გიორგი მუხაძე

სპიცი

ამონარიდი დღიურიდან და სცენარზე სამუშაო რვეულიდან
2009-2019

ინტ. სკოლა, დერეფანი. დღე
ზარი დაირეკა, დერეფანში ვდგავარ , თათიას (16) ველაპარაკები. ზურგში ჩხვლეტას ვგრძნობ, თათია ფითრდება, ბეჭის მხარეს აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. ვერ ვხვდები, რა ხდება.კუნთში გაიარა, ფილტვი ნეკნმა დაიცვა, წესით ტკივილი ვერ უნდა მეგრძნო, სპიცი ხომ უმტკივნეულოა, წვრილი და გრძელი. სხეულში უმტკივნეულოდ შედის , ჭრილობა გარედან არ ჩანს, შიდა სისხლდენა იწყება და სწრაფი სიკვდილი. გადავრჩი, რადგან ნერვს მოხვდა, ტკივილი აუტანელია, მუხლებზე მოწყვეტით ვეცემი. თათია არ იძვრის. უკან ვიხედები. ჩუქჩამ (16) დამარტყა. ჩუქჩა მაღალი ხუჭუჭა ბიჭია, სქელი ტუჩები აქვს, გოგოებს მოსწონთ, სასწავლო ნაწილსაც მოსწონს, ისეთი ბიჭია – მოუხელთებელი, შარიანი, წესებს არღვებს, უბანში სახელი აქვს, მოკლედ დიდი დედამოტყნული ვინმეა. ჩუქჩა ლექსებსაც წერს.

ჩუქჩას ლექსი

ალბათ ასეა,
დროა, უკვე ცოლი შევირთო.
ალუჩას სოფლად რა ხანია
შვილი გაუჩნდა…
ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა
გაზაფხული.
მე მინდა ქალი ტანადი
და სრული,
დიდგვაროვანთა შთამომავალი,
თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,
რომელიც ქრის
მხოლოდ ერთი მიმართულებით.

ჩუქჩას აფხაზეთზეც ქონდა ლექსი, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ.

ინტ. სკოლის დერეფანი. დღე

ძირს ვგდივარ, ჩუქჩა თავზე მადგას. იცინის ეს ნაბოზარი, გაქცევასაც არ აპირებს.
მე
რატო დამარტყი?
ჩუქჩა
კაი რააა, გიბწკინე
მე
შენი დედა მოვტყან!
ჩუქჩა სახეში წიხლს მირტყამს. ტკივილის დროს უცნაურ, აუტანელ სუნს ვგრძნობ. თათია კივილს იწყებს. საკლასო ოთახების კარი ხმაურით იღება, ვითიშები.

ინტ. საოპერაციო პალატა. დღე

მეტალის საოპერაციო მაგიდაზე მუცლით ვწევარ. თეთრ ნათებას ვხედავ. მეტალის კონსტრუქციებში ქირურგების და ექთნების გაწელილი სილუეტები მოძრაობს.
ქირურგი
ბეწვზე გადარჩი
ნარკოზი არ გამიკეთეს, ბეჭის მხარე მთლიანად გაბუჟებული მაქვს. ვგრძნობ, რომ მეხებიან, რაღაცებს მირჭობენ, მაგრამ არ მტკივა, ვცქმუტავ.
ქირურგი
გტკივა, კაცო?
მე
არა
ქირურგი
გრძნობ ხო, უბრალოდ?
მე
ხოოო, რა ხდება?
ქირურგი
შენ მოყევი აბა, რა დაგემართა?
მე
ლურსმანი შემერჭო.
ქირურგი არ მპასუხობს. შეშინებული ვარ, ხელზე სიგარეტის სუნი ამდის, დედაჩემი იგრძნობს სიგარეტის სუნს, მიხვდება, რომ ვეწევი. ვნერვიულობ.

ინტ. საავადმყოფოს პალატა. დღე

„ათარბეგოვზე ვარ” ძალიან ლამაზი შენობაა, სულ მომწონდა. პალატაში შარდის სუნი დგას. დედაჩემი საწოლის კიდეზე ზის. მეგონა შეშინებული და დამფრთხალი იქნებოდა, მაგრამ არა, მშვიდია, ჩემი ხელი უჭირავს, ის ხელი, რომელზეც სიგარერტის სუნი ამდის. არაფერს მეკითხება, თითქოს ყველაფერი იცის. ყველაფერი გასაგებია, იცის, ხვდება, რომ დამნაშავის სახელს არ ვიტყვი. თავში ჩუქჩა მიტრიალებს. რა უნდოდა, რას მერჩოდა? წელს სკოლაში ერთი ბიჭი უკვე მოკვდა, ჩემი სკოლელი გოგოც მოკლეს, სადარბაზოში დაჩეხეს. ტელევიზორში აცხადებენ, რომ კრიმინალური სამყარო დამარცხებულია. ჩუქჩა „მომავლების“ მეგობარია. ჩუქჩა თვითონაც „მომავალია“. ჩუქჩა სოლოლაკის მომავალია. ერთხელ ჩუქჩამ მითხრა, „შენ ამ უბნელი არ ხარ და სოლოლაკის საქმეებში ვერ ჩაგახედებთო“. ჩემი სკოლა, მანთაშოვის სკოლა, სომხურ-ქართული სკოლა.
ჩუქჩამ ჩემამდე სომეხ ბიჭს გაუტეხა თავი. უფრო სწორად, ჩუქჩამ ჩხუბი დაიწყო და სხვამ გაუტეხა თავი. ბლანტი სისხლი გასდიოდა თავიდან. ჩუქჩამ და ბიჭებმა, „მომავალმა“ ბიჭებმა სასწავლო ნაწილს აუხსნეს, ჩხუბი რის გამოც მოხდა. თურმე სომხებს ქართული დროშა მოუხსნიათ. სასწავლო ნაწილი გაგებით მოეკიდა ჩუქჩას და ჩუქჩას მეგობრების გაბრაზებას, ხდება ხოლმე, ბიჭები არიან. ჩუქჩა ისეთი ბიჭია, ქიციც იცის და ქიცმაცურიცო, ასე თქვა სასწავლო ნაწილმა, რომელიც ბაყაყს ჰგავს, ნამდვილი ბაყაყია მოკლე, ქერად შეღებილი თმით. პოეზია უყვარს, განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველა და კიდე ჩუქჩა, ნოდარ დუმბაძეც უყვარს, იმიტომ, რომ გურულებს კარგი იუმორი აქვთ. ვარდების რევოლუციაზე წვიმაში იდგა, მაგრამ სულ ამბობდა, რომ შევარდნაძე ჭკვიანი კაცია, დიიდი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ქართული კულტურის ქომაგი. დაწყებით კლასში ეკლესიაში დავყავდით, მთელი კლასი, კვირაობით ვეზიარებოდით, ნაცნობი მღვდელი იყო და გვაზიარებდა, ცოდვებს ფურცელზე ვწერდით, მერე ბოტანიკურ ბაღშიც ვსეირნობდით, ეს ყველაფერი მშობლებს სულ რაღაც 10-15 ლარი უჯდებოდათ. დედაჩემის ხმა მაფხიზლებს.
დედა
დაიძინე, უნდა გეძინოს ბევრი.
მე
სახლში როდის გამიშვებენ?
დედა
ერთი ღამე უნდა დარჩე აუცილებლად, მერე ვნახოთ.
ბებო ნამცხვარს გიკეთებს, დიაიძინე ეხლა.
თვალები მეხუჭება მეძინება.

ინტ. პალატა. დღე

მეღვიძება, პალატაში ისევ მარტო ვარ, მიმაგრდება. როცა მიმაგრდება, ესე იგი ჩემ სკოლელ თათიაზე ვფიქრობ. შავგვრემანია, ცხვირზე პირსინგი უკეთია. თათიას ტანგა აცვია, ფოსფორისფერი. ამბობენ, ჩუქჩამ გასახდელში მოტყნაო. მე მწყინს, არ მომწონს, მოტყვნას რომ ამბობენ, თან ეგრევე ჩუქჩას და თათიას ვხედავ. ჩუქჩა ჩემი მტერია, ჩუქჩამ თათია მოტყნა და მე სპიცი გამიყარა, ჩუქჩა ქართულ ცეკვაზეც დადის, თათიაც დადის ქართულ ცეკვაზე. ჩუქჩა და თათია ერთად დადიან გასტროლებზე, ანტალიაში. ჩუქჩა და თათია ტყნაურობენ. ოთახში დედაჩემი შემოდის.
დედა
ყველამ იცის, ვინც იყო.
მე
რა?
დედა
ჩუქჩა, თუ რა ჯანდაბაცაა, შენ კლასელ გოგოებს

მე არ ვპასუხობ, ხმას არ ვიღებ. იმედი მაქვს, რომ ჩუქჩას გარიცხავენ, ან დაიჭერენ, ან მაგრად
სცემენ.
რამენაირად უნდა დაისაჯოს ჩუქჩა.
დედა
პოლიციამდე არც მისულა საქმე, ექიმმა დაწერა,
რო ლურსმანი შეგერჭო. დედამისმა დამირეკა და
ძაან მთხოვა, შემეცოდა.
ვბრაზდები. ჩუქჩას არ დასჯიან, დედამისი არ დასჯის. ვღიღინებ. რატომღაც ჩუქჩას ამოჩემებულ სიმღერას ვღიღინებ.
ჩუქჩას ამოჩემებული სიმღერა:

Been spending most their lives
Living in a gangsta’s paradise
Been spending most their lives
Living in a gangsta’s paradise
Keep spending most our lives
Living in a gangsta’s paradise

ეს სიმღერა ძალიან ძველია, მაგრამ მაინც არ ივიწყებენ „მომავლები“. ჩემი კლასელები სკოლის ჰიმნს წერდნენ ამ სიმღერის მოტივებზე, ტექსტი ჩუქჩამ დაწერა.

ამონარიდი ჩუქჩას ჰიმნიდან
უწვერული ჭაბუკი ვარ, მერსედესით დავტასაობ,
დამიდექით ნალუბოი, ჩესნად ვამბობ, არ ვღადაობ.

ჩუქჩა მამამისის მერსედესს იპარავს ხოლმე. მთაწმინდისკენ ვიღაც ბიზნესმენი დიდ, მრგვალ სახლს აშენებს. კუხო მომიყვა: „ჩუქჩა და თათია გავატყანი მთაწმინდაზე რო სტროიკაა, მანდ მამამისის „ცე ელ კა“-ზე ტყნავდა თათიას, ზედ კაპოტზე, ისე მაგარი ცელკა მუტელია თათია“ . დამამახსოვრდა, დამამახსოვრდა იმიტომ, რომ „ცე ელ კა“ მერსედესი და ცელკა მუტელი უცნაური დამთხვევაა. ისე, თათია პაატას „BMW”-შიც დამინახავს, პაატას რატომღაც პატას ეძახიან, სულ სკოლის ბუფეტში ზის, პატა და ჩუქჩა არ მეგობრობენ.
დედა
რას ღიღინებ?
მე
რავი…
დედა
ძააან ვნერვიულობ, სამაგიეროს
ხო არ გადაუხდი, შენც მაგათნაირი ხო არ ხარ?
სხვაგან უნდა გადაგიყვანო.
მე
მაინც აღარ ვივლი სკოლაში.
დედა
კარგი რააა..
მე
კაი რააა, ხო ვამბობდი, არ გამიშვა-თქო.
დედა
ახლა მე მაბრალებ?
მე
არ გაბრალებ, უბრალოდ, ხო ვამბობდი
არ წავალ-თქო.
დედა
სულ აცდენ, ისედაც…
მე
მიხვდი ხო, რატო ვაცდენ?
დედაჩემი ჩუმდება. იცის, ყველაფერი კარგად იცის.
დედა
ექიმმა თქვა, სპიცი დაარტყესო, ეგრევე
კლავსო, მოსაკლავად გაგიმეტა.
მე
ხო…
დედა
ველოსიპედისგან აკეთებენო…
მე
დედა, ველოსიპედისგან არა (ვიცინი),
ბორბლისგან, წვრილი ხაზები რო აქვს, მაგას ლესავენ,
სპიცები რააა, ლესავენ მაგრა, მაგარ ტარს უკეთებენ.
დედა
ვიცი, რაღაცა საშინელებაა..

სპიცი, ველოსიპედის სპიცი. ბავშვობაში მყავდა პატარა სამთვლიანი წითელი ველოსიპედი, თუთის ხის ქვეშ ვსეირნობდი, თუთას ვჭყლეტდი. ჩემს ველოსიპედს სპიცები არ ჰქონდა, მეტალის მთლიანი თვლები ჰქონდა. დედაჩემს მობილურს ვთხოვ, ვგუგლავ. ვპოულობ სტატიას, დედაჩემს სპიცის ფოტოს ვაჩვენებ.

ვპოულობ კომენტარებს ფორუმზე:

ეხლა ვკითხულობდი რაღაც თემას, სახელი არ მახსოვს ლოლ, და ყველა წერდა, მაგარი თესლა რაღაც არის და კლავსო.
იქნებ სურათი მაინც დააგდოთ .
ველოსიპედის ბორბლის ჩხირებია, მოაძრობდნენ, ალესავდნენ და დაჰქონდათ ხოლმე მამაჩემის თაობის ვოლკებს.
რა შით, ეს თუ გაგიყარეს, პონტია, გადარჩე, თუ არ მოასწარი მისვლა სადმე უცებ. რო დაგარტყან, ვერც იპოვი დარტყმულს.

დედა
ცხოველი, სასიკვდილოდ გაგიმეტა.
მე
კაი დეე, რაა, არ ვკვდები,
ხო ხედავ.

სიკვდილის გაგონებაზე ცუდად ვხდები, ჩემი სკოლელი ბიჭი მახსენდება, რომელიც მოკლეს. იმ კიბეზე მოკლეს, სადაც პირველად იარაღი ვისროლე. ჰაერში ვისროლე ჩემი კლასელის იარაღი. უცნაური გრძნობაა, როცა ხელში იარაღი გიჭირავს. ყველა განგსტერული ფილმი გახსენდება, ჯეიმს ბონდიც გახსენდება. ჩემს სასწავლო ნაწილს კუკარაჩა ახსენდება, შვიდი ტყვია, ჰაერში გასროლილი შვიდი ტყვია, ვისვრით და გავრბივართ, მეზობლები ხედავენ. ამ ამბიდან ერთ თვეში იმავე ადგილას, გრძელ კიბეზე ჩემ სკოლელ ბიჭს კლავენ, შეიძლება იგივე იარაღითაც. წელს ბევრ სკოლაში მოხდა მსგავსი ამბავი, თითქმის ყველა ელიტურ სკოლაში, მხოლოდ ელიტურ სკოლებში ხოცავენ ერთმანეთს ბავშვები, ყველაზე მდიდარი, კარგად ჩაცმული, განებივრებული ბავშვები ესვრიან ერთმანეთს. პალატის კარი იღება. ჩუქჩა, დედამისთან ერთად. მოხდენილი დედა ჰყავს ჩუქჩას, მაგრამ დედაჩემი უფრო ლამაზია, უფრო ჭკვიანი, უფრო შეგნებული, უფრო ღარიბი, ვიდრე ჩუქჩას დედა, მაგრამ მისი შვილი არასდროს გაუყრის სპიცს არავის, მარტო იმიტომ, რომ ვინმეს მოკვლა თუ გადაწყვიტა, უფრო ლამაზ, ესთეტურ ფორმას იპოვის, ვიდრე ჩუქჩა და ჩუქჩას დედა – ბავშობიდან შეაჩვიეს სილამაზეს. მე და დედაჩემი ჩუმად, ხმის ამოუღებლად ვუყურებთ ჩუქჩების ოჯახს. ჩუქჩას დედა მანქანის გასაღებს ატრიალებს, ჩვენ „მარშუტკით“ დავდივართ. მხიარულად ვესალმები ჩუქჩას, ბოდიშის მოხდის ფორმალური რიტუალური რომ შევუმსუბუქო. ვიღიმი, ხელს ვუწევ.

ჩუქჩა
მაგარია, აცდენ გაკვეთილებს
ჩუქჩა იდიოტივით იღრიჭება, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს სასიკვდილოდ არ გამიმეტა. ეს ნაბიჭვარი იცინის, ალბათ უხარია , უბანში ღადაობს.
მე
ჰოოო, მაგარია
მინდა წამოვდგე და ყელში ვწვდე ამ ნაბოზარს, თავი ვარტყმევინო რაფაზე. ყველაფრისთვის, თათიას გამო, სპიცის გამო, იმიტომ, რომ ასეთი ნაბიჭვარია.
მე
შენც აცდენ ხოო?
ჩუქჩას ვუყურებდი და ვხედავდი, ნანგრევებში როგორ კოცნის და ეფერება თათიას, როგორ შლის თათია გარუჯულ ფეხებს, როგორ ათავებს თათიაზე ჩუქჩა, გარუჯულ ტანზე, გარუჯულ ლამაზ ფეხებზე. ვხედავდი თათიას მორცხვ მზერას გათავების მერე. ამ დროს მე და ჩუქჩა ვერთიანდებით, მე და ჩუქჩა ერთი ვართ.
POV (Point of view) თათია ორივეს გვიყურებს და სპიცი. ჭრილობა ამტკივდა, გამაყუჩებელი უნდა დამიმატონ, სახლში მინდა, ჩემს სახლში, ცუგასთან, მე კიდე ამ ნაბოზვარს უნდა ვუსმინო, ვუთმინო და ვეღრიჭო. მე ხომ კარგი ბიჭი ვარ, უნდა ვაპატიო, მე და დედამ უნდა ვაპატიოთ. ჩუქჩას დედამ მღვდელთან წაყვანა შემოგვთავაზა, დედაჩემი მოკლედ უჭრის, რომ არ გვაინტერესებს, რომ არ არის საჭირო ჩვენი ოჯახების გაერთიანება და დამეგობრება, რელიგიურ, სპირიტუალურ კავშირში შესვლა. სპიცი, რომელიც გაგვაერთიანებდა, ერთ მუშტად შეგვკრავდა, დედაჩემი და ჩუქჩას დედა ერთად დალევდნენ ყავას, მოწევდნენ სიგარეტს, სალონში ივლიდნენ, ერთად დაისვენებდნენ, გაირუჯებოდნენ, ერთმანეთს გასარუჯ კრემებს წაუსმევდნენ… ვერ მოგართვით, დედაჩემი ჭკვიანი ქალია, მორჩა, გათავდა. ამ კლოუნების ოჯახს პალატიდან ვისტუმრებთ.
ძლიერი ტკივილი. თითქოს თავიდან მიყრიან სპიცს, თავიდან მერჭობა, დედაჩემი ექთანს ეძახის, გამაყუჩებელს მიკეთებენ, ტკივილი გადი , მეძინება.