სიტყვის ფესტივალი თანამედროვე ხელოვნებასა და ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა დისციპლინას აერთიანებს. აქ ფურცელსა და ფურცლის გარეთ სხვადასხვა სიტყვა იწერება.
ფესტივალი ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სივრცეში ტარდება. ფესტივალის მიზანია ორი სფეროს, ლიტერატურისა და ვიზუალური ხელოვნების დაკავშირებით ტრანსლაციის ახალი ფორმები გამოიგონოს.
ფესტივალის მიზანია, შექმნას მდგომარეობა, რომელშიც სიტყვები ფურცლებს დატოვებენ და კედლებს, ეკრანებს, ქალაქებს დაიპყრობენ.
2020 წელს სიტყვის ფესტივალი პოეზის ეთმობა. ფესტივალის სახელია "ლექსმა ყველაფერი იცის".
ფესტივალის ფარგლებში ქართველი თანამედროვე ავტორების ლექსების online და offline კრებული შეიქმნა.
თანამედროვე ქართული პოეზიის offline კრებული არასტანდარტული ფორმის არის. წიგნის მაგივრად, კრებული კონვერტია, რომელშიც ლექსები, როგორც წერილები, აუკინძავად დევს.
მკითხველს კონვერტი შეუძლია გამოიწეროს და პოეზიის კრებული, როგორც წერილი, სახლში მიუვა. ლექსები ცალმხრივად არის დაბეჭდილი, შეგიძლიათ კედელზე გაიკრათ, ქალაქში გააკრათ, ან ქარს უმისამართოდ გაატანოთ.
ლექსების შერჩევის კრიტერიუმი ფესტივალის სათაური გახდა- "ლექსმა ყველაფერი იცის".
პოეზია მდგომარეობაა, სიტყვებად ქცეული დრო - წარსული, ზოგჯერ მომავალი.
ახალი ქართული პოეზიის თავმოყრა დროის აღნიშვნის, გადახედვის მცდელობაა.
კრებულში აქცენტი XXI საუკუნის პოეზიაზეა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწერილი სიტყვების გარეშე სათქმელი სრულყოფილი ვერ იქნებოდა.
"ლექსმა ყველაფერი იცის" წერილია. წერილში ბევრი საიდუმლო, ბევრიც გულწრფელი სიტყვაა. ბევრი შეკითხვა, ფიქრი, მინიშნება ან წუხილი. კიდევ ის, რასაც აქ ვერ აღვწერთ, რადგან სხვა სიტყვებით ძნელია პოეზია აღწერო. ან რა საჭიროა?
ერთი სიტყვით, ლექსმა მართლაც ყველაფერი იცის. იცის როგორები ვართ, რაზე ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ, რისი გვეშინია, რა მოხდება. ზოგჯერ ამ ყველაფერს პირდაპირ, ზოგჯერ კი გამოცანად გვეუბნება. რაც მთავარია, იცის ის, რაც ხშირად არ გვესმის ან გვავიწყდება, რასაც ვერ ვხედავთ.
ამიტომაც გიგზავნით ლექსებს წერილად. რომ გავიგონოთ ხმა, რომელიც ხშირად არ გვესმის. გავიხსენოთ, რაც ყოველდღიურობის ხმაურში გვავიწყდება ან იკარგება.

ავტორები:
ზურა ჯიშკარიანი, მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე, ლელა სამნიაშვილი, თაკო შუკაკიძე, სალომე ბენიძე, დათო ბარბაქაძე, თეა თოფურია, დავით ჩიხლაძე, კატო ჯავახიშვილი, შოთა იათაშვილი, ნიკა ლაშხია, ეკა ქევანიშვილი, იაკი კაბე, გიორგი შონია, თორნიკე რობაქიძე, ნინო დარბაისელი, ტატო ჩანგელია, შალვა ბაკურაძე, ნატა ვარადა, დიანა ანფიმიადი, ირაკლი ყოლბაია, პაატა შამუგია, გიორგი ბუნდოვანი, დათო ჩიხლაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ანდრო დადიანი, რატი ამაღლობელი, ბელა ჩეკურიშვილი, ბადრი გუგუშვილი, თორნიკე სიბაშვილი, ლია ლიქოკელი, ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ზაზა კოშკაძე, ნატო ინგოროყვა, კარლო კაჭარავა.
პროექტის კურატორი: მარიამ ნატროშვილი
კონსულტანტი: დავით ჩიხლაძე

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.