ივა ფეზუაშვილი

რონინი

ბასრი, როგორც სამურაის ხმლის წვერი,
ძვალს და რბილს ჭრის მენტალური სამართებელი.
1
დარდი რამ რომ მომეძალება და კაეშნად ვდგები, ვდგები და ვტოვებ ყველაფერს, რაც კი რამ მაბადია და ბებიაჩემისეულ ერთოთახიან ბინას ვაფარებ თავს. ადგილს, სადაც რომ გავჩნდი და სადაც რომ რატომღაც ყველა ნიღაბი მეხსნება და ვარ ის, რაც ვარ და არაფრით ვარ ის, რაც ჩემს თავს ბავშვობის სიმართლეებს მერე დავაშენე და მითუმეტეს არ ვარ ის, რასაც რომ ვთამაშობ, ნუ, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით, რომ ეს გაქცევებიც თამაშია, და თამაშია ის ყველაფერი, რასაც გაქცეულები ვაკეთებთ და დაბრუნებისას ხომ მითუმეტეს…
ბებიაჩემისეული სახლი იქნება ასე ოცდაათ კვადრატულ მეტრზე გაშლილი, მარტოობის ბუნაგი, შუშაბანდს ბოლოს საერთო აბაზანით და საკუთარ სამალავში შემოსვლამდე სხვისი სამზარეულოს გამოვლის აუცილებლობით და ტერიტორიულად მაინცდამაინც ყველაზე ტურისტულ მიდამოებში, მოკლედ, აბანოებს გაღმა, კლასიკურ თბილისურ ეზოში, რომელმაც რომ ყველანაირი რომანტიკა დაკარგა და რომელშიც რომ აღარ არიან აქაურობის სული და გული ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები და მათ ადგილას და მათ ბინებში ბუდობენ შაბათ-კვირის მდგმურები და ძირითადად ის რუსები, სასტუმროზე რომ ზოგავენ ფულს და რომ არ ზოგავენ თავს და შიგ თბილისის გულში რომ უნდათ ჭუჭყიან ცერა თითებზე წამოცმული ფლოსტების ტყაპუნი და აი, ეგრე, წლების შემდეგ ისევ სამურაის გზას შემდგარმა გავიარე მეზობლის სამზარეულო, ორწუთიან სალამ-გამარჯობად დავდექი, მოვიკითხე ყველა, ვისაც ვიცნობდი და გავიგე, ვისი გაცნობა არ ღირდა ამ აწ უკვე ჰოსტელად გადაქცეულ ეზოში და მერე კი ჩემს სიმარტოვეში ჩავეწე.
ბრიყვნი ამბობენ, კაეშნად დგომა ისეთ რამ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორც ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ხმალ და ხმალ ფარიკაობააო, მაგრამ კარგი გული მაშინათვე სცნობს, ამ კაეშანში რამდენი დაბლაგვებული და გინამც გადატეხილი მახვილია და მოდი, ურვისაც ვთქვათ და ვთქვათ, რას მოაქვს დარდი და რას ნაღველი და ვთქვათ, როგორ შეიძლება დადარდიანდე, როდესაც სულში სამურაის ზრდი და თუ რამ სამყაროში ხელის მოცარვა გიგემია, სულ ყველაფერში საკუთარ თავს სთვლიდი დამნაშავედ და ეძებდი მიზეზებს და ასწორებდი გამრუდებულებს და სახავდი მიზნებს და კიდევ და კიდევ რომ მარცხდებოდი, ვითომ მაგით ხომ ძლიერდებოდი და ხომ იყავი ნამეტანი მორალური კანონით და კანტი ხო იყო კანტი? და ე, მაგ კანტს მიუმატე ბუშიდოს მთელი ფილოსოფია და ნახე, რა ნაღვლად დაიღვრები, როდესაც ერთ-ერთ ნარინჯიან დილა-ბნელზე მიხვდები რომ სულ შენში ვერ იქნება პრობლემა და რაც არ უნდა ამპარტავანი ამარცხო და ლეწო და განდევნო საკუთარი შიგანიდან, გარე სამყაროში დაგიხვდებიან ისეთები რომლებსაც მორალური კანონი კი არა შუბლის ძარღვი არ აქვთ და ისეთებიც რომლებსაც შუბლის ძარღვი კი არა მაჯისცემაც არ აქვთ და ისეთებიც რომლებსაც მაჯისცემა კი არა, ეგება და გული არ აქვთ და თუ გული არ აქვთ სული როგორღა ექნებათ და თუ ადამიანს სული არ აბადიე – ადე, აიკარ გუდა ნაბადი და დადექ განდეგილად და მიუწექ გვერდით მხოლოდ იმ ერთს, ვინამც რომ ამ მრუმე ფიქრების კბოდესთან მდგარს, ხელს კი არ გკრავს, პირიქით გულს ჩაგიკრავს და ექნება საბავშვო საპნის სუნი და კრიალა მაჯები და იქნება შენი მშვიდი ძილის კეთილი ფერია და გეტყვის –

“მოველ, რომ მიხმე, მე ვერ მეჭვ მოსვლისა დაზარებასა
ტანს ვიხდი, ტანი ალმასი ძევს საწოლისად კვნესასა”,
ვუბრძანე: „შენ ხარ წამალი კაეშნით სნეულისასა,
მკერდს შუა ხალი, კრთომად კრთის, შვებაა ამ ძრწოლისასა

მას ღამე დიდად ვიამე, ვნების საწყისთან წოლითა;
დიაცს უნდოსა გვარადა ვეხვევი ყელსა ყელითა ბროლითა,
დაბანგულ ბანგი გონება, ძრწის იდუმალი ძრწოლითა,
გული მხეც-ქმნილი დამშვიდდა, არ ეწამების რბოლითა

ჰოდა ქალისაც ვსთქვათ, თან დილაა და თან გაიღვიძა და თან რა ლამაზია ეს ოხერი, დარდს და ჭმუნვას ზურგშექცეული, მუდამ ღიმილად დამაშვრალი, ზოგნი ფატალურს რომ უხმობენ და სინამდვილეში ღვარძლი რამ რომ არ აქვს გულში და თვალებში რომ ყავს ეშმაკები და ისიც ისეთი კეთილი, ზოგ-ზოგიერთის ანგელოსებს რომ ათას გზის სჯობია და ათას ერთი გზის და ღამის ცხოვრება გვაქვს გამოვლილი და არიან ისეთებიც ჩვენს ურთიერთობას პათოლოგიად რომ ნათლავენ და არიან ისეთებიც ვინამც იტყვიან – ამ ორს, მონასა და მხევალსა ღვთისას, ბავშვობის დროინდელი სიყვარული და ალები ჯერაც არ ჩასწვიათ და თუ ესე გააგრძელეს დაღუპავენ მათ გზაზე შემხვედრ და შემხიდებელ ყველა მდედრს და დაღუპავენ ყველა მამრს, რამეთუ ამ ორს ზიარი ჭურჭლიდან უსვიათ დარდიც და სიხარულიცაო და ამა ამბებისა მთქმელნი იქნებიან მართლები ცამდის და ცის იქითაც რამეთუ არის რაღაც აუტანლად წებოვანი სიბილწე ჩვენს ურთიერთობაში და არის ამავდროულად საბავშვო საპნის სუნად გაჟღენთილი გრძნობა რომელსაც რომ სიყვარულს უხმობენ და მოდი ე მაგ სიტყვის ბედი, განგებამ განაგოს, რამეთუ დიაცს უნდოს ცნობად ვიცნობ იმ უხსოვარი დროიდან როდესაც დედაი ჩემი გუვერნანტკად იდგა მამისეულსა მის სახლში და ზრდად ზრდიდა, უმცროსეულსა დასსა მისსა და ზაფხულის ცხელ დღეებს ოჯახი მისი და შესაბამისად ჩემიც ვატარებდით ზღვიან ქალაქში სადაც ჩემი კნეინა ფიჭვნარში ჩამოკიდებულ ჰამაკებში ნება-ნება ირწეოდა და მე კი ვრეცხავდი მამამისის მანქანას და ვაკეთებდი წვრილს რასმეს საქმეს სახლისას და ჯიბის ფულს ვშოულობდი და თუ ეს ჯიბის ფული თავიდან ტკბილეულის და ალაგ-ალაგ ნაყინის ყიდვაში იხარჯებოდა, წლების და კომპლექსების მატებასთან ერთად, იეფიან სპირტში დავუწყე დახურდავება და ჯერ კიდევ უწვერული, ჩუმ სმად ვიყავი დამდგარი და ეგება ე მაგ ალკოჰოლის სუნმა, ანამც ჩემმა ჯიუტმა მუდამ საკუთარ ფიქრებში თავჩარგულობამ გაუჩინა პირველი ინტერესი, თანაც სეზონის ისეთი მიწურული იყო, როცა კი რომ ყველა მისი მეგობარი და სკოლის ამხანაგი, რომლებიც მთელი ზაფხული ამ უზარმაზარ სახლს უწევდნენ ჭერს, უკვე ქალაქისკენ მიმავალ მატარებლებში ისხდნენ და ვიჯექი ჯდომად ზღვის ნაპირზედ, გასაშლელ სავარძელში და წვიმად წვიმდა და ამიტომ ვაფარებდი თავს ქოლგას და ფორთოხლის წვენში გაზავებულ “საჩვენოს” ტალღების მიქცევასთან ერთად ვაყოლებდი კრიალოსანზე ჩამოთვლილ დარდებს და მოსვლად მოვიდა მამამისის სასმელებიდან მოპარული ჯინიანი ბოთლით და გამომიწოდა დასალევად და სიფრთხილედ გადავიექცი რამეთუ ვინ-ვინ და მამაი მისი აუცილებლად ამოიცნობდა ამ ჯადოსნური სითხის სუნს ჩემს ბახუსში და რა-რა და ქურბაცაცას სახელი არ მაწყობდა და გავუმხილე დარდები ჩემი და პირველი ყლუპი თავად ქნა და თავად მოსვა და მომიჯდა და თითო ყლუპზე მიყვებოდა წარსულისას და მომავლისას და წარსულისა იყო ჩვენი ბავშვობა რომელიც რომ სულ სხვადასხვანაირად გვქონდა გატარებული და ნუ იტყვი და თურმე ხანდახან ისეც ხდებოდა რომ წინა წლის ზაფხულიდან საერთოდაც აღარ ვახსოვდი და მიყურებდა როგორც სრულიად უცხოს ვისმეს და ნუ იტყვი და თურმე დედაის ჩემს ჯერ არ უთქვამს ჩემთვის მაგრამ, ეს ზაფხული იქნება უკანასკნელი რომელსაც ამ ფიჭვებს შორის გავატარებთ და მერე კი დაითხოვენ და გაუყენებენ ისევ სიღარიბის გზას, რამეთუ სკოლის ასაკმა მოუწია მის აღსაზრდელს და აგერ თითონ კი კნეინამ სკოლა დახურა და უფრო დიდი ცოდნის ტაძრის კარის გაღებას აპირებს და ნუ იტყვით და თურმე ესე ტაძარი არა ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში არამედ მის საზღვრებს მიღმაა და აი ამიტომაც დილით რომ მეგობრები გააცილა, იმათ პირობითადღა ჰქვიათ მეგობრები რამეთუ, დიდი რამ სულიერი შეხება მათთან არა ჰქონია და მითუმეტეს ექვსი წლის თავზე, მაგისტრად დასაბრუნებელს უკვე წინასწარ ეზარებოდა მათი სახელების, სახეების და უაზრო ინტერესების გახსენება და მოსვამს კიდევ ერთ ყლუპს და კიდევ ერთ ამბავსაც მოყვება და რაღაი ბარისა ითქვა, ეხლა მთისას იტყვის და გაიხსენებს ერთს უცნაურ ამბავს რომელიც რომ ბავშვობაში შეგვემთხვა, ზღვის დონიდან უკიდურესად დაშორებულ დედიმისისეულ სამფლობელოში, მაშინ როცა მე ხისგან ბეჭედი გამოვუჩორკნე და მან რომ კოცნად მაკოცა და აქ იქნება მცირე პაუზა, სულის მოსათქმელი ანამც შესაკუმშველი და ვთხოვ რომ განაგრძოს მოყოლა და იმ სათუთი მოგონებების გახსენება, მაგრამ გახსენებად აღარ დაშვრება და მკლავს კაუჭად გამოსდებს ჩემს კისერს და ტუჩს ტუჩთან მომიტანს და ჩურჩულს გამოაყოლებს

უბრალო ხალხთან მინდა ცხოვრება
მსურს რომ უბრალო ხალხივით ვიყო, მეც
საწოლს გავუყოფ უბრალო ხალხს და
საწოლს გავუყოფ უბრალო ხალხს
და შენც

მერე რომ წლები გავა, ახალი ბატონის კარზედ დავდგები ჯამაგირად და გადაღებად გადავიღებ გადაცემებს და გინდაც სერიალებს და წერად დავსწერ წიგნებს და შეკოწიწებულ ფულს აღარაფრის დიდებით აღარ დავხარჯავ ალკოჰოლში და დავხარჯავ ვალების მოსუფთავებაში და შვებად ქმნილი, უკვე კაი მამაძაღლი მუტრუკი, ვიყიდი ბილეთებს დიდი ბრიტანეთისკენ, სადაცა რომ ერთ, არც თუ ისე პატარა ფესტივალზე, ათასი ჯურის და სხვადასხვა ეტაპზე ჩემი ცხოვრების შემამსუბუქებელი მუსიკების ავტორები, ზოგნი მთლად ახალგაზრდანი და ზოგნი მთლად მობერებულნი ქნარზე ჰანგად დაღვრიან თავიანთ მუსიკას და სანამ ამ ფესტივალზე შევაბიჯებ და სანამდის აღთქმულ კუნძულზე დავადგამ ფეხს, ვინაიდან და რადგანაც გეზს ისეთი პროვინციიდან ვიღებ როგორიც ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტის ქალაქია, მომიწევს თურქეთის თვითმფრინავთა სავანეში გაჩერება და სიგარეტის მოსაწევად განკუთვნილ გალიაში ვნახავ მას და ჩემს ხისტ სახეს მისი ღიმილი მოარჯულებს და წამათრევს სადღაც ლაუნჯში სადაცა რომ საჭმელებს უფასოდ არიგებენ და სასმელებსაც და გავიკვირვებ დიდის გაკვირვებით ამ ყველაფერს და რცხვენით ვიტყვი რომ ფრენაი ესე, ჩემთვის პირველი ფრენაა და გამომკითხავს მიმართულებებს და მიზნებს ჩემი მოგზაურობის და ალაგ-ალაგ ტელეფონში ჩაძვრება და მოქექავს იქ ყველაფერს იმ ფესტივალის შესახებ რომლისკენაც რომ მივეშურები და თვითმფრინავის ჭიშკრამდეც მიმაცილებს და სანამ მშვიდობიან ფრენას ვუსურვებთ ერთმანეთს ისიც ჩადგება მგზავრთა რიგებში და რას შვები-მეთქი კითხვით ვკითხავ და აი ზემოთ ნახსენები ეშმაკებიანი თვალებით გამიღიმებს და…
მერე მე ვიდგები მასთან ერთად მის აწ უკვე მშობლიურ საუნივერსიტეტო ქალაქ რიდინგში სადაც რომ ვინმე ჯარვის კოკერი, ამჯერად უკვე ორიგინალ ენაზედ იმღერებს იმას რასაც მე ანაზდად ვუთარგმნი ვითარცა –

მართლა გინდა,
უბრალო ხალხთან ერთად ცხოვრება?
გსურს იმას ხედავდე, რასაც ეს ხალხი ხედავს დღეს
საწოლს უყოფდე უბრალო ხალხს და
საწოლს უყოფდე უბრალო ხალხს
და მეც?

და ღმერთებო, რამდენი რამ ცოდვის დატრიალება შეუძლია, სიღარიბეში გაზრდილ, დამწყვდეულ, ბავშვის სულს თუ გალიის კარს გაუღებ და თავისუფლებას აგემებ და რამდენი ნეტარების შეგროვება შეუძლია და როგორ შეუძლია იყოს ბედნიერი თუგინდ იცოდეს რომ ამ სრულყოფილ სიხარულს აუცილებლად სრულყოფილი კატასტროფა მოჰყვება და მოჰყვება პირველი ხარაკირი და პირველი ხრამში გადაჩეხვა მაგრამ ღარიბი ბავშვის სული მაგ ყველაფერზე არ ფიქრობს, ღარიბი ბავშვის სული დემონებს მიერეკება და ის კი არ იცის რომ ერთ გაგდებულ დემონს სხვა ათასი და იქნებ ათი ათასიც კი მოჰყვება და მოჰყვება მერე კაეშანი და დარდი რამ და ბებიისეულ სახლში სევდაში ჩაწობა, რამეთუ სამშობლოში მასთან ერთად დაბრუნებული, რამდენიმე თვეზე გადაწელილი ღამეული პაემნების და მიჯნურობის შემდეგ, დილის შუქზე გაიგებ რომ სანამ მისთვის წაწალ იყავ, მანამდის შენი სწორფერი ქორწილს გეგმავდა და გეგმავდა ისეთ კაცთან რომელსაც რომ მისთვის ბროლის სასახლეების და გიშრის ტბების მოწყობა შეეძლო და რომელსაც რომ უბრალო ხალხთან არც არანაირი საერთო არ ჰქონდა და არც უნდოდა რომ ჰქონოდა და გეგმავდა ისეთი შავ-ბნელი ამბებს რომელშიც რომ არც მეტი არც ნაკლები შენი სატრფოს და მომავალში სხვისი მეუღლის მეჯვარეობის როლი გერგო და სამურაი ის კი არ არის ვინამც რომ თავის ბედზე წუწუნებს, სამურაია ის, ვინამც რომ მუხლებზე ჯდება და ვუ თენგის ხმლის წვერით, გულ მუცელს იშიგნის და აი ეგრე გამოშიგნული, ცოცხალი მკვდარი ვიყავ მის ქორწილში და როცა კი რომ ყველა ერთობოდა და როკავდა და ცეკვავდა, მე სადმე მიმალულ ადგილას ვიჯექი და მოვიდა მოსვლად და ხელში კვლავ ჯინიანი ბოთლი ეჭირა და შევუქე ცინიზმი და ჩემი ესე გამასხარ-გაპამპულავება და მხარი მხარს მომადო და “სხვანაირად ვერ შეგეშვებოდიო”-ესე თქვა და ის კი აღარ უთქვამს საერთოდ რატომ უნდა დაენებებინა ჩემთვის თავი.
და ღმერთებო, რამდენ რამ უფსკრულზე გადახტომა შეუძლია, სიღარიბეს თავდაღწეულ, თავისუფლება ნაგემ, ღარიბი ბავშვის სულს. როგორ შეუძლია რომ ნაკუწ-ნაკუწ აქციოს ვარამი და ისე გააქროს როგორც ჯადოსნური მანტია აქრობს მის მომცმელს, მაგრამ ვერც მანტიის შიგნით მყოფი დაიმალება უსასრულოდ და ვერც ვარამს და სულის იარებს აკუწავ ისე წვრილად რომ კისერზე მძივად ჩამოიკიდო და მოვა ჟამი და ჟამიანობა და შენ რომ გეგონა მყუდრო სამალავი გქონდა, რომელშიც კარგად იმალებოდი, აღმოჩნდება რომ სინამდვილეში არც არავინ გეძებდა, რამეთუ ვისთვისაც ამ სპექტაკლებს თამაშობდი, მისთვის ყოველთვის ერთი ხელის გაწვდენაზე იყავ და როგორც კი მოგიხმო მიხვედი და ხმობა ესე კი გავდა მოთქმას, დატირებას დედისას, რომელსაც მუცლად ჰყავდა ნაყოფი და დაკარგა ისე რომ ტირილი რომ ტირილია, ისიც კი არ გაუგია საკუთარი ჩვილის და იყო გოდება და ყველაფერში გამარჯვებულს რომ სამყარომ აჯობა, აღარ მოუნდა გვერდით არავინ ჩემს გარდა და მეც მივედი პირველივე დაძახილზე… დანარჩენი კი ისტორიაა რომელიც ბებიაჩემისეულ ერთ ოთახიანში გვაბრუნებს,

2
ფარისეველნი ამბობენ, სადაცა ვდგავართ აქამდის ჩვენმა გაკეთებულმა არჩევნებმა ანუ არადნებმა მოგვიყვანაო, მე კი გეტყვით რომ ჩემი დიაცის არჩევანი არ ყოფილა არც გათხოვება და მითუმეტეს არც მუცლის მოშლა და ვერც სასოწარკვეთისას ჩემთან დარეკვას ჩავუთვლით არჩევნად და ვერც ჩემზე იტყვით რომ მის დაძახილზე მივიდოდი თუ არ მივიდოდი ამ ორს შორის დილემად ვიდექ. აქამომდის რაც მოხდა, ისე მოხდა გეგონება დაწერილ ჰყოფილიყოს და ვინმემ სადმე, რამე მხარი არ გამკრას და ბედისწერის ნდობის ტრფობაში და ეგეთ მიამიტურ ამბებში არ დამდოს ბრალი, არჩევნის არ ქონაზე ვქარგავ აბზაცებს და არა ბედისწერებზე, მაგრამ აი ეგ საბედისწერო ამბებიც მოხდება.
მანამდის კი, ჩვენი პირველი არჩევანისა ვთქვათ და ვთქვათ რომ ჩვენ ავირჩიეთ მალვაში ყოფნა რამეთუ და რადგანაც მეჯვარის ვალია ქორწილს მერე, გოლგოთის გზაზე მიმავალი თვისი საჯვროს, ტვირთის რამ სიმძიმე გაიყოს და არავითარ შემთხვევაში სარეცელი, რამეთუ წყეულ იქნება ის და მისი შემდეგი შვიდი თაობა და აი ეგრე დაწყევლილები ვაფარებდით თავს ბებიაჩემის ერთ ოთახიანს სადაც რომ ჩვენი ცოდვის მოწმეებად იდგნენ ფარღალალა კედლები და ამ კედლებს მიღმა მცხოვრები ტურისტები რომლებიც თუ ჩვენს ამბავს მიწაში არ ჩაიტანდნენ, ყოველშემთხვევაში სხვა ქვეყანაში მაინც გაიტანდნენ და ეგება და იქ არც არავის გაკვირვებოდა რომ ორი ერთმანეთს ყვარობს. მეორე არჩევანი კი აი ამ უცხო ქვეყნების და იქ გადახვეწისა იყო, იყო საღამო, იყო დილა – იყო, ორიათას ჩვიდმეტი წელიწადი და ასმერაღაცე დღე ჩვენი დევნილობისა თუ განდევნილობისა თუ საზოგადოების ჩვენგან განდევნისა, თუ ამ საზოგადოების მორალისგან განდეგისა და ამ ას რაღაცა დღეში მან იცხოვრა უბრალო ხალხივით, ტაშს უკრავდა მათთან ერთად და იღიმოდა მათთან ერთად და იარა მეტროთი და ავტობუსით და ფეხით და მიატოვა სამსახური თვისი რომელიღაც სამინისტროს, ღმერთმა უწყის რომელ უწყებაში და მიატოვა ქმარი და მამისეული ქონება და მთელი ის სიკეთეები რაც რომ ამ თვალმარგალიტებს და ბრჭყვიალა ნივთებს მოსდევთ და მოაქვთ და აქამდის სტერილურ გარემოში მყოფი, განკაცდა და დაჯდა მარჯვენითა სიღარიბისათა და მალი-მალ სინზე მორთმეულის მაგივრად დაიწყო თავისით ფიქრი და მიზნების დასახვა და მიზანი იყო ქალაქ ბერლინი, სადაც რომ დოკუმენტაციების და რეზიუმეების გაგზავნა-გამოგზავნის შემდეგ მას შეაგებეს სახლი, კარი და ორ წლიანი სტიპენდია და მე კი ცარიელ ტარიელი ენის კურსები და იმედი რომ სადმე რასმეს ჯამაგირს გამოვკრავდი ხელს გინამც დამლაგებლად და გინამც მიმტანად.
მაგრამ სანამდის მთავარ არჩევნებს ბოლომდე გავყვებით საბედისწერო ამბებისაც ვთქვათ და ვთქვათ ამ საბედისწერო ამბებში გაკეთებული პატარა არჩევნებისა და ამ პატარა არჩევნების გავლენისა დიდ არჩევნებზე და ვთქვათ რომ დევნილობის ოთხმოცდამერაღაცე დღეს, ასს რომ ბევრი არ უკლდა, ისე მოხდა რომ ჩემი წიგნი რაღაცა ჯილდოზე წარადგინეს და ამ ყველაფერმა დიდი რამ ინტერესი თუ არ აღძრა ჩემში, სამაგიეროდ აღძრა სურვილი რომ ქვეყნიდან გადახვეწამდე დავმშვიდობებოდი იმ ხალხს რომელსაც რომ პატივსა ვსცემდი და რომელიც რომ აუცილებლად მოიყრიდა თავს ამ გალა დაჯილდოებაზე, სადაც დიდი ოდენობით და სულ უფასოდ არიგებდნენ ალკოჰოლს და იყო ალკოჰოლი და იყო ღვინო და ღვინო იყო წითელი და ღვინო იყო თეთრი და ეს ორი ფერი ფენა-ფენად იზილებოდა ჩემს მუცელში და ქმნიდა ვარდისფერს სათვალეს და ტყამპალებდა და ჯაყჯაყებდა ტვინი და ლხინად ვიდექ და სიცილად და ამბების მოყოლად და მომავალზე ლაპარაკად და წარსულზე ქადაგად და ხვევნა კოცნა იყო დამშვიდობება და ზურგზე ხელების ტყაპუნი და სიგარეტის მოკიდება იყო სახლამდე გზის დასაწყისი, როდესაც ქუჩაზე ანაზდად მიმავალმა, ნამეტანი სწრაფად მოსრიალე ზვიგენისებრი მანქანა დავინახე და ასე განსაჯეთ ამ მანქანის მძღოლი რომ საგზაო მოძრაობის წესებს არღვევდა, მის გვერდით მჯდომ ჯეელს მთლად იარაღი ჰქონდა ფანჯრიდან გადმოყოფილი და იქნევდა ვითარცა მარაოს და რომ ჩამიქროლა მანქანამ და შესაბამისად იარაღის ლულამაც, ჩამიქროლმა პანიკურმა შიშმა რომ ერთი რამ პატარა ორმოში ბორბლის ჩარტყმა და ეს იარაღი გაისვრიდა და უაზროდ ნასროლს თუ გავარდნილს კიდევ უფრო უაზრო, აბსურდული სიკვდილით შეიძლება მოეკლა ვინმე, ყოვლად უდანაშაულო ადამიანი, რომელზეც წინასწარ ძალიან ვდარდობდი და ვბჭობდი ჩემს თავში და სიმთვრალეშე ამოვლებული და მქონდა ორი არჩევანი რომ დამერეკა პოლიციაში და ნასვამს და ცოტ-ცოტა ნარკოტიკებში გახლართულს თავი გამერისკე ანუ შარში გამეყო, ანდაც წავსულიყავი ჩემი გზით, ანუ სახლში და დამეძინა ისეთი ძილით რომელიც ყველაფერს დაგავიწყებს და მე შეიძლება მეორე არჩევანი გავაკეთე და მომდევნო დილას თვალ გახელილს ჯერ ბახუსმა ამოფორიაქა გული და საზარელ რამ თავბრუსხვევაში გამომატარა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში შემხვდა სტატია სადაცა რომ სულ წვრილ-წვრილად სწერდნენ წინა ღამეს ვიღაცის მანქანიდან გადმოყოფილი, რაღაც იარაღით, შემთხვევით მოკლულ ადამიანზე და მე ეგება მუხლებზე დავეცი და რიგით მეათასე ჰარაკირი დავუპირე ჩემს თავს ანდაც შეიძლება წინა ღამეს საერთოდაც სხვანაირად მოვიქეცი და სახლში წასვლის მაგიერ პატრულში დარეკვა გადავწყვიტე როგორც უბრალო, რიგით და კარგ მოქალაქეს შეშვენის და პოლიციის ოპერატორს, სულ ხუთოსანი მოსწავლესავით ჩამოვურაკრაკე სად და რა და როგორ ვნახე. მერე შეიძლება რამდენიმე წუთში უკვე ტაქსიში მჯდომს და ელბაქიძის აღმართზე მიმავალს პოლიციის ოფიცერმაც კი დამირეკა და მითხრა რომ თუ ჩვენებას არ მივცემდი და არ დავბრუნდებოდი მის კვადრატში, ანუ ქალაქის იმ ნაწილში რომელშიც რომ ის ოპერირებს, ჩემი განცხადება დარჩებოდა ჰაერში გამოკიდებული და საქმეს პროცესი არ მიეცემოდა და მე მაშინ ეგებ ტაქსის მძღოლს ისიც ვუთხარი რომ მოდი ჩემმა მზემ, მართალი საქმე ვქნათ, მანქანა მოვაბრუნოთ და მივიდეთ პოლიციის ოფიცერთან რომელიც ღმერთმანი, ძალიან შეწუხებულია და დახმარებად იწვის-მეთქი. მერე შეიძლება ისიც მოხდა რომ პოლიციის ოფიცერს ჩემს სიფხიზლეში და შესაბამისად ჩვენებაშიც ეჭვი შეეპარა და შეიძლება ისიც იფიქრა, შარს რამეს გადამყრისო და ალბათ თავი დაიზღვია როდესაც მითხრა, მგონი სჯობს მთლად განყოფილების უფროსს დაელაპარაკოო და მე ეგებ დიდად არ მინდოდა მაღალწოდებიანებთან ლაპარაკი, მაგრამ ბევრი რამ არჩევანი არ მქონდა და დინჯად ჩავჯექი ლურჯ-წითელ სირენებიანი მანქანის უკანა სალონში, როგორც ვინმე დამნაშავე და შეიძლება მთელი გზა დაბნეულობისგან და შიშისგან და ცუდი წინათგრძნობისგან რაღაცეებს ვმასხრობდი და ვლაზღანდარობდი კიდეც და ალბათ პოლიციის ოფიცერი და მისი კოლეგაც გადასარევად მომყვებოდნენ იუმორში და ხუმრობებში და შეიძლება აქეთაც მეხუმრებოდნენ, მაგრამ როგორც კი პოლიციის განყოფილებაში შევედით, იუმორი და ღიმილი ერთდროულად გაუქრათ სახიდან და დამსვეს მოსაცდელში და სიტყვა დატოვეს ეს უფროსს უნდა შეახვედროთო და დაიხურეს ქუდი და წავიდნენ და მერე მოსაცდელში მყოფს ეგებ ისეთი ამბებიც გადამხდა როგორიც რიგით და წესიერ მოქალაქეებს არ უნდა ემართებოდეთ, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა და და შეიძლება ისიც მოხდა რომ რამდენიმე ხნიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციის განყოფილების კარი გაიღო და ჩემთვის იქამდე უცნობი პოლიციელი შემოვიდა ოთახში და დიდად შეწუხდა ჩემი ალკოჰოლის სუნით და სავარძელში მოცდად მყოფს ერთი გემრიელად წამითაქა და რას კადრულობ მზერით რომ წამოვუხტი, მეორეც მშვენივრად მომაყოლა და მესამესაც გაიმეტებდა, იქვე მოფუსფუსე მის კოლეგებს რომ არ ეთქვათ ეგ დაკავებული არ არის, უფროსს ელოდებაო და უფროსის გაგონებაზე შეიძლება ეს ახალ მოსული მეტანიებადაც კი დამიდგა და შეიძლება, მე ცოტა ხმამაღლა და უსიამოვნო ტონით ვლაპარაკობდი და საერთოდ შეიძლება ვყვიროდი კიდეც და შეიძლება ამ ხმაურზე თუ ჩოჩქოლზე თუ უსუსურობის ხრიალზე გამოიხედა განყოფილების უფროსმა და თავისთან მიხმო და სულ წვრილ-წვრილად მომაყოლა ჩემი გზა ვიდრე დაჯილდოებიდან, მის კაბინეტამდე და ეგებ ძალიან დიდი ინტერესითაც კი მისმინა და შიგადაშიგ სადაც საჭირო იყო სინანულთაც გაიქნევდა ხოლმე თავს და ალბათ მე დეტალურად ვუხსნიდი ზვიგენისებრი მანქანის ზომებს და ფორმებს და ფერს, რომელიც ზუსტად მახსოვდა რომ თეთრი იყო და შეიძლება მანქანის აღწერილობისას მის თვალებში რაღაც გაოცების თუ გაკვირვების მაგვარიც კი დავინახე ან შეიძლება ძალიან მთვრალი ვიყავი და გრძლად-გრძლად ვუყვებოდი საიდან სად და ზუსტად როდის ჩაიქროლა ეჭვმიტანილმა და ვეუბნებოდი რომ მე შეიძლება პოლიციელი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მაგ ალაგებში სათვალთვალო კამერებია და ჩემის აზრით არ უნდა გაგიჭირდეთ მავანის გამოჭერა-მეთქი და პოლიციის უფროსმა ეგებ ისიც მითხრა, მართალი ხარ დროის დაკარგვა არ გვაწყობს და მიდი ეგ ყველაფერი როგორი დაწვრილებითაც მე მომიყევი, იგივე მონდომებით დეტექტივსაც უამბეო.
შეიძლება ვამეტებ, ან შეიძლება ვაშარჟებ ან შეიძლება სრულ სიმართლეს ვამბობ და დეტექტივი მართლა იღლიებს იბანდა, როდესაც მის ოთახში შევედი და შეიძლება მერე ეს იღლიაში ამოსმული ხელი მართლა გამომიწოდა და მართლა კინაღამ გული ამერია, არ ვიცი. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ ძალიან მრუმე ოთახში შემიყვანა და ძალიან წვეტიან კითხვებს მისვამდა და იმდენად იარაღიანი ჯეელით არ დაინტერესებულა რამდენადაც მანქანის ფერით, ფორმით და მოდელით და ლამის ფოტო რობოტის დახატვის შემდეგ, შეტევაზე გადმოვიდა და შეიძლება ძალიან ცდილობდა რომ ჩემი მონაყოლი შეელამაზებინა და სიტყვა “დავინახეს” მაგივრად, სიტყვა “მომეჩვენა” და “იარაღის” მაგივრად კი “იარაღისებრი ბლაგვი საგანი” ეხმარა, მაგრამ მე ალბათ ძალიან მყარად ვიდექ ჩემს პირველ ჩვენებაზე და მილიმეტრით არ ვაპირებდი არც მარჯვნივ და მითუმეტეს არც მარცხნივ გადახვევას და შეიძლება ჩემმა სიჯიუტემ ძალიანაც გააბრაზა და შეიძლება მაგიდას ხელიც კი დასცხო და ვიღაც გოგოს დაუწყო ძიება, რომელიც ამ ამბავში ძალიან წვრილ როლს თამაშობს, მაგრამ თქვენი მონა მორჩილის მომდევნო წიგნში მთლად მთავარი გმირია და სანამ დეტექტივი ჩემი მომავალი წიგნის, მომავალ მთავარ გმირს ეძებდა, მე ვიჯექი და ვათვალიერებდი კედლებს და ვითვლიდი ბუზებს და ოთახის კუთხეში დასჯილი მოსწავლესავით ჩუმად, ხელბორკილად მჯდარი კაციც კი შევნიშნე და შევნიშნე რომ მალი-მალ სიგარეტზე გაყვანას ითხოვდა, რაც თავის მხრივ იქ მყოფ პოლიციელების ღიმილს და ღლიცინს იწვევდა და ეგებ ესეც კი ეუბნებოდნენ – შენაო დილით ხომ მოგაწევინეთ ერთხელ, შენი თავი სასტუმროში ხომ არ გგონია, მოითმინე ცოტაც, ახალი სმენა მოვა და ისინი გაგიყვანენ გასაფუილებლადო და მაშინ შეიძლება ბორკილებდადებულმა, სიგარეტი არ მინდა ტუალეტში მაინც შემიყვანეთო თქვა და ალბათ მისმა ასრერიგად თავხედურად წამოსროლილმა რეპლიკებმა საშინლად გააბრაზა და ააყეფა ჩვენი მშვიდი ძილის სადარაჯოზე მყოფი ახრანკები და შეიძლება ისეთ უწმაწურ სიტყვებსაც კი ეუბნებოდნენ რომლების პერეფრაზირებაც აქ არ ღირდეს და ეგებ ამ ყველაფერმა მე ძალიან დამზაფრა და შეიძლება ხმის ამოღება და ამ ტუსაღის დაცვაც კი მინდოდა, მაგრამ ვერც ერთი კანონის წინ დასმული ვერც ერთი ციფრი და ვერც ერთი კანონის აღწერა ვერ გავიხსენე რომ მისი მოთხოვნის ლეგიტიმურობისთვის გამესვა ხაზი და ამიტომ ჩუმად, ჩემს ფიქრებად ჩავრგე თავი და დეტექტივი კი უკვალოდ გაქრა და ველოდე ორმოც-ორმოცდახუთ წუთს და ამდენი სტრესის სხეულში გატარებისგან ნელ-ნელა მთლიანად ვფხიზლდებოდი და შეიძლება ჩემი კნეინა მეძებდა და მესიჯებად იწერებოდა და შეიძლება მე რაღაც სისულელეებს ვატყუებდი, როდესაც დეტექტივმა ოთახში თავი შემოყო და ის გოგო, ვისაც ვეძებ, მალე მოვა თუ ჩვენების მიცემა არ გადაგიფიქრებია არსად წახვიდეო და შეიძლება მე მაშინ სიგარეტზე გასვლა ვთხოვე რაზეც მისი და იქვე მჯდომი სხვა პოლიციელების სიცილი და ღლიცინი გამოვიწვიე და შეიძლება მანდ მივხვდი რომ ჩემს და ამ ბორკილებ დადებულ კაცს შორის, ესენი დიდ რასმეს განსხვავებას ვერა ხედავდნენ და მერე რაღაც დროის შემდეგ სრულიად ფხიზელს ტუალეტში გასვლა რომ მომინდა, ხმა ისე ჩავიკმინდე რომ ფიქრებიც კი სხვა მიმართულებით მივმართე და სადღაც ორ საათიანი ლოდინის და ყურყუტის შემდეგ ყარაული რომ შეიცვალა და ახლებმა ტუსაღი გასაფუილებლად რომ გაიყვანეს მეც მუჯლუგუნების რტყმით და ალმასი სიტყვებით მიმაცილეს ტუალეტამდე და ალბათ იმ მომენტში ისეთი შეშინებული, დამცირებული, დაბნეული, გაუბედურებული და სასოწარკვეთილი ვიყავი რომ ოთახში დაბრუნებულს დეტექტივი და ჩემი წიგნის მომავალი მთავარი გმირი რომ დამხვდნენ, რომელიც მთელ ამ განყოფილებაში ერთადერთი იყო, ვინამც ბიუროკრატიულ ქართულსა ფლობდა და ფლობდა სპეციფიკური განცხადებების და საჩივრების დაწერის უბადლო ოსტატობას, ბევრი აღარ მიჭინჭყლია და ხელი მოვაწერე ყოველად ცრუ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც პოლიციის მიმართ არანაირი რამ პრეტენზია არ მქონდა და არც რაიმე საქმის აღძვრას და ანდაც გამოძიებას მოვითხოვდი და რომ მთელი ეს ღამე იმიტომ დავკარგე რომ “მომეჩვენა იარაღისებრი ბლაგვი საგანი” და უკვე გამთენიის პირას განყოფილებიდან გამოსულს შეიძლება ისიც კი მომეჩვენა რომ თეთრი, ზვიგენისებრი მანქანა იქვე პოლიციასთან იდგა და შიგ ისევ იგივე ხალხი იჯდა და ისევ იგივენაირად ჰქონდა იმ ჯეელს იარაღი გადმოყოფილი ოღონდ ამჯერად უკვე მე მიმიზნებდა და მაშინებდა და მაფრთხილებდა და მერე შეიძლება მანქანიდანაც კი გადმოვიდა და გვერდით ჩავლისას მხარიც კი გამკრა და მომიშვირა ზურგი რომელზეც ასომთავრული ასოებით, ვიღაცის ნატიფ ხელს მოეჩუქურთმებინა სიტყვა – პოლის!
ან…
ან ეგებ დიდი ვირიშვილი ვინმე გამოვდექ და არაფრის დიდებით არ მოვაწერე ხელი ცრუ ჩვენებას და შეიძლება ეს ფურცლები ისტერიკას მიღწეულმა საერთოდაც დავხიე და ეგებ ერთი გადასარევი სილაც დავიმსახურე დეტექტივისგან და ეგებ მეც გავექაჩე და ეგებ ამ გაწევ-გამოწევაში ვიღაცი მუტრუკებმა მომკიდეს ხელი და ეგებ პოლიციის განყოფილების უფროსმა ისიც კი ბრძანა ნარკოლოგიურში უკარით თავი მაგ გარეწარსო და შეიძლება ნარკოლოგიურში ზუსტად იმ ზვიგენისებრი მანქანით წამიყვანეს და ზუსტად იმ ჯეელებმა რომელსაც რომ ორი წუთის წინ ბრალს ვდებდი და მათ ცინიკურ ღიმილთან შეტოვებული, შეიძლება უკვე ისეთი შეშინებული და დაპანიკებული ვიყავი რომ ჩემს ადვოკატთან ზარის უფლებას ვითხოვდი და ეგებ აღარც ვითხოვდი და პირდაპირ ხელში მეჭირა ტელეფონი და ჩემს კნეინას ვურეკავდი რომელსაც რომ იურისპოდენციაში მაგისტრის ხარისხი უმშვენებდა მხრებს და ლამაზ თვალებს და შეიძლება ტელეფონი ესე იმ იარაღიანმა გამომგლიჯა და მძღოლი კი ისევ არანორმალური სოსწრაფით მიექანებოდა ნარკოლოგიურისკენ და სულ ჩამშვებს, დამსმენს და არაკაცს მეძახდა ოღონდ ამ სიტყვების შინაარსის უცენზურო ექვივალენტით და შეიძლება სანამ დიღომს მივაღწევდით, იქამდე ის მეორე ჩემს ტელეფონში იქექებოდა და ეცნობოდა და სწავლობდა ჩემს პირად ცხოვრებას და ღლიცინებდა და სიცილისგან ყბას იგრეხდა და შეიძლება დიღმის ნარკოლოგიურში ბევრი ჩემნაირი უბედური ელოდე თავის ჯერს და ამიტომ ჩემი ადგილი აღარ იყო და ეგებ დიღმის მაგივრად სადღაც ავტობანზეც კი გამაქანეს და შეიძლება ამასობაში იარაღიანმა ჯეელმა ჩემზე ზედმეტად ბევრი შეიტყო და შეიტყო ჩემი მთავარი საიდუმლო და აღარ დასჭირდა ხუთას ლარიანი ჯარიმით ჩემი დასჯა და შეიძლება სადღაც ძეგვის გზაზე გვირაბის ქვეშ მანქანა გააჩერეს და გადმომიღეს და გამეტებით და წიხლებით მცემეს და თან დამყვიროდნენ თუ ისევ ენატანიობას დავიწყებდი, ისინი დაიწყებდნენ ჩემს მორალურ და ფიზიკურ წამებას და ეტყოდნენ ყველას, საერთოდ ყველას რომ ჩემს მეჯვარეს ვყვარობ და ვყვარობ მეტი ტრფობით და ვნებით და მერე დამაგდეს გვირაბს ქვეშ და საკუთარ დაუცველობის და უსუსურობის განცდასთან მარტო დარჩენილმა, ეგებ ისეთი ცხარე ცრემლით ვიტირე რომ ამ ცრემლებმა თვალი ამიხილა და მაჩვენა რომ რაღაც ძალიან დიდი მოკვდა და დაინგრა და მომინდა მთელი სამყაროსგან განდეგილად დგომა. თუ კვდება რაღაც ისეთი, რასაც დიდ ხანს აშენებდი და თუ კვდება უზენაესი ბატონი, სამურაის ვალია ჰარაკირით დაამთავროს სიცოცხლე და თუ კვდება უზენაესი ღმერთი განდეგილში, ვალია მისი ჯაჭვების ჟღარუნით გადაეშვას უფსკრულში, მაგრამ აი ეგ ჰარაკირებიც იმდენჯერ გაქვს გაკეთებული რომ გამორიცხულია ამ ჯერზე გიშველოს და მითუმეტეს ვერ გიშველის უფსკრულში გადახტომა, იმდენჯერ გადამხტარხარ თან იმდენი ხერხით და ისეთი მალაყებით და გინდა ყირამალებით რომ ნამსხვრევებად ქცეულ შენს მეს აღარ უნდა ჰქონოდა კიდევ ერთხელ წამოდგომის ძალა, მაგრამ დგება ეს ოხერი, ყოველთვის დგება და ყოველთვის ადგება და არიან ისეთებიც დაცემას რომ სჩივიან და აი მე კიდე ეს წამოდგომის გარდაუვალობა მადარდიანებს, ყველას და ყველაფერს გაქცეული საკუთარი თავისგან რომ ვერ პოულობ საშველს და სამურაიდ დაცემული რომ რონინად დგები.
3
დარდი რამ რომ მომეძალება და კაეშნად ვდგები, ვდგები და ვტოვებ ყველაფერს რაც კი რამ მაბადია და მაბადია უკვე იმდენად ცოტა რომ სადაცაა გავსხივოსნდები და დღეს მზედ გამოვეკერები, ღამეს კი მთვარედ და აი ეგეთი ცარიელი მივდივარ ნოიკიოლნში და მივდივარ მამა ბარში და ლუდის კათხად ვჯდები ამ მშვენიერ ალაგს, სადაცა რომ ჩემი ჩამოსვლის დროს, ორიოდ წლის წინ, ზუსტად ჩემნაირი, ქვეყნიდან განდევნილები და ეგებ გამოქცეულებიც კი აფარებდნენ თავს და ახლა კი უფრო მეტად ტურისტების დასაჩექინებლად არის ქცეული და ეგების ზუსტად იგივე გრძნობებს იწვევს როგორსაც ბებიაჩემის ერთ ოთახიანი, ჩემი სიმართლის ნავსაყუდელი იწვევდა ხოლმე და როგორც აბანოთუბნიდან განდევნეს ტურისტებმა სომხები და აზერბაიჯანელები, ისე მამა ბარიდან აიკრეს ნაბადი კავკასიონის გამოღმა მცხოვრებმა ხალხებმა და ზოგმა ემიგრანტის სტატუსი შეიფერა და ზოგმა ისევ სამშობლოს მიაშურა და ზოგი კი ალაგ-ალაგ ისევ ისე დადის ამ ბარში მაგრამ მე ვეღარა ვხედავ და ანდაც ვეღარა ვცნობ, როგორც ვეღარა ვცნობ საკუთარ თავს რომელმაც რომ ყველაფერი დაკარგა და გადაახურდავა და გააუფასურა და ჯერ რომ დაკარგა ბებიისეული სახლი, მაგაზე დიდად არც უდარდია, რამეთუ სად-სად და სამშობლოში დაბრუნებას აღარც აპირებდა, მაგრამ მერმის რომ უკვე კნეინასთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა და გაუფუჭდა იმ მარტივი მიზეზით რომ ბერლინი ერთისთვის თავისუფლების, სიყვარულის დაუფარავად გამოხატვის და ქუჩაში ხელი-ხელ ჩაკიდების ქალაქი იყო, ხოლო მეორესთვის დევნილობისა და გაქცევის და ამიტომ ვერ იქნა და ეს ორი, ვეღარ დაჯდა ერთ ტალღაზე და მოუხშირეს ყვირილს და ისეთი უხეში სიტყვების თქმას რომელიც რომ მათ სიყვარულს არაფრით შეეფერებოდა და ორი წლის თავზედ კნეინამ რომ დახურა სამაგისტრო პროგრამა, დაიხურა ქუდი და დაბრუნდა სამშობლოში და ჰქონდა გეგმად უბრალო ხალხის დახმარება და სოლიდარობის ქსელების გახლართვა და ბევრი რამ მემერცხენეული იდეა და აი მეორეს კი აღარაფერი ჰქონდა სულში დარჩენილი და ამ ორი წლის განმავლობაში, ყოველღამ მამა ბარში იჯდა და მისი სამშობლოდან, მასსავით გამოდევნილებს ხვდებოდა და აქვე გაიცნო პოლიციისგან ნაცემი ქართველი პოეტი და აქვე გაიცნო ეკლესიისგან ერეტიკოსად შერაცხული მწერალი და აქვე გაიცნო წინა თუ ახალი მთავრობისგან ნაგვემი ბევრი ვინმე ხელოვანი და საბოლოო ჯამში შედგა ორმოცდაშვიდი განდევნილის, ორმოცდაშვიდი რონინის, ერთი იდეის და ერთი ორბიტის გარშემო შეკრებილი ხალხის ერთობა და ესენი ადრე თუ გვიან, ყველა ერთად თუ ყველა ცალ-ცალკე აპირებდა უზენაესი ბატონის მოკვლის გამო შურისძიებას, თუნდაც მერე სეპუკუთი დაესრულებინათ სიცოცხლე.
ამ ორმოცდაშვიდი რონინიდან, ზოგმა ჩემსავით ვუ თენგის ხმალი ალესა და კრიტიკული ფელეტონების წერას მიჰყო ხელი, ზოგი კი შაოლინელი ბერივით საკუთარი თავის ჩრდილში დადგა და ჩვენ ყველას ერთად, ერთადერთი გეგმა გვქონდა – ლოდინი და გვქონდა იმედი რომ მტერს დავავიწყდებოდით და ლოდინი იყო ის რაც ჩემს კნეინას აღარ შეეძლო და აღარც იმ გაცეცხლების დროს ნასროლი სიტყვების და შურიკენების დავიწყება შეეძლო, რომლითაც ასჯერ და ათასჯერ დავჭერით ერთმანეთი და ვერ დაივიწყებდა რომ ბოლო ორ წელში თავისუფლებაზე მეტი ტანჯვა ვაჩუქე და მიუხედავად იმისა რომ მიყვარდა და მიუხედავად იმისა რომ ვუყვარდი მაინც წავიდა ჩემგან და დაბრუნდა სამშობლოში, სადაც რომ პოლიციელები, მღვდლები და პოლიტიკოსები ჩემნაირ უბრალო ადამიანებს და რიგით მოკვდავებს ასახიჩრებენ და უტოვებენ სულზე იარებს და მოუშუშებელ წყლულებს და სანაცვლოდ კი ხელში აძლევენ ვუ თენგის ხმალს რომლთაც დრო რომ მოვა სულ სათითაოდ დავაჭრით თავებს მაგრამ მანამდის ჩვენი არსებობა უნდა დაავიწყდეთ, მანამდის დაცემის შემდეგ წამოდგომის აუცილებლობას უნდა შევეგუოთ და მანამდის კნეინამაც უნდა დამტოვოს და ყველაფერი უნდა დავკარგო და წასვლის წინ უნდა მკითხოს –

შაოლინის ჩრდილოვანი კრივი და ვუ თენგის ხმლის ტექნიკა.
რასაც შენ ამბობ თუ სიმართლეა, შაოლინი და ვუ თენგი შეიძლება საშიში იყოს.
მართლა ფიქრობ რომ სისტემას ვუ თენგის ხმლით მოერევი?