ალექს ჩიღვინაძე

ერთი შეკითხვა თბილისელ მოქალაქეებს

რა აზრისა ხართ ყოველდღიურ დემონსტრაციებზე? 

ეთერ აბესაძე
დიასახლისი

ადრე უნდა დაეწყოთ ამგვარი გამოსვლები. უნდა დასდგომოდნენ გვერდში ერის რჩეულ პრეზიდენტს! თუმცა არც ახლაა დაგვიანებული. თქვენ რა, მოგწონთ ეს ახალი მთავრობა?!

მამია ჯოლია,
რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მთავარი ინსპექტორი

წესით და კანონით საგანგებო წესების დროს იკრძალება ყოველგვარი დემონსტრაცია და მიტინიგი, ცხადია, – მშვიდობიანიც. დამყარდეს, ბატონო, მშვიდობა და მერე ვინ დაგიშლის მიტინგს და შენი აზრის გამოთქმას? გუშინწინ ვნახე ტელევიზიით: პირდაპირ შეხტომას აპირებდნენ მთავრობის შენობაში… ჰოდა, ასეთ დროს წყლის ჭავლის მისხმაც აღარ გამკვირვებია. 

იამზე ჭელიძე 
პარფიუმერიის მაღაზიის გამყიდველი 

მე ზედმეტი მგონია ეს გამუთავებელი დემონსტრაციები. ამ ხალხს ან სამსახური არა აქვს, ან სახლში არაფერი აქვს საკეთებელი?! ხელისუფლებამ ალბათ უნდა გაამკაცროს თვალყური. სად დადის ეს ხალხი სამუშაო საათებში?! ისედაც უმუშევრებით აივსო ქვეყანა და ამათ სამუშაოს დაკარგვის არ ეშინიათ?! 

ვაჟა დარჩიაშვილი
ეკონომისტი

იარონ კაცო, აშავებს ეს ხალხი რამეს, თუ?! გაუჭირდა ხომ მთავრობას. აბა, ასე ადვილი კი არ არის სახელმწიფოს მართვა… ჯერ სადა ხართ? სამოქალაქო ომი მერე ნახეთ, მიწების განაწილება რომ დაიწყება…

გულადი ბოყოველი 
მოსწავლე

წესით ინტერვიუს არ უნდა გაძლევდეთ, ტყუილს წერთ და იმიტომ. აი, ახლა წავიკითხე თქვენს გაზეთში, გაიმართა დემონსტრაცია და ფუჭი ვაზნები ისროლეს ჰაერშიო. რის ფუჭი! მე ვიყავი იმ დემონსტრაციაზე და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაამსხვრია ჭადრის ტოტები ტყვიამ… წყალიც გვარიანად შემოგვასხეს… თანაც სამი ათასი კი არა, ოცდაათითასი მაინც იქნებოდა დემონსტრაციის მონაწილე…. სიმართლე წერეთ, თორემ აღარ ვიყიდით თქვენს გაზეთს.

გიორგი გრძელიძე
პენსიონერი

მე დიდი დღე აღარ დამრჩა, შვილო, და იქნებ მომავალი მაინც მოესწროს თავისუფალ მშვიდობიან ცხოვრებას… რას ჰგავს ეს? რა დღეში ვართ?! ხომ დავანგრიეთ რუსთაველის პროსპექტი, ახლა დემონსტრაციებია გაუთავებლად. გაზაფხული მოდის და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. ჯობს, დავეხმაროთ ერთმანეთს, ქვეყანას მივხედოთ.

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია?

მურმან ეკალაძე
მეეზოვე

აი, გეტყვით ახლა. დადგება დრო და ვიღაც აგვიხსნის ტრაგედიას, როგორც სიყვარულს აგვიხსნიდა. ყველა, ვინც მოგვწონდა და ვისიც გვჯეროდა, აღმოჩნდება მძღნერის გუნდა. დარწმუნებული ვარ ამაში. 

ლიკა მჟავანაძე
მკერავი

მე დიდი ხანია აღარაფერს არ ვფიქრობ, მხოლოდ თითს მივაყოლებ სტროჩკებს. საკერავი მანქანის ხმით ვცდილობ, სროლის ხმები გადავფარო. არ გამომდის არაფერი. ჩემი ძმა დაიკარგა სადღაც. ვერ ვპოულობთ. მაგაზეც აღარ ვფიქრობ უკვე.

ვალოდია სარქისიანი
პარიკმახერი 

შარში ვართ, გენაცვლე, მაგარ შარში ვართ. ქვეყანა თავზე დაგვემხო. ერთმანეთს მოსაკლავად ვიმეტებთ. ერთმანეთის თვალებში ცქერის ნაცვლად, ერთმანეთის ჯიბეებში ვიყურებით. 

სკენდერ ცივაძე
მეტეოროლოგი

გახუნდნენ ზაფხულის ფერები. როცა მომავალზე ვფიქრობ, მხოლოდ შემოდგომის ხანგრძლივი წვიმები მელანდება. 



რას აზრის ხართ პოეზიაზე?

დემეტრე ნაყოფია
ყასაბი

რა გინდა, რა? რა მეპოეზიება? გუშინ ძაღლი მომიკლა ბრმა ტყვიამ. შეიძლება ის ტყვია მე მომხვედროდა. ჩემს შვილს მოხვედროდა. შენს შვილს მოხვედროდა. გყავს შვილი? 

მერი ქათამაძე
მასწავლებელი

რატომ მეკითხებით? მოგზავნილი ხართ? რა აზრის უნდა ვიყო პოეზიაზე?

ვალერიან გოგოლაშვილი
ჟურნალისტი

იცით, მეც ჟურნალისტი ვარ. გინდათ წაგიკითხოთ ამონარიდი დღევანდელი მასალიდან? წაგიკითხავთ და მერე თქვენ მითხარით, რას ფიქრობთ პოეზიაზე. ავტომატებით შეიარაღებული ჯგუფი მივიდა ბაღდათის საავადმყოფოში და მოითხოვა ნარკოტიკული პრეპარატები. მაგრამ მათ უთხრეს, რომ პრეპარატები შესანახად შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში არის წაღებულიო. ამ ამბავმა განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინა ნარკოტიკული პრეპარატების მაძიებელ ყაჩაღებს. მისმენთ? არა, კარგად მომისმინეთ. სასწრაფოდ გაეშურნენ მილიციის შენობისკენ და მუქარით შეეცადნენ შიგ შესვლას. სად მიდიხართ? კოლეგავ, არ გაინტერესებთ როგორ დამთავრდა ყველაფერი? კიდევ გუშინ მოხდა. საქართველოს რესპუბლიკის დამწვრობის ცენტრში შეიჭრნენ და ნარკოტიკების გატაცების მიზნით მოახდინეს ავტომატური გასროლა…. 

ახლა, ამ წუთას რა გენატრებათ ან ვინ ყველაზე მეტად?

ელენე ბარბაქაძე
მოფარიკავე

გაგიკვირდებათ და მენატრება ჩემი ახალგაზრდობა. ყოველღამე მივტირი ჩემს ახალგაზრდობას. ძველ დროს მივტირი. გრძელ დღეებს. უსაქმურობას. მზეს. არ ვიცი. გაქრა ეს ყველაფერი. აღარ არის. 

ლალი იაშვილი
ბაღის აღმზრდელი

რა მენატრება? რა მენატრება და ის დრო, როცა არ მეშინოდა. გუშინ ჩვენი ბაღი გაძარცვეს. წაიღეს ავეჯი, ჭურჭელი, სათამაშოებიც კი. ხელებმოტეხილი თოჯინაც კი წაიღეს. ჩვენს უბანში უკვე მესამე ბაღი გაძარცვეს. ალბათ დაცული რომ არ არის, იმიტომ. თუმცა დღეს ვინაა დაცული. მენატრება ძველი დრო. ძველი დრო, როცა გარეთ გამოსვლა მიხაროდა. გმადლობ. 

რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

სამანტა პატარაია
რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

თავისუფალ დროს ვლოცულობ. თვალებს ვხუჭავ და ლოცვაში მეძინება. ჩიტებს მოაქვთ ზარების რეკვა. ზარების რეკვას ღრუბლების დენა. ღრუბლებს სიზმრები. სიზმრებს მოაქვთ ჩემთვის ღვთის გაფურჩქვნა. იცით, რა სურნელი აქვს ღმერთს? 

რამაზ გველესიანი
ჯამბაზი

თავისუფალ დროს ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთო თავისუფალ დროს.

ვალოდია პეტროსიანი
პურის ქარხნის დარაჯი

მე არ ვიცი სხვანაირი დრო. მე სულ თავისუფალი დრო მაქვს. სულ. ვკითხულობ. ქარხანას წრეებს ვარტყამ. ხარბად ვისუნთქავ ახალგამომცხვარი პურის სურნელს. ვუყურებ რიგებს. გრძელ და ჭრელ რიგებს. პურს, ხელიდან ხელში გადასულს. დარცხვენილ მშობლებს ვუყურებ. კიდევ ვაწყობ რადიოს. მინდა ხალხს ველაპარაკო იმაზე, რაზეც ვფიქრობ. კარგია, რომ გამაჩერეთ და კითხვა დამისვით. გამიხარდა. 




ანა ილურიძე



2019 – დაბნელების კალენდარი

6 იანვარი – მზის დაბნელება
21 იანვარი – მზის დაბნელება

2 ივლისი – მზის დაბნელება
17 ივლისი – მთვარის დაბნელება

26 დეკემბერი – მზის დაბნელება

გავლენები (ანუ 20 ივნისის ღამე)

დაბნელება დრამატული მოვლენაა, რომელიც იწვევს ცვლილებებს, დისბალანსს, რასაც თან ახლავს ახალი შესაძლებლობები და გაუთვალისწინებელი მოვლენები. დაბნელებებს მოაქვს სინათლე, აჩქარება, სიახლე და მოქმედებს, როგორც ცვლილებების კატალიზატორი. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც დაბნელების პერიოდში ხდება, იძენს განსაკუთრებულ ენერგიულ და დროით განზომილებას.

დაბნელებას აქვს ბინარული ხასიათი და მოქმედებს ორ პოლარულად დაპირისპირებულ მოცემულობას შორის. ამ პერიოდში, ყველაფერი, რაც იყო დამალული და უარყოფილი, ამოდის ზედაპირზე, სრული სიმართლით, ხელახალი გადამუშავებისთვის.

დაბნელების პერიოდში ხდება ძირითადი, რთული სამუშაოს შესრულება – ეს არის დაბნელების მთავარი „საჩუქარი“. ეს სამუშაო მიმართულია ძველი, დაგროვილი, ცუდი ენერგიების წინააღმდეგ და ემსახურება ახალი, უფრო ნაკლებად მანკიერი სისტემის შექმნას.

დანაკარგი ან დასასრული, რომელიც დგება ამ პერიოდში, წარმოადგენს იმ აუცილებელი ტრანსფორმაციის ნაწილს, რომელიც შეიძლება სრულად განჭვრეტადი არ იყოს დაბნელების პერიოდში. (ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის განვითარებული სისტემა იმისთვის, რომ დაინახოს და ირწმუნოს მომავალი). ნებისმიერ შემთხვევაში, დაბნელებას მოჰყვება პოზიტიური ცვლილებები და სისტემური განახლება.

მნიშვნელოვანია, რომ განახლება იყოს რაციონალური და გააზრებული პროცესი. ნებისმიერი მცდელობა, შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომელიც მოაქვს დაბნელებებს, მოიტანს ტკივილს, ქაოსს და სიცარიელეს.