თამარ შუკაკიძე

დედაჩემის პირისპირ

ოჯახში მთელი ბავშვობა ომის ისტორიები მესმოდა. როცა იკრიბებიან, მათი საუბრის ძირითადი ფოკუსი გალის ერთი პატარა სოფლისკენაა მიმართული, რომელიც მათ მეხსიერებაში სხვადასხვა პერსპექტივიდან დაილექა. თითოეული მათგანის მონაყოლი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. თუმცა, მათ სევდა აერთიანებს. და არა მარტო აერთიანებს, არამედ სწორედ სევდაა ის, რაც მათ ცხოვრებას ამოძრავებს. არ ვიცი, იციან თუ არა ეს, დაკვირვებიან თუ არა საკუთარ სიტყვებს, ქმედებას, დუმილს, მოძრაობას, მაგრამ როცა საკუთარი თავის გაცნობიერების მღვრიე დინებაში შევცურე, ვიგრძენი მემკვიდრეობით მიღებული სევდის ვაკუუმი, რომლის გარღვევას ყოველდღვე ვცდილობ. ჩემსა და მათ მზერას შორის უხილავი კედელია აღმართული. ეს მახსენებს, რომ მე ამ ეტაპზე მათთვის მხოლოდ მსმენელი ვარ, რომელსაც თავის ტყავზე იგივე არ გამოუცდია.
სახლში მხოლოდ ქალები ვართ. კაცები, როგორც ჩვევიათ, გაფანტულები არიან. ჩვენთან ერთად ჩემი დეიდაშვილია, რომელსაც დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. დედაჩემისთვის ანუკი შვილივითაა. ანუკის დედა ცხრა შვილიან ოჯხში მერვეა. დედაჩემმა გაზარდა. საერთოდ, სანამ ჩვენს შვილად ყოლის ტვირთს აიკიდებდა, უკვე ჰქონდა ეს ტვირთი აკიდებული ორი უმცროსი დის სახით. ანუკის დედის გარდაცვალების შემდეგ, როცა ზუგდიდიდან დაბრუნებული მეჩხუბება, მთელ დღეებს გარეთ ვატარებ და სახლში ყოფნა არ მინდა, უფრო სწორად, მასთან ყოფნა აღარ მინდა, ვხვდები, რომ ომი, რომელსაც ის წლების წინ გამოექცა, განახლდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხოა და არ ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე. მასში სიმძიმის ცენტრმა ადგილი იცვალა, და ჩემთვის, როგორც შვილისთვის, სივრცე დავიწროვდა. ამიტომ ამ სივიწროვისგან გაქცეული თავს გასართობებს ვაფარებ. ამხანაგებთან ერთად დავდივარ ტყეში, მდინარეზე. მეზობელ, მიტოვებულ სახლებში. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ჩასული ვარ. ჩემს სოფელშიც, სადაც ვიბადები და ვიზრდები. დედაჩემის მხარეშიც, სადაც პერიოდულად ნათესავების გადასამოწმებლად დავდივართ. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან თუ არა. ცხადია, ჩემი თავიდან მოშორება უნდა. მარტოობა უნდა. დავღალე. მე კი მაინტერესებს, რატომ ვარ ჩემი სამშობლოს ყველა ქალაქში ჩასული. იქნებ უსამშობლოო ვარ?.. იქნებ მიზეზი იმაშია, რომ დევნილების ოჯახში დავიბადე? და მათსავით დევნილობაში ვიმყოფები. თავად თუ ჰქონდა იგივე გრძნობა, როცა იძულებით გადაადგილდა და თავშესაფარს ეძებდა?
ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. სახლის აივანზე ვდგავარ და ვუყურებ, როგორ აიყარა სოფელი და მათთვის გაუკვალავ გზას დაადგა. წინ საქონელს მიერეკებიან. უკან ხალხი მისდევს. ჩუმადაა ყველა. მხოლოდ საქონლის ბღავილი ისმის. ჩვენი სოფელი ახლოსაა საომარ ზონასთან. ყველა მეზობელს ყავს სახლში მამა, ქმარი ან ძმა. ჩვენთან ასეთი არავინაა. ვცდილობ მამაჩემის ხმა გავიხსენო. ბოლო წლებია მისი ხმა მხოლოდ ტელეფონიდან ისმის. ძირითადად თავს ვარიდებ მასთან საუბარს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას მეკითხება, მეტირება. და ყურმილს დედაჩემს ვაჩეჩებ. მე იმ ხმის გახსენებას ვცდილობ, რომელიც ბავშვობაში მესაუბრებოდა. ეს ხმა არ იყო ასეთი უცხო და შორეული. ვნახავ თუ არა ისევ? – ვკითხულობ. შუქი გათიშეს. ისეთი სიბნელეა, ზევიდან რომ დაგვხედო, სიცოცხლის ნიშანწყალს ვერ ნახავ. არ ვიცი, ხვალ გათენდება თუ არა. დედაჩემი აქაურებს არასოდეს მოსწონდათ, ჩვენი სახლის წინ ისე ჩაიარეს, არ მოუხედავთ, არავის შემოუძახია, თავს უშველეთო. უძლურებისა და უიმედობისგან სხეული მიბუჟდება, დედაჩემს ვუყვირი, მიწაზე ვეცემი და ბალახებს ვწიწკნი. მისი არცერთი სიტყვის არ მჯერა. ხომ შეიძლება, სხვებთან ერთად აქაურობას გავეცალოთ.
გამთენიისას კაცის ხმა გვაღვიძებს. მთელი ღამე ფეხით უვლია. მე, ანუკი და ჩემი ძმა მივდივართ. დედაჩემი რჩება. შეიძლებოდა პირიქით მომხდარიყო, ჩემი ძმა დარჩენილიყო სახლში, დედაჩემი წამოსულიყო. არ ვიცი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მგონი ბევრი არც უმსჯელიათ და ისედაც ცხადი იყო. ეხლაც ისე ხდება, როგორც წლების წინ.
ის ნელ-ნელა ახლოვდებოდა, ნიადაგს სინჯავდა. ხალხმა იფიქრა, ჩვენამდე ვერ მოაღწევს, და საერთოდაც მალე დამთავრდებაო. დედაჩემმა ურჩია, რომ დროებით გარიდებოდნენ იქაურობას, დროებით, ვიდრე ვითარება ჩაწყნარდებოდა. ასე გამოემგზავრა მამაჩემი, ორ შვილთან ერთად. დიდი დრო არ დაჭირვებია, მოაღწია. იმაზე მალე, ვიდრე ვინმეს ეგონა. დედაჩემი თავის ნათესავებს აცდა. ისინი სხვა ტრანსპორტით გამოვდინენ. ერთმანეთი მოგვიანებით, ხიდის მეორე მხარეს იპოვეს. როცა ეს ამბები გავრცელდა, მამაჩემი შებრუნდა დაცემულ ქალაქში. რადგან არ იცოდა თავის ცოლი სად იყო. და იქ დაიწყო მისი ძებნა, სადაც დატოვა. ამ მიზანმა მიიყვანა სახლთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთად ააშენეს. სახლს ცეცხლი ახალი წაკიდებული ქონდა, როგორც ყვება დაინახა ისინი, ვინც ერთმანეთის მიყოლებით უკიდებდა ცეცხლს. ერთმა მეზობელმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე. ის ადგილზე მოკლეს.
თბილისამდე შემოვლითი გზებით მივდივართ. ტრანსპორტი სავსეა და ადამიანები სხვადასხვა ინფორმაციას უზიარებენ ერთმენთს. ასე პანიკისგან თავის დაცვას ცდილობენ. გზადაგზა საპატრულო მანქანები გვხდება, ძირითადად კი სოფლები ცარიელია. ფანჯრიდან გადამხმარი ბალახის ველები ჩანს. ამ დღეების შემდეგ, საბოლოოდ მძულდება ზაფხული და სისხლის სუნი, რომელიც ჰაერში დაძრწის.
უკან რამდენიმე კვირის შემდეგ ვბრუნდებით, სახლის წინ ტანკებმა ჩაიარეს და წავიდნენ. ჩემი მეგობარი ამბობს, რომ მეტად აღარ მობრუდებიან და ქვიშაში დატოვებულ მათ კვალს ფეხით შლის. ამის შემდეგ მეზობელ სოფელში, საპატრულო შტაბი შენდება, რადგან საზღვარმა გადმოიწია, თუმცა მათი აქ ყოფნა, ხელს არ უშლის, რომ კიდევ უფრო მოგვიახლოვდეს, ისე, რომ უკვე რამდენიმე კილომეტრში მდებარე ადგილები შემოსაზღვრეს.
გაგონილისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი, როცა პირველად მომიწია გადასვლა, დედაჩემთან ერთად. საზღავარზე შეგვამოწმეს, შემდეგ მანქანაში ჩავსხედით. დედაჩემი დედამისის დასატირებლად ჩამოვიდა. მე იმისთვის,რომ დავიმახსოვრო, როგორ ტირიან დედებს. ბებიამ თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები აქ გაატარა. მისი სურვილი იყო ასეთი. დროებით და ცოცხალი შემობრუნდა და მალევე გარდაიცვალა. უამრავი ხალხია, უმეტეს მათგანს არვიცნობ. ჩემთვის ჯერ არც არავის ცალია. ერთმანეთით არიან გატაცებულები, წლების მერე პირველად ხვდებიან. ეს სახლი დანგრევას გადაურჩა. ზამთარია. დასავლეთში ეს პერიოდი ძირითადად წვიმს. დაკრძალვის დღეც, სხვა დღეების მსგავსია. ცაზე ღრუბელია აკრული. მახსოვს ჩემი სახელი გავიგონე, ვიღაცამ თქვა, თაკოს მიეცით და ხელში ბებიაჩემის ფოტო ჩამიდეს. სასაფლაოს გზა არვიცი, ვიღაც ამბობს, წინ ვიარო, არსად შევუხვიო, უბრალოდ წინ ვიარო. მივდივარ. უკნიდან ტირილის ხმები მესმის, მაგრამ როგორც აქაურობისთვისაა ჩვეული ისეთი არა. ასე წინა დღეებში იტირეს, მთელ ხმაზე. ახლა მოზომილად. დაგუდულად. ჩემს გარდა ვერავინ ნახეს?!. არც გზა ვიცი, არაფერი. წინ სიცარიელეა, რომელშიც ეს ხალხი უნდა შევიყვანო. ძალიან არ მინდა, მაგრამ სიარულს ვაგძელებ. უკან არ ვიხედები. ვიქნები რვა ან ცხრაწლის. ბებიაჩემი არ მახსოვს. იშვიათად ვნახულობდი. ჩემმა ძმამ სადღაც ამ ადგილებში დატოვა მისი ბავშვობა, ვცდილობ ჩემი ძმის ბავშვობა ვიპოვო. იმედი მაქვს, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს სადმე, თავისთვის. თუ ვიპოვი აუცილებლად დავუბრუნებ.
რამდენიმე წლის შემდეგ, სადაც მამაჩემია იქაც საომარი ვითარება ცხადდება. ეგ კაცი სადაც წავიდა, ყველგან ომი დაიწყო. დაბრუნებულს დიაბეტი აღმოაჩნდა და მალევე მარჯვენა ფეხი მოაჭრეს. დამთავრდა მამაჩემის მოგზაურობა. ახლა წონასწორობის შენარჩუნებას ისე მყარად ვეღარ შეძლებს, რომ ახალ ბრძოლაში ჩაებას.
ზღვარი, რომელიც ჩემს სოფელს აკრავს, ისე ნელ-ნელა მოიწევს, რომ ერთ დღესაც შეილება აქედანაც მოუწიოთ წასვლა.
სკოლაში სწავლა დაგვიანებით იწყება. ვუყურებ ჩემს კლასელებს და ვეღარ ვცნობ. აღარ არიან მოზარდები. მათმა მზერამ ზრდა დაასრულა. ჩემს მზერას ვერ ვხედავ. გვირჩევენ, რომ შორს მანძილზე მარტო სიარულს მოვერიდოთ. ყველანი გამოვიცვალეთ.
დედაჩემი ყველა ომთან მარტო აღმოჩნდა. რას აკეთებდა ეს დღეები, როგორ იყო, რა ხდებოდა. რა ფიქრები უტრიალებდა. რისი წინათგრძნობა ჰქონდა. ვდგავარ მის პირისპირ და ველოდები, როდის ალაპარაკდება.