვრელზეა საუბარი, არაფერი ხდება. თავი დამანებეთ, წადით. თვალებს ისევ ვერ ვხუჭავ. მინდა, მათნაირი ვიყო, უთვალო სახით, და აღარასდროს დავინახო, როგორ მიყურებენ. სარკისკენ ვტრიალდები და ვლეწავ, მერე ერთ ნატეხს ხელში ვიღებ და თვალში ვითხრი. არ მტკივა. როგორც ჩანს, ტკივილის შეგრძნებებიც წამართვეს, კარგია. ახლა უკვე მეორე ნატეხის მეორე თვალში შეთხრას ვცდილობ, ვერ ვუმიზნებ და საფეთქელზე მხვდება. მომდევნო ჯერზე გამომდის. არც ახლა მტკივა. ვეღარაფერს ვხედავ და აღარც ხმები მესმის. ვფიქრობ, ალბათ, ასეთია-მეთქი შავი ფერი. როგორც იქნა, ვნახე.